Accessibility links

logo-print

ბაქოში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა


დღეს ბაქოში გაიმართა საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და შესაბამისად, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მუდმივად ერთმანეთის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებში. ალიევმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა დ აზერაბიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოებას. „დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ძმების, მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს,“ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. თავის მხრივ გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა და ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებისადმი ერთგულება მილიონობით ადამიანისთვის უკეთესი მომავლის მომტანია რეგიონსა და მსოფლიოში. „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ და მჯერა, რომ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ამ პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ხვალ კი გაემგზავრება კახის რაიონში, სადაც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება.
XS
SM
MD
LG