Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლიმპიელებს მიმართავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მიმართვაში, წარმატებები უსურვა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც 6 თებერვალს ჩავლენ სოჭში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. "ძვირფასო ოლიმპიელებო! ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისათვის უაღრესად საპატიოა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში,” ნათქვამია 5 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ”2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს.” თუმცა, ამბობს პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება ”მეტად რთული იყო”, ასეთი ნაბიჯი მაინც გადაიდგა ”ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.” პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ”საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას.” ”დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ," ნათქვამია პრემიერის მიმართვაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო გულშემატკივრობს თავის სახელოვან სპორტსმენებს. სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში 7 თებერვალს აიღებს სტარტს.
XS
SM
MD
LG