Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: სოჭში თიბილოვის მიწვევა არ დასტურდება


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ”გაუაზრებელსა და ძალიან ნაჩქარევს” უწოდებს პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს სოჭის ოლიმპიადაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიწვევასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ინფორმაცია არ დასტურდება. ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე, როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სოჭში მიწვეულნი არიან ოფიციალურად მხოლოდ იმ ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში. როგორც კერძო პირს, ნებისმიერს შეუძლია ჩასვლა სოჭში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში,” განუცხადა მედიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთის საგარეო უწყებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მოსული დადასტურება, ზურაბ აბაშიძის თქმით, ”ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია” და ”თუნდაც ამიტომ, აბსოლუტურად სწორია ჩვენი გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.” ზურაბ აბაშიძეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ”გამგები გამიგებს,” აღნიშნა მან. ხოლო, მისი თქმით, თუკი საქართველოს გუნდს სოჭში დახვდება სხვაგვარი რეალობა, თბილისი იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟის დასაცავად. სამხრეთ ოსეთის დე ფატო რესპუბლიკისა და რუსეთის მედიამ 3 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თიბილოვი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე მიიწვია და ასევე დაპატიჟა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ საგანგებო მიღებაზე.
XS
SM
MD
LG