Accessibility links

logo-print

„ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული მიწების აზომვა შეჩერდა


სოფელ ხაიშში, რომლის მოსახლეობა „ხუდონჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, მიწების აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სუბარმა და ჯაფარიძემ ხაიშელების თხოვნა გადასცეს, რომ აზომვითი სამუშაოები შეჩერებულიყო და ეს თხოვნა გათვალისწინებული იქნება. „ასევე მზად ვარ ჩავიდე და შევხვდე მოსახლეობას და დეტალურად ავუხსნა პროექტის დადებითი მხარეები", - განაცხადა კახი კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ როდის შეხვდება ხაიშის მოსახლეობას, თუმცა განაცხადა, რომ ხაიშელებს სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად შეხვდება. სოზარ სუბარის თქმით კი, ხაიშელების პოზიციაა, რომ დიდი შეკრება ჩატარდეს, სადაც მთელი სვანეთი შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG