Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში კვლავ გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია


კიევის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. ოპოზიციური პარტიების მონაცემებით, თავი მოიყარა 50 ათასამდე ადამიანმა. ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, სასწრაფოდ განხორციელდეს კონსტიტუციის რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაზღუდად. მანვე პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა საპროტესტო აქციები მშვიდობიანად გაგრძელდეს: „იმედი მაქვს, ყველანაირად შევეცდებით, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყოს. მაიდანი არ არის მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში. მაიდანი უნდა იყოს ყველა პატარა ქალაქშიც. და თუ ხალხი იტყვის - არ გვინდა ამ წესებით ცხოვრება, ეს იქნება გზა ხელისუფლების შესაცვლელად და პრეზიდენტზე ზეწოლის მოსახდენად“, უთხრა კლიჩკომ კიევში საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" კორესპონდენტს. უკრაინაში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო გასული წლის ნოემბრის ბოლოს - მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. კვირას უკრაინის უშიშროების სამსახური გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არსებობს ტერორიზმის გამწვავებული საფრთხე, რის გამოც კონტრტერორისტული შენაერთები მზადყოფნაში არიან მოყვანილი აეროპორტებზე, რკინიგზის და ავტობუსის სადგურებზე, ელექტროსადგურებზე. უშიშროების სამსახური გამოვიდა აგრეთვე გაფრთხილებით, რომ ტერორიზმის გამოვლინებად ჩაითვლება მთავრობის შენობების დაკავება.
XS
SM
MD
LG