Accessibility links

logo-print
გეგუთის ციხეში ვითარება 10 თებერვლის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ 800-მდე პატიმრის მოთხოვნა ხელმძღვანელობის გადადგომის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე პატიმარმა ხელები და ფეხები დაისერა. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრებს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გეგუთის #14 დაწესებულებასთან, პატიმრების ნახვის მოთხოვნით, მათი ახლობლები და ოჯახის წევრები კვლავაც შეკრებილები არიან.

„პროვოკაცია მოგვიწყვეს, სპეცრაზმი შემოვაო, გვეუბნებოდნენ, არადა, ექიმის დახმარება უნდოდათ ბიჭებს... დაჩეხილია აქ ხალხი“... - ისმოდა ციხიდან პატიმრების შეძახილები. მოშიმშილეების ნაწილმა 10 თებერვლის ღამით საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით თავი დაიზიანა, რის გამოც მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. როგორც პატიმრების მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ლაბაძემ განაცხადა, ციხეში ასეთი სულ 46 პატიმარია, მათგან მხოლოდ ნაწილი იყო საავადმყოფოში გადაყვანილი, რის შემდეგაც ისინი უკან, საპატიმროში, დააბრუნეს:

„ჩვენი ინფორმაციით, გვიან ღამით თვითდაზიანების გამო 16 პატიმარი გადაიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოებში, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. ჩვენი ინფორმაციით, ყველა უკან, ციხეში, დააბრუნეს“.

არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რაც მე ვნახე, ეს იყო რამდენიმე ათეული მსჯავრდებული, რომლებმაც ძირითადად ზემო კიდურები დაიზიანეს...
მას შემდეგ, რაც გეგუთის #14 დაწესებულების პატიმრებმა პროტესტის ნიშნად თავი დაიზიანეს და ხელები და ფეხები დაისერეს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ პატიმრებს თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა, გეგუთის ციხის დაწესებულების ექიმებთან ერთად, ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გეგუთში ვითარება ჩაწყნარდა:

„არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რაც მე ვნახე, ეს იყო რამდენიმე ათეული მსჯავრდებული, რომლებმაც ძირითადად ზემო კიდურები დაიზიანეს, თუმცა მათ უმრავლესობას არ ესაჭიროებოდა ქირურგიული ჩარევა -დახმარება ადგილზევე გაუწიეს და ჭრილობები გადაუხვიეს. მათ თავი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაიზიანეს, რომელთა შენახვის უფლება შინაგანაწესით ჰქონდათ“.

სასჯელაღსრულების სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ სიცრუეა, თითქოს სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში ძველი კადრები დაბრუნდნენ. სიმართლეს არ შეესაბამება პატიმრების განცხადებები ციხეში არასათანადო მოპყრობასა და გაუსაძლის პირობებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, „მსჯავრდებულებმა სრულიად შეგნებულად თქვეს უარი თბილი ტანსაცმლის მიღებაზე, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს დაწესებულების ადმინისტრაცია მათზე ზეწოლას ახორციელებს“.

ხომ ფაქტია, რომ პატიმრებმა თავი დაიზიანეს? ეს არ შეიძლება იყოს ვიღაც ერთი პირის ახირება ან, როგორც სამინისტროში უყვართ თქმა, გარედან მართული პროცესი. ფაქტია, რომ ციხეში პრობლემებია, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ძალიან ჩაიკეტა...
ის, რომ გეგუთის ციხეში პროვოკაცია იგეგმებოდა, ჯერ კიდევ პარასკევს, 7 თებერვალს, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რასაც ციხეში სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შესვლაც მოჰყვა. უჩა ნანუაშვილი გეგუთში განვითარებულ მოვლენებს 10 თებერვალსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საჭიროა გეგუთის ციხეში არსებული პრობლემების შესწავლა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, სახალხო დამცველი არ მიესალმება პროტესტის უკიდურეს ფორმას და მოუწოდებს პატიმრებს შეწყვიტონ შიმშილობა. ნანუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ვრცელდება ბევრი ჭორი, რაც ვითარებას კიდევ უფრო მეტად ძაბავს:

„გეგუთში თავადაც შევესწარი ფაქტს, როდესაც პატიმარი ოჯახის წევრებთან რეკავდა და ეუბნებოდა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, თუმცა ჩვენთან ეს ინფორმაცია აღარ დაადასტურა. სიმართლე არ გამოდგა არც ის ფაქტი, თითქოს 6, 7 და 8 თებერვალს ციხეში სპეცრაზმი შევიდა. ასეთ შემთხვევებში სიფრთხილეა საჭირო“.

10 თებერვალს გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენებს პრესკონფერენციით გამოეხმაურა ნანა კაკაბაძეც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. მან თქვა, რომ პატიმრებმა შიმშილობა რუსთავის ქალთა კოლონიაშიც დაიწყეს და რომ გეგუთისა და რუსთავის ციხეების პატიმართა პრობლემები თითქმის იდენტურია.

„ხომ ფაქტია, რომ პატიმრებმა თავი დაიზიანეს? ეს არ შეიძლება იყოს ვიღაც ერთი პირის ახირება ან, როგორც სამინისტროში უყვართ თქმა, გარედან მართული პროცესი. ფაქტია, რომ ციხეში პრობლემებია, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ძალიან ჩაიკეტა და არც ერთ ჩვენს კითხვას აღარ პასუხობს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს სპეციალური ჯგუფი სწავლობს. ჯგუფში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სამი წევრი შედის - გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი და პაატა კიკნაველიძე, რომლებიც უკვე შეხვდნენ პატიმრებს. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, არის მთელი რიგი დაგროვილი საკითხები, რომლებსაც შესწავლა სჭირდება.

გეგუთის ციხესთან დაკავშირებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგიც შეისწავლის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იქნება და ყველა პასუხისმგებელ პირს გაესაუბრება.

ბოლო ინფორმაციით, გეგუთის ციხეში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა პატიმრების მოთხოვნები არ შეცვლილა. ციხის მიმდებარე ტერიტორია არც მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაუტოვებიათ. ისინი პატიმრების ნახვას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG