Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: ”მოქალაქე” განავითარებს ხელისუფლების გასაკონტროლებელ უნარ-ჩვევებს


4 თებერვალს სასტუმრო ”რადისონში” ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის - ”მოქალაქის” - მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. ექსპრემიერ-მინისტრის თქმით, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი გამომდინარეობს საქართველოში არსებული ”ყველაზე დიდი პრობლემიდან”, რაც ხელისუფლების დაქირავებასა და შემდეგ მის კონტროლს უკავშირდება. ”აი, ”მოქალაქე”, რომელიც მე დავაფუძნე, ზუსტად ძირითადი დანიშნულება იქნება მისი ის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს დაქირავნობის უნარ-ჩვევების გაზრდაში, განვითარებასა და მის დაჩქარებაში. და, რა თქმა უნდა, თქვენი როლი არის უდიდესი ამ პროცესში... მე მყავს მხედველობაში მედია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქე” მედიას პროფესიული დონის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა მედიის მუშაობა ასევე გაკონტროლდება ”პერმანენტული კვლევებით”. ”ამით ისევ მედიის ხარისხის ამაღლებას შევუწყობთ ხელს, რამეთუ არსებული ჟურნალისტები, არსებული მედიის წარმომადგენლები, როდესაც იგრძნობენ, რომ ისინი ობიექტივის ქვეშ არიან, რომ მათ ყურადღებას აქცევენ, რომ მათი ობიექტურობა და ხარისხი მოწმდება და არის კვლევები ამის შესახებ, თვითონ ეს გამოიწვევს მათი პასუხისმგებლობის გაზრდას”, - აღნიშნა ექსპრემიერ-მინისტრმა. ”მოქალაქის” საქმიანობის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასევე დაგეგმილია ”ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება”, რაც ასევე გულისხმობს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნასაც. ერთი ასეთი ორგანიზაცია - ”ევროპული არჩევანი” - უკვე დაფუძნებულია ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია - ”მოქალაქის” ერთადერთი დამფუძნებელია. ამ ეტაპზე ორგანიზაცია კიდევ ექვს თანამშრომელს ითვლის, რომლებსაც თითოთვიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.
XS
SM
MD
LG