Accessibility links

ცხინვალის ციხეში პატიმრები პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ


ცხინვალის ციხის პატიმრებმა 5 დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს. გასულ ხუთშაბათს დე ფაქტო რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა, კონკრეტული მოთხოვნებით, შიმშილობა გამოაცხადეს და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს განცხადებით მიმართეს. მათი მთავარი მოთხოვნა საპყრობილეში მკაცრი რეჟიმის გაუქმება და პატიმართა უფლებების დაცვაა. ცხინვალის ციხის ვიწრო საკნებში ათეულობით პატიმარი იხდის სასჯელს. აქ ერთად სხედან მძიმე და მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული პირები. დე ფაქტო რესპუბლიკაში არ არსებობს კოლონია და ყველა მსჯავრდებული ერთ ციხეში იყრის თავს. მათ შიმშილობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ციხის ადმინისტრაციამ რეჟიმი გაამკაცრა, შეამცირა პაემნების რაოდენობა, შეამცირა გასეირნების დრო და პატიმრებს კამერებში საღამოს 6 საათის შემდეგ კეტავენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ცხინვალის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი, იგორ ჩეხოევი, გაიქცა. ამ ინციდენტის შემდეგ ციხის უფროსი და მორიგეები სამსახურიდან დაითხოვეს და მათ წინააღმდეგ, სამსახურებრივი გულგრილობის გამო, სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს.

ანონიმურობის გარანტიით, ჩვენს რადიოსთან საუბარში ერთ-ერთმა პატიმარმა ციხეში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, პაემნების რაოდენობა განახევრდა, საკნებში მათ 6 საათიდან კეტავენ, არა აქვთ ნორმალური სამედიცინო დახმარება და ექიმები ციხეში იშვიათად შედიან. წყაროს თქმით, ექიმები 5 დღიანი შიმშილობის დროსაც არ გამოჩენილან. მათთან მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის, უშიშროების სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომლებიც შიმშილობის აქციის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ორშაბათს აქციის მონაწილეებს დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მურატ ვანეევი შეხვდა. მისი დაპირებით, სეირნობის დრო გახანგრძლივდება და პატიმრებს საკნებში მხოლოდ საღამოს 10 საათიდან ჩაკეტავენ. გარდა ამისა, თითოეულ პატიმარს საპყრობილეში გატარებულ 1 წელიწადში მოხდილად წელიწად-ნახევარი ჩაეთვლება. ამ დაპირებების შემდეგ პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა არ იქნა დაკმაყოფილებული პაემანთა რაოდენობის გაზრდის მოთხოვნა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ახსარ კოჩიევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალის ციხეში პატიმრების უფლებები ხშირად ირღვევა.

რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის - „ერგნეთის“ - ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე დიდი ხნის გამნავლობაში მუშაობდა ცხინვალში. მისი თქმით, ციხეში პატიმართა უფლებების დარღვევა ახალი ამბავი არ არის. ციხე, რომელიც დიდი ხნის წინ არის აშენებული, ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, დე ფაქტო ხელისუფლება კი საგულდაგულოდ მალავს იქ არსებულ პრობლემებს. ჩლაჩიძის თქმით, თიბილოვის ხელისუფლების მცდელობა გაესაიდუმლოებინათ ციხის პროტესტი, უშეგედო აღმოჩნდა, რადგან ცხინვალშიც და მიმდებარე სოფლებშიც ყველამ კარგად იცის, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მსჯავრდებულებს.

ცხინვალის ციხის პატიმრებმა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ, მათი თქმით, თუ მოტყუებულები დარჩნენ, შიმშილობის აქციას ისევ განაახლებენ.
XS
SM
MD
LG