Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებისადმი მხარდაჭერას


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკომისარი შტეფან ფიულე ადასტურებენ მხარდაჭერას ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების წელს, ზაფხულში ხელმოწერის მიმართ. მხარდაჭერა ეხება საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასაც. ევროკავშირის ლიდერებმა ეს პოზიცია გამოთქვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ორშაბათს ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას. ბაროზუს განცხადებით, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ბრიუსელში მოელიან, რომ ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს რეგიონის ყველა ქვეყანა: „ყველა პარტნიორისაგან მოველით, პატივი სცენ საქართველოს ამ ნებას. ეს არის კურსი, რომელსაც გავყვებით და ამიტომ არის, რომ ვემზადებით ხელმოწერისათვის, რომელიც - როგორც ცნობილია - ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად გამოცხადდა და იმედია, ხელმოწერა მოხდება არაუგვიანეს აგვისტოსი“, განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ორშაბათს გამოქვეყნდა აგრეთვე ევროკომისიის საგანგებო განცხადება, რომელიც ეხება ირაკლი ღარიბაშვილთან ევროკომისარ შტეფან ფიულეს შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე და ფიულემ ღარიბაშვილს მოუწოდა, კვლავაც დაუთმოს ყურადღება საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების დაცვას.
XS
SM
MD
LG