Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის ზონაში არაერთი სოფელი დახმარების გარეშე დარჩა


დვანი, საოკუპაციო ხაზი
დვანი, საოკუპაციო ხაზი
გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 26 სოფლის მოსახლეობამ ზამთარში ეგერეთ წოდებული 200 ლარიანი ენერგოვაუჩერი მიიღო. ამ ვაუჩერით ადგილობრივ მოსახლეობას როგორც შეშის შეძენა, ისე ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა შეეძლო. სახელმწიფოს ეს დახმარება კი კონფლიქტის ზონის ყველა სოფელში არ განაწილებულა. მაგალითად, სოფელი მუმლაანთკარი, რომელიც მეჯვრისხევს და ახალუბანს ესაზღვრება, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვესაა, მაგრამ მუმლაანთკარელებს წელს დახმარება არ მიუღიათ. ადგილობრივი მცხოვრებლები ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებენ და სოფლისთვის მეტ ყურადღებას მოითხოვენ. ადგილობრივი მცხოვრები ლამარა მუმლაძე აცხადებს, რომ მისი სოფელი წლების განმავლობაში კონფლიქტის ზონის სოფლის სტატუსით და, შესაბამისად, სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ ბოლო წლებში ეს აღარ ხდება.

მუმლაანთკარელები სხვა პრობლემებზეც ლაპარაკობენ. მათი თქმით, სოფელს გაზი არა აქვს, მიმდებარე ტყეში გასვლა კი შეუძლებელია, რადგან ტერიტორია რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. გარდა ამისა, სოფელში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლასაც მოითხოვენ.

მუმლაანთკარელები პრეტენზიებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მივიდნენ. მათ მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე შეხვდა და განუმარტა, რომ ზამთრის დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და პრიორიტეტები ცენტრალურმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რაც შეეხება გაზიფიცირებას და გამრიცხველიანებას, კობერიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას და სამუშაოები სოფელში მალე დაიწყება.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილმა სამთავრობო კომისიამ კონფლიქტის ზონაში 26 სოფელი შეარჩია, სადაც 200 ლარიანი ენერგოვაუჩერები დარიგდა, გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში კი არაერთი სოფელი ამ დახმარების გარეშე დარჩა, რადგან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს უშუალოდ არ ესაზღვრება. ამ სოფლების მოსახლეობა მოითხოვს, სამთავრობო დაფინანსება და პროგრამები მათაც შეეხოთ, რადგან ეს სოფლები წლების განმავლობაში კონფლიქტის ზონის სტატუსით სარგებლობდნენ.
XS
SM
MD
LG