Accessibility links

„ენერგოტარიფები ამ მთავრობის პირობებში აღარ გაიაფდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს მეწინავე სტატიას გაზეთი „რეზონანსი“, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ეტაპზე ტარიფების შემცირების რესურსი არ არსებობს.

„ჩვენ მოვახერხეთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 4 თეთრით შეგვემცირებინა, გაზის კი - 5 თეთრით. ამ დროისათვის რესურსი არ არის, რომ კიდევ შევძლოთ ტარიფების შემცირება. იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ გამოიძებნება რაიმე მარჟა ტარიფების შესამცირებლად, საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ“, განუცხადებია კახა კალაძეს.

„რეზონანსის“ მიხედვით, მთავრობამ მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის საფასური 50 თეთრიდან 45 თეთრამდე შეამცირა, თუმცა სპეციალისტებში არსებობდა ტარიფის 38-40 თეთრამდე შემცირების მოლოდინი.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, რომლის ტარიფი 3-3,5 თეთრით შემცირდა, გაზეთის რესპონდენტი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ მეტი გაიაფება, მართლაც, შეუძლებელია, თუმცა, მისი თქმით, უნდა გაუქმდეს საფეხურებრივი ტარიფი, ანუ ის, ვინც მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, გაზრდილი ტარიფით არ უნდა იხდიდეს საფასურს. არველაძის თქმით, ამით უხეშად ირღვევა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ და „საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონი“.

საფეხურებრივი ტარიფის მიხედვით, ის, ვინც თვეში 100 კილოვატამდე დენს ხარჯავს, 10 თეთრს იხდის, 101-დან 301 კილოვატამდე დახარჯვის შემთხვევაში - 12,46 თეთრს, ხოლო 301 კილოვატზე ზემოთ - 17,7 თეთრს.

გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება გაზეთი „ვერსია“, რომელიც ვითარებაში გასარკვევად ამ კოლონიების პატიმრებს დაუკავშირდა. რატომ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა გეგუთის კოლონიამ? - ამ კითხვის პასუხად მსჯავრდებული გეგი ამბობს:

„მხოლოდ ის არაა საქმე, რომ ადმინისტრაციამ ძალიან გაამკაცრა რეჟიმი და ნელ-ნელა ძველი რეჟიმი დააბრუნა. დაგვპირდნენ, საქმეები გადაიხედებაო და მოგვატყუეს. პირადად ეკა ბესელია დაგვპირდა და მოგვატყუა. მედალს მეორე მხარეც აქვს. ადმინისტრაცია ეგრეთ წოდებულ „მაყურებლებს“ შეეკრა და იმათი ხელით სურს გვმართოს. ახლა ბევრი პატიმარი შიმშილობს და „მაყურებლები“ ვერ ბედავენ, თორემ იყო დრო, ერთი-ორი კაცი შიმშილობდა და, ადმინისტრაციის მითითებით, „მაყურებლები“ სასტიკად უსწორდებოდნენ. ციხეებში აზარტული თამაშებიც დაიწყო. ჩვენი ზონიდან ყოველდღიურად ერთი ათი კაცი მაინც რეკავს ახლობლებთან, ფული წავაგე და მიშველეთო“.

„გაზაფხულზე საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს“ - ასეთი სათაური აქვს გამოტანილი კახა კუკავასთან ინტერვიუს, რომელსაც „ახალი თაობა“ აქვეყნებს. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მოქმედი მთავრობა არ არის მზად არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი და არც ეკონომიკური რეფორმებისათვის. ამიტომ ქვეყანას სჭირდება ივნისის არჩევნების შემდგომ ახალი მმართველი ძალა, რომელიც შეძლებს ამ რეფორმების გატარებას და ქვეყნის მოდერნიზაციას:

„როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები, აქ ის არ იგულისხმება, რომ ვინმე „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს. აქ იგულისხმება ის, რომ, მაგალითად, ჩვენ ვითხოვთ ახალ პროკურორს, ახალ იუსტიციის მინისტრს, რომლებიც სამართლიანობას აღადგენენ, ან ვითხოვთ ახალ საარჩევნო კოდექსს. ეს არის ევროპული მიდგომა საკითხების მიმართ, როცა საზოგადოება თვითონ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არ ელოდება, როდის მიიყვანს სრულ კრახამდე ქვეყანას მმართველი ელიტა“.
XS
SM
MD
LG