Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი იცავს ქარიმოვის მიწვევის გადაწყვეტილებას


მილოშ ზემანი, ისლამ ქარიმოვი
მილოშ ზემანი, ისლამ ქარიმოვი
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა შეტევით უპასუხა იმათ, ვინც პროტესტით ხვდება ჩეხეთში უზბეკეთის ავტოკრატი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის დაგეგმილ ვიზიტს. ეს შეხვედრა მომავალ კვირაში, 20-22 თებერვალს, უნდა გაიმართოს პრაღაში.

ზემანს ერთ დღეზე ნაკლები დრო დასჭირდა პირდაპირი პასუხის გასაცემად იმ ღია წერილისთვის, რომელიც 31 ადამიანისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა დაწერა. ჯგუფი, რომელიც აერთიანებს პროფკავშირებს, ინვესტორებს და უფლებადამცველებს, ზემანს მოუწოდებს გადახედოს ქარიმოვის მიწვევას, რადგან უზბეკეთის პრეზიდენტის 25-წლიანი მმართველობა მოიცავს წამების პრაქტიკას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას და იძულებით შრომას ბამბის მრეწველობაში.
წერილის შინაარსი ძალიან იმედგამაცრუებელია. უცნაურია, მაგრამ მისი პასუხი მოწმობს, რომ მას არ ესმის არსებული სიტუაცია და ის ყველაფერი, რაც უზბეკეთის გარშემო საერთაშორისო სარბიელზე ხდება...
ენდრიუ სტროლაინი

ზემანი თავის გადაწყვეტილებას იცავს - აცხადებს, რომ ქარიმოვის დაპატიჟებაზე უარს არ იტყვის და ვიზიტის კრიტიკოსებს „ფარისევლობაში“ სდებს ბრალს.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი, ენდრიუ სტროლაინი, რომელიც წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამბობს, რომ გაკვირვებულია როგორც ზემანის პასუხის ტონით, ისე მისი სისწრაფით: „ეს ძალიან სწრაფად მოხდა, რაც უნდა დავუფასოთ. თუმცა წერილის შინაარსი ძალიან იმედგამაცრუებელია. უცნაურია, მაგრამ მისი პასუხი მოწმობს, რომ მას არ ესმის არსებული სიტუაცია და ის ყველაფერი, რაც უზბეკეთის გარშემო საერთაშორისო სარბიელზე ხდება“.

ჩეხეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები იცავენ ქარიმოვის დაპატიჟების გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი პასუხია ზემანის წინამორბედის, ვაცლავ კლაუსის მიერ 2004 წელს უზბეკეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტზე.

თუმცა აქტივისტებისთვის ეს არგუმენტაცია მიუღებელია - ისინი ამბობენ, რომ კლაუსის უზბეკეთში ვიზიტი შედგა ერთი წლით ადრე, ვიდრე 2005 წელს ანდიჟანში უსაფრთხოების ძალები ასობით სამოქალაქო პირს დახოცავდნენ.

ანდიჟანის შემდეგ ევროკავშირმა უზბეკეთის მთავრობას სანქციები დაუწესა. მას შემდეგ ქარიმოვი ევროპაში მხოლოდ ორჯერ იყო - 2013 წელს ლატვიაში, როცა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გასვლა განიხილეს, და 2011 წელს ბრიუსელში, სადაც მასთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ზემანის მრჩეველი ჰინეკ კმონიჩეკი აცხადებს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია უზბეკეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ეს საკითხი შესაძლოა შეხვედრაზეც წამოჭრას. მრჩეველი არ იზიარებს უფლებადამცველების მიერ შეშფოთებით გამოთქმულ აზრს, რომ ზემანმა ამ მიწვევით ერთგვარი მორალური წითელი ხაზი გადაკვეთა.

თუმცა ევროპის მასშტაბით უფლებადამცველთა საზოგადოება დიდ უხერხულობას ხედავს იმ ფაქტში, რომ ქარიმოვს უმასპინძლებს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რეპრესიული სისტემების წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, ვაცლავ ჰაველის, სამშობლო.
პრეზიდენტის ფუნქციაა ჩეხეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვა. რასაკვირველია, მოხარული ვიქნები, თუ პრეზიდენტი [ზემანი], ქარიმოვთან შეხვედრისას, წამოჭრის უზბეკეთის ციხეებში მყოფი ადამიანების თემას და ყველა მსგავს საკითხს...
კარელ შვარცენბერგი

შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები უზბეკი უფლებადამცველებიც.

ჩეხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა კარელ შვარცენბერგმა რადიო თავისუფლების უზბეკურ რედაქციასთან საუბარში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ასეთი მოსაზრება გამოთქვა: „პრეზიდენტის ფუნქციაა ჩეხეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვა. რასაკვირველია, მოხარული ვიქნები, თუ პრეზიდენტი [ზემანი], ქარიმოვთან შეხვედრისას, წამოჭრის უზბეკეთის ციხეებში მყოფი ადამიანების თემას და ყველა მსგავს საკითხს. მაგრამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მოქმედ ლიდერებს ვერ გარიყავ. შუა აზიაში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერესები გვაქვს“.

მილოშ ზემანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ღიად განიხილავს პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებად. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ბიზნესის სფეროში თანამშრომლობა იქნება დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა.ზემანს სურს კავშირების გაღრმავება ენერგიით მდიდარ უზბეკეთთან. ჩეხეთში ბიზნესგამოცემები სწერენ, რომ ქარიმოვის ვიზიტისას ზემანი 5-დან 10 მილიონ დოლარამდე ღირებულების შეთანხმების გაფორმებას ფიქრობს.
XS
SM
MD
LG