Accessibility links

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა დაწესებულებების კონტროლს გეგმავს


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვთა სახლების მონიტორინგის პროცესი დაწყებულია და უკვე განხორციელდა მათ შორის საპატრიარქოს მართვის ქვეშ მყოფი დაწესებულებების მონიტორინგიც - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 7 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგების გაცნობის საშუალება მიეცემათ და ამის თაობაზე დავალება უკვე მიიღეს შესაბამისმა სამსახურებმა. დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ სამუშაო პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვა ყოველთვის სასარგებლოა, დაბალანსებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრს 6 თებერვალს 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. ”საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-ის მიერ 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე მდგომარებას აღწერს, ხაზს უსვამს საპატრიარქოს ბავშვთა სახლების სრული დახურულობის პრობლემას და უფლებათა დარღვევის იმ მაღალ რისკებზე მიუთითებს, რომელსაც შესაძლოა აღნიშნულ სახლებში ჰქონდეს ადგილი. სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილ დაწესებულებებში – საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში უფლებათა დარღვევის შემთხვევებს აღწერს სახალხო დამცველის 2011 წლის სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ”, - აღნიშნულია არასამტავრობო სექტორის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG