Accessibility links

logo-print

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს


ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს შოთა მურღულიას, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, თანამდებობიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებმა. მანამდე კი მარგველაშვილის მიერ შოთა მურღულიას გათავისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა. შოთა მურღულიას თანამდებობაზე დაბრუნება საკრებულოს თავმჯდომარისგან მოითხოვა საკრებულოს დეპუტატთა ნაწილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სპორტული, სახელოვნებო და სხვა გაერთიანებების წარმომადგენლებმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.

წინა საღამოს, 12 თებერვალს, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა შოთა მურღულია თანამდებობიდან რამდენიმე მიზეზით დაითხოვა, მათ შორის, მერიაში სამსახურის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების შესარჩევი კონკურსის ჩაშლისა და საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობის ნაკლებობის გამო. აქციის მონაწილეთა თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის შენიშვნები მურღულიას მისამართით არასერიოზულია. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აიძულონ, თავისი ფუნქციები შეასრულოს.
შოთა მურღულიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და მერიის სამსახურებს სტაბილურობის შენარჩუნებისა და გამართული მუშაობისკენ მოუწოდა. მურღულია ფიქრობს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ის უკანონოდ ჩამოაცილეს.

მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა ვიცე-მერმა ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილმა, რომელსაც მერის მოვალეობის შესრულება თამაზ მარგველაშვილმა გუშინვე, ანუ 12 თებერვალსვე, დააკისრა.

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის აზრით, ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილმა მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი ზეწოლის შედეგად განაცხადა. მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა მურღულიას ბრალდებებსაც უპასუხა.

როგორც საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე განმარტავს, მარგველაშვილის მიერ შოთა მურღულიას გათავისუფლებას წინ უსწრებდა საკრებულოს ათი დეპუტატის მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარისთვის უნდობლობა უნდა გამოეცხადებინათ და თანამდებობიდან გადაეყენებიათ. მამუკა მღვდელაძის განცხადებით, სხდომა მომავალ კვირაში აუცილებლად ჩატარდება.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 18 თებერვალსაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე უნდა გაირკვეს, შეინარჩუნებს თუ არა თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.
XS
SM
MD
LG