Accessibility links

logo-print

საჭირო, მაგრამ არასაკმარისი საკანონმდებლო ცვლილება


საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პირადი ცხოვრების უკანონო მოსმენასა და ჩაწერაზე კანონი მკაცრდება. ამ ეტაპზე ცვლილება შევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება-ჩაწერაზე პასუხისმგებლობას 3-დან 7 წლამდე ზრდის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წარადგინა.

“ამ კანონის დარღვევა ითვალისწინებდა მხოლოდ დაახლოებით სამ წლამდე პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში იქნება 7 წელი პასუხისმგებლობა. თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდება ვიღაცის ამსახველი ვიდეო ან აუდიოფირები, თუ წარადგენს საგამოძიებო ორგანოებში, მაშინ პასუხისმგებლობა არ დადგება. თუ მას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, ეს იქნება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, იქნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება“, განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თვითნებურად გაკეთებისა თუ გავრცელების პრევენციის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობა ჯერ კიდევ ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე არსებული დროებითი კომისიის ფარგლებში დადგა. კომისიის ერთ-ერთი წევრი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მთავრობის მიერ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიესალმება:

ფარული ჩაწერა და მოსმენა, ზოგადად, მხოლოდ სასამართლოს სანქციით და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს და თუ უკანონოდ ამას ვინმე ახორციელებს...
“კომისიამ, რომელიც მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებად მიიღო სწორედ გამკაცრება იმ სანქციის, იმისათვის რომ უფრო მეტი გარანტიები ყოფილიყო ქვეყანაში შექმნილი პირადი ცხოვრების დაცვის. ვფიქრობ, სანქციების გამკაცრება არის ერთ-ერთი მსგავსი ნაბიჯი, იმისათვის რომ მომავალში იყოს მაქსიმალურად დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ცვლილებების მიღება და დამტკიცება“.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტის ინიცირება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდანვე მოხდება. ცვლილება სამ მუხლში იგეგმება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მოხარულია ფარული ჩანაწერების დამზადება-გავრცელებაში ბრალდებულთა მიმართ სანქციის მოსალოდნელი გამკაცრებით და იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ცვლილება ამ მიმართულებით არსებული სისტემური დანაშაულის დაძლევასაც უზრუნველყოფს:

საჭიროა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რისი მიზანიც იქნება დადგინდეს იმ პირთა წრე, რომელთა მიყურადება და თვალთვალი არის შესაძლებელი...
“ფარული ჩაწერა და მოსმენა, ზოგადად, მხოლოდ სასამართლოს სანქციით და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს და თუ უკანონოდ ამას ვინმე ახორციელებს, ცხადია, კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა ის სისტემური პრობლემები, რაც იყო წლების განმავლობაში საქართველოში, აღარ განმეორდეს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრი ეკა გიგაური კი ფიქრობს, რომ სისტემური პრობლემების დასაძლევად აღნიშნული ცვლილება საკმარისი არ იქნება და რეფორმები სხვა მიმართულებითაც უნდა განხორციელდეს:

“საჭიროა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რისი მიზანიც იქნება დადგინდეს იმ პირთა წრე, რომელთა მიყურადება და თვალთვალი არის შესაძლებელი, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას; ასევე დადგინდეს ის დანაშაულები, რომლის დროსაც შეიძლება მიყურადება და თვალთვალი; ასევე დადგინდეს სპეციალური წესი, რომელიც შეეხება ამ პირადი ინფორმაციის შენახვას და მის განადგურებას და ასე შემდეგ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა გასული თვის ბოლოს დაასრულა. სამინისტრომ ეკა გიგაურისა და მისი კოლეგების ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები სამართალდამცავი სტრუქტურების შემზღუდავი მექანიზმების შემოღების შესახებ ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა და არ ასახა კომისიის დასკვნით დოკუმენტში. არადა, არსებობს მობილური ოპერატორების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელისუფლების დროს დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის დემონტაჟი არ მოუხდენია. შესაბამისად, ეკა გიგაური ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, გაამკაცროს სასჯელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვისა და გავრცელებისათვის, პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ არ არის საკმარისი.
XS
SM
MD
LG