Accessibility links

logo-print
პატიმრების პროტესტის თემაზე დღევანდელი „ასავალ-დასავალი“ წერს: „სასჯელაღსრულების #5 ქალთა დაწესებულებიდან მსჯავრდებულმა ირმა ტუღუშმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ 15-მა მსჯვარდებულმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. „შიმშილობა A კორპუსის ბინადარმა 15-მა მსჯავრდებულმა მანდილოსანმა 5 თებერვალს ერთდროულად დავიწყეთ. ადმინისტრაცია გულისხმიერად მოიქცა და საკანიც კი გამოგვიყო, რათა მოშიმშილენი სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ვიყოთ. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნებია: შეკრებითობის წესის სამართლიანობის გადახედვა; ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების მექანიზმების გადახედვა“, - უთქვამს მსჯავრდებულს „ასავალ-დასავლისთვის“.

ამავე გაზეთის ფურცლებიდან გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, მიმართავს ბიძინა ივანიშვილს: „იქნებ, თქვენ მასწავლოთ, ბატონო ბიძინა, გამწარებულმა ადამიანმა როგორ შევხედო იუმორით ამ ყველაფერს?! თქვენ რომ ჩვენნაირი გამწარებული ყოფილიყავით, თქვენი ოჯახის წევრები რომ ჩაეცხრილა სააკაშვილს, ამას არ იტყოდით“.

„კვირის პალიტრაში“ კი სანდრო გირგვლიანის მამასთან, გურამ გირგვლიანთან, ინტერვიუ ქვეყნდება. „დღეს არავის აინტერესებს როგორ მიდის ჩვენი საქმე. უუნარო მგონია დღევანდელი ხელისუფლება, ასე რომ ააგულავა და ააჯირითა „ნაციონალები“. ვეღარ ვხედავ პერსპექტივას, რომ საქმე ბოლომდე მივა“, - ამბობს გურამ გირგვლიანი. - ესენი თუ არ დაასრულებენ, ამ საქმეს მე მივხედავ“. „კვირის პალიტრაში“ ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუც იბეჭდება. ის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე ლაპარაკობს, მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას იხსენებს და აცხადებს: „ოჯახის, ერისა და საქართველოს ისტორიის წინაშე ვაგებ პასუხს ჩემს დასკვნაზე“, ფაქტია, რომ ექს-პრემიერი CO-თი მოიწამლაო.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დანაშაულის დამტკიცებაა ერთ-ერთი თემა „კვირის ქრონიკისთვის“ ნინო ბურჯანაძის მიერ მიცემულ ინტერვიუში: „სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არათუ გამოძიების კომპეტენცია არ გააჩნია, სურვილიც არ აქვს გამოიძიოს „ნაცმოძრაობის“ დანაშაული, იმიტომ რომ კარგად მოირგეს მმართველი გუნდის მანტია“.

„ჩვენს მთავრობას სწორი პოზიცია აქვს. პრაგმატულად უყურებს საკითხს, გვჭირდება ჩვენ რუსეთი. მაგრამ არსებობს ზღვარი - თუ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და ურთიერთობას დაძაბავენ, იმწუთასვე უნდა შევწყვიტოთ მათთან კონტაქტი და ისევ ქამრები შემოვიჭიროთ“, - ეუბნება გიორგი შენგელაია „პრაიმ-ტაიმს“.

„რეზონანს/მთელ კვირასთან“ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ასე აყენებს საკითხს: „ან „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოაწეროს ხელი იმას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ გემოვნებით და ნება-სურვილით, ან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ არჩევნებს დაერქვას საერთო-საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძვლეზე ჩატარებული არჩევნები“.

„ინტერვიუ, რომელიც „ყაზტრანსგაზისგან“ დაზარალებულებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ“ - ასეთი მინაწერი აქვს ინტერვიუს სემეკ-თან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ნინო გულეიშვილთან, რომელიც განმარტავს, რომ „მომხმარებლებმა გაზის გადასახადი „ყაზტრანსგაზთბილისის“ წარმომადგენლების მიერ თვეში ერთხელ აღებული ჩვენების მიხედვით უნდა გადაიხადონ“. ამასთან, ნინო გულეიშვილი ამბობს: „ვინაიდან კომპანიამ ჩვენება წესის დარღვევით აიღო, თანხის გადახდის ვადა თვის ბოლომდე უნდა განისაზღვროს, რაც ნიშნავს, რომ გაზის გადასახადი 8, 9 ან 10 თებერვლამდე კი არა, ზუსტად ერთთვიან ვადაში უნდა გადაიხადონ“.

გაზეთ „ბათუმელებში“ სტატიაა - „რა კვებავს სტერეოტიპებს აჭარლებზე?“. ბათუმელ მირანდა თურმანიძეს უთქვამს: „საერთოდ, ყველა სტერეოტიპს იუმორით ვუყურებ, მაგრამ თუ ძალიან გადაამეტეს, მაშინ ვბრაზობ“. „სტერეოტიპების გამო პირველი უხერხულობა მან 2003 წელს, ასპირანტურაში ჩაბარების დროს, იგრძნო, როცა აჭარლობის გამო „თათარი“ უწოდეს: „თქვენ, აჭარლები ასე თავისუფლად დადიხართ და სწავლობთ კიდეცო? მერე, როცა ისიც დაამატა იმ ადამიანმა, აჭარლები თათრები ხართო, ძალიან გავბრაზდი და უნებურად თავდაცვაზე გადავედი. „რა გაბრაზებს, ჩვენ ხომ ყველა მუსულმანს თათარს ვეძახითო“, - მითხრა. მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი ჩემი ქრისტიანობა პროტესტის ნიშნად დამემალაო“, - ჰყვება ბათუმელი მირანდა თურმანიძე.
XS
SM
MD
LG