Accessibility links

logo-print
თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების მეორე მცდელობა 12 თებერვალს წარუმატებლად დამთავრდა: ბიუჯეტი ჩავარდა. საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაპირისპირების ფონზე განიხილა. თბილისის მთავრობის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 850 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. მხარეთა შორის დავის ძირითად საგნად იქცა პრივატიზაციით დაგეგმილი 65 მილიონი ლარი, რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით გარღვევას უქადდა.

თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად 12 თებერვალს დაგეგმილ სხდომას წინ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა უძღოდა. სხდომამ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა - უმრავლესობამ მთავრობა შენიშვნების გაუთვალისწინებლობასა და საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. საკრებულოს უმრავლესობის სახელით მომზადებული განცხადება ოპონენტებსა და საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გააცნო:

“მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოების მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, - მაგალითად, ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა, - და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა, რომ ფული არსებობს. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ“.

უმრავლესობამ აქვე კიდევ ერთხელ მოითხოვა თბილისის მთავრობის გადაყენება. მოთხოვნას მთავრობა - კერძოდ, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე - ახალი ინიციატივითა და ძველი პირობით გამოეხმაურა:

სევდია უგრეხელიძე

სევდია უგრეხელიძე

“თუ ხარჯვითი ნაწილის გაკონტროლება სურთ ან, საერთოდ, თუ ლაპარაკი არის უნდობლობაზე და გადადგომაზე ქალაქ თბილისის მთავრობის იმ წარმომადგენლების, რომელთაც განაცხადეს, რომ მზად არიან, იქვე დგება ჩვენი მოთხოვნაც, რომ ასევე გადადგეს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და „ნაცმოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებული წევრები“.

სევდია უგრეხელიძის თანახმად, თბილისის მთავრობა მზად არის წარდგენილი ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. მისივე განმარტებით, მერიამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა, მაგრამ ვინაიდან უმრავლესობა მაინც უკმაყოფილო იყო, დედაქალაქის მთავრობა ალტერნატიული წინადადებითაც გამოვიდა. ალტერნატივა იმ ხარჯების პროპორციულად შემცირებას გულისხმობდა, რომელიც უმრავლესობის მიერ წინასწარ განწირულ ბიუჯეტად მოხსენიებული პროექტით იყო გათვალისწინებული. თუ როგორ, მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განმარტა:

“ჩვენ ალტერნატივის სახით ვთავაზობთ თბილისის საკრებულოს, იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილზე, შევამციროთ ყველა ხარჯი პროპორციულად, ყველა პროგრამა პროპორციულად, 10 პროცენტით, გარდა აუცილებელი დაცული მუხლებისა, და ასე დავიყვანოთ ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი ისევ ძველად არსებულ ნიშნულამდე. იმედია, ამის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობას არ გაუჩნდება კითხვები ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებასთან დაკავშირებით და ასეთ პროექტს მაინც დაუჭერს მხარს“.
ასეთი ბრალდების მქონე პირის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც წლობით შეეძლო ხელი ეფათურებინა ბიუჯეტში და ეფინანსებინა თავისი პარტია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ...

მაგრამ თბილისის მთავრობის მიერ ალტერნატიული პროექტის წარდგენას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა: საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის მთავრობა ვაჭრობაში დაადანაშაულა და, შესაბამისად, ოპონენტების შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოაცხადა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტს არც 12 თებერვლის სხდომაზე დაუჭერდა მხარს:

“ხომ ხედავთ, რომ ვაჭრობას დაამსგავსეს მთლიანად ეს პროცესი. იმის მაგივრად, რომ სერიოზულად ემსჯელათ ამ თემაზე, სულ მთლიანად ფარსის ბურუსში შეფუთეს ეს ყველაფერი. ყველა ვხედავთ ერთსახოვნად, რომ ეს მთავრობა ნდობას არ იმსახურებს. და რომ იძახიან ხმამაღლა, მძინარე თბილისს მოჰპარეს მერიო, ის მოპარული მერი - ვითომ მოპარული - იყო ქურდი ბიუჯეტის. ასეთი ბრალდება აქვს მას წაყენებული“.

„ასეთი ბრალდების მქონე პირის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც წლობით შეეძლო ხელი ეფათურებინა ბიუჯეტში და ეფინანსებინა თავისი პარტია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - დასძინა ირაკლი შიხიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, ლოზუნგით „არა - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ ბიუჯეტს“. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ პირველად 2013 წლის 29 დეკემბერს ჩააგდო. მისი მეორედ ჩავარდნის შემდეგ მთავრობას თავისი პროექტის გადასარჩენად შანსები კიდევ რჩება, მაგრამ თუ პროექტის დამტკიცება 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ცენტრალურ მთავრობას უფლება ეძლევა დედაქალაქი თავად მართოს.
XS
SM
MD
LG