Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დავა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსა და ტაქსებს შორის


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შედგება ერთი ქალაქისა და 63 სოფლისგან. აქ, დაახლოებით, 51 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 63 სოფლიდან მხოლოდ 9-ში მოძრაობს. უმეტეს შემთხვევაში, ლაგოდეხიდან სოფელში და პირიქით დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეისი სრულდება.
ლელიანი ლაგოდეხის ერთ-ერთი სოფელია და ის რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი რესპონდენტიც ერთ-ერთი მათგანია. ის ამბობ, რომ ლაგოდეხ-ლელიანის მიმართულებით დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეისი სრულდება და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მუნიციპალიტეტში პირადი საკითხების მოგვარებას ვერ ასწრებენ:

„ლაგოდეხიდან ლელიანში ორის ნახევარზე მიდის ავტობუსი და მე, როცა ბანკში რიგში დგომა მიწევს, ამ რეისს ვეღარ ვასწრებ ხოლმე. ამიტომ ტაქსით უნდა წავიდე, სადაც 20 ლარი უნდა გადავიხადო. ეს საკითხი დარეგულირებას საჭიროებს“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს სოფლებში მაწიმსა და რაჭისუბანში. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამის გამო გადაადგილება ტაქსით უწევთ, რაც ძვირია:

„ძირითადად ტაქსით ვმოძრაობთ, რადგან სხვა ტრანსპორტი არ არის. ჩემი აზრით, სადაც დიდი სოფლებია, იქ მაინც უნდა იაროს ტრანსპორტმა, თორემ ტაქსი ძალიან ძვირი გვიჯდება“.

მე აფენიდან ვარ და აქ ხომ არ დავრჩები, სახლში ხომ უნდა წავიდე? საგზური უკვე აღებული მაქვს. ტაქსები გვართმევენ კლიენტებს და ეს უნდა მოგვარდეს...
თავის მხრივ, მგზავრების ნაკლებობაზე ჩივიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. აფენი-ლაგოდეხის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩვენ იმ დროს ჩავწერეთ, როდესაც ის რეისის შესრულებას გეგმავდა. ავტობუსში მხოლოდ სამი მგზავრი იჯდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ამბობს, რომ მათ კონკურენციას კერძო ტაქსები უწევენ და არ არის გამორიცხული, ისინი საერთოდ უმუშევრები დარჩნენ:

„მე აფენიდან ვარ და აქ ხომ არ დავრჩები, სახლში ხომ უნდა წავიდე? საგზური უკვე აღებული მაქვს. ტაქსები გვართმევენ კლიენტებს და ეს უნდა მოგვარდეს“.

კერძო ტაქსების მიმართ პრეტენზიები აქვთ ავტოსადგურის თანამშრომლებსაც. დისპეტჩერი დავით შუბითიძე გვეუბნება, რომ „საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კერძო ტაქსს მგზავრები თითქმის ერთნაირ ფასად გადაჰყავს, მგზავრი კი უპირატესობას მსუბუქი ავტომობილით მგზავრობას ანიჭებს“:

ჩვენ რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ. ტაქსების გაჩერებისთვის გამოვყავით ადგილი. ეს ტაქსები თუ სპეციალურ ადგილზე არ ჩერდებიან და სხვას მგზავრებს ართმევენ, ეს უკვე პოლიციამ უნდა დაარეგულიროს...
დავით ბაკაშვილი
„ერთ ლარად ტაქსი დადის და ერთ ლარად ავტობუსი, რა მნიშვნელობა აქვს? იმდენი ვერ გაუკეთებია ამ გამგეობას, რომ კერძო ტაქსები მაინც მოგვაცილონ ამ ტერიტორიიდან. თვალსა და ხელს შუა გვაცლიან მგზავრებს“.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ისინი ავტოსანტრანსპორტო საშუალებებს ვერ განუსაზღვრავენ, თუ რამდენი უნდა გადაახდევინოს კონკრეტულმა სატრანსპორტო საშუალებამ მგზავრს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი განმარტავს, რომ მათ მხოლოდ ტერიტორიის განსაზღვრა შეუძლიათ, სადაც კერძო ტაქსები უნდა განთავსდნენ.

„ჩვენ რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ. ტაქსების გაჩერებისთვის გამოვყავით ადგილი. ეს ტაქსები თუ სპეციალურ ადგილზე არ ჩერდებიან და სხვას მგზავრებს ართმევენ, ეს უკვე პოლიციამ უნდა დაარეგულიროს“.

ლაგოდეხის ავტოსადგურის თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ კერძო ტაქსებსა და ავტოსადგურს შორის ურთიერთობა არ დალაგდა, ისინი იძულებული გახდებიან, სოფლებს შორის დანიშნული რეისები საერთოდ გააუქმონ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG