Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების სამინისტრო: სიტუაცია სრულად კონტროლდება გეგუთის დაწესებულებაში


გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებისადმი ძალის გამოყენებას უარყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. მის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, 10 თებერვალს ღამით, თვითდაზიანების გამო 17 პატიმარი გადაიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო საავადმყოფოებში, 14-ს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. სამინისტროს ცნობითვე, 17 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე დააბრუნეს და მათი და სხვა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებითვე, გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია სრულად კონტროლდება. დღეს პატიმრებს შეხვდა სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ლაბაძე. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ თვითდაზიანება სულ 46-მა პატიმარმა მიიყენა. გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა ინფორმაციით, 800-დან 1000-მდე პატიმარი შიმშილობს. მათი უმთავრესი მოთხოვნაა შეიცვალოს დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელსაც არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. გეგუთის საპატიმროსთან აქციას განაგრძობენ მსჯავრდებულთა ნათესავები, რომლებიც პატიმრებთან შეხვედრას მოითხოვენ. დღეს მათ სცადეს დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრა, რისი საშუალებაც სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
XS
SM
MD
LG