Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია


12 თებერვალს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსი“. სიის სათავეში, საუკეთესო შედეგებით იმავე ქვეყნების სამეული რჩება - ფინეთი, ნიდერლანდი და ნორვეგია. თურქმენეთი, ჩრდილოეთი კორეა და ერითრეა კი კვლავაც სიის ბოლოში მოექცნენ. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ყოველ წელს აქვეყნებს „მედიის თავისუფლების ინდექსს“ და ზომავს ინფორმაციის თავისუფლების ხარისხს ცალკეულ ქვეყანაში. ეს ნაშრომი ასახავს ჟურნალისტების, მედია-ორგანიზაციებისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხს. დოკუმენტში აგრეთვე ფასდება, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. „მედიის თავისუფლების ინდექს - 2014“-ში 180 ქვეყნის მდგომარეობაა ასახული.

სიაში საქართველოს 84-ე ადგილი უკავია (შარშან მე-100 იყო), სომხეთი წელს 78-ე ადგილზეა (2013-ში 74-ეზე იყო), აზერბაიჯანი წელს 160-ე ადგილზეა (2013-ში 156-ე ადგილი ეკავა). წელს ერთი ადგილით ქვემოთ - 126-დან 127-ეზე ჩაინაცვლა უკრაინამ. რუსეთი კვლავაც 148-ე ადგილზეა. შუა აზიის ქვეყნების პოზიციებს რაც შეეხება, ყაზახეთი - 161-ე ადგილზეა, უზბეკეთი - 157-ეზე, თურქმენეთი 178-ზე, ყირგიზეთი -106-ზე. ორგანიზაციის - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა იოან ბირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი ყოველწლიურად სუსტდება და მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ნაკლებად დამაიმედებელია. იოან ბირი რუსეთზე ამბობს: „2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი. მაგალითად, ახალი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენება ტრადიციული ღირებულებები - ასე იყო, როცა მოხდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კრიმინალიზაცია, ან იმავე ღვთისგმობის აკრძალვა. რუსეთში ჟურნალისტებს აკავებენ მათი საქმიანობის გამო“. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წარმომადგენელმა უკრაინის შესახებ შენიშნა, რომ „მედიის თავისუფლების ინდექსში“ არ არის ასახული უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები. თუმცა, ამ პროცესის წინმსწრები ფაქტები არანაკლებად შემაშფოთებელ ტენდენციებზე მიანიშნებდა. იოჰან ბირი გულისხმობს უკრაინაში წამყვანი მედიის მთავრობის მხარდამჭერი ოლიგარქების ხელში მოქცევას, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გახშირებას, რაც დაუსჯელი რჩება, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინების მცდელობას, მათ შორის მათი ელექტრონული ფოსტის გატეხვითა და ანონიმური სატელეფონო ზარებით. იოან ბირი ნაკლებად დამაიმედებელ სურათს აღწერს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში და თვლის, რომ ტაჯიკეთში პოლიტიკური კონტექსტის შეცვლის გარეშე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მედიაში არ არის მოსალოდნელი. ყაზახეთში კი, მისი თქმით, 2012 წლის დასაწყისში დახურეს ყველა ნაციონალური ოპოზიციური მაუწყებელი. მას შემდეგ ყველა კრიტიკულად განწყობილი მედია-საშუალება, რომელიც კი ადგილობრივ დონეზე მუშაობს, ან ცდილობს ნაციონალური მასშტაბით გაავრცელოს ინფორმაცია, ხდება შეთითხნილი ბრალდებების მსხვერპლი. ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე იოან ბირმა განაცხადა: "ამ ორ ქვეყანაში იზღუდება მედია-პლურალიზმის ლამის ყველა გამოვლინება. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელდა უხეში თავდასხმა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე. ეს პროცესი გაგრძელდა აშკარად გაყალბებული არჩევნების შემდეგაც“.

იოან ბირი თვლის, რომ მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში მნიშვნელოვანწილად არსებობს პლურალიზმი და შედარებით ნაკლებია სახელმწიფო ცენზურა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ არის გამოწვევები. კერძოდ, ბირი შენიშნავს, რომ მედიაში ძალიან მძაფრად აისახება სოციალური პოლარიზაცია და ამ ქვეყნებში ძალიან დიდ გამოწვევად რჩება სარედაქციო დამოუკიდებლობა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების უფროსი იოან ბირი ცალკეულ ქვეყანაზე კიდევ რამდენიმე პრობლემის შესახებ შენიშნავს: „ყირგიზეთის შემთხვევაში უნდა ითქვას აგრეთვე სიძულვილის ენის პრობლემაზეც, რასაც ძალიან მასშტაბური ხასიათი აქვს. საქართველოსა და სომხეთში არჩევნები ადრინდელებთან შედარებით გაცილებით მშვიდად ჩატარდა. ორივეგან იშვიათი იყო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, პროგრესი იყო სახელმწიფო მაუწყებლების მუშაობაში მიუკერძოებლობის თვალსაზრისით“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG