Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები მოითხოვენ საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭებას


საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას მოითხოვენ ამერიკელი კონგრესმენები. მათ მიერ სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილი წერილი დღეს გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. კონგრესმენები ჯონ კერის მოუწოდებენ, მჭიდრო თანამშრომლობა განაგრძოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, ჩერგნოგორიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის დამყარება სურთ. "ჩვენ მოვითხოვთ ნატოს წლევანდელ სამიტზე ალიანსში ჩერნოგორიისა და მაკედონიის გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას", - ნათქვამია წერილში. ამერიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ ასპირანტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. კონგრესმენების შეფასებითვე, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გარე ძალებმა რეგიონის ქვეყნებზე ძლიერი ზეწოლა განახორციელონ. "აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკვე მიაღწიეს კრიტიკულ წერტილს, როცა აუცილებელია ამოქმედება იმ მექანიზმებისა, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის სამიტს, მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ ალიანსში ჩერნოგორიის და მაკედონიის გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია და ჰერცეგოვინის და საქართველოს გაწევრიანების გეგმებს, მათთვის MAP-ის მინიჭების გზით“, - ნათქვამია კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში.
XS
SM
MD
LG