Accessibility links

logo-print

რუსეთმა წარმოადგინა სირიის თაობაზე რეზოლუციათა პროექტები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა წარმოადგინა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა პროექტები, რომლებიც ეხება სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ლავროვი ამ განცხადებით მოსკოვში გამოვიდა. მისი შეფასებით, ტერორიზმი სირიის და მისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის ტანჯვას იწვევს და ეს ნამდვილად არ წარმოადგენს ჰუმანიტარულ კრიზისზე ნაკლები სიმწვავის პრობლემას. რუსეთის მოწოდება, რეზოლუციამ დაგმოს „ტერორისტული“ აქტები, ეხმიანება სირიის რეჟიმის რიტორიკას, რომელიც ამ ტერმინს იყენებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ყველა მებრძოლთან მიმართებით. მიმდინარე კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ უარყოფს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების თაობაზე დასავლეთისა და არაბული ქვეყნების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, არსებული ფორმით. რუსეთმა პროექტი ასადის მთავრობის წინააღმდეგ მიკერძოებულად მიიჩნია. რუსეთი ასადის რეჟიმის ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მოკავშირეა მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო თითქმის სამი წლის წინ.
XS
SM
MD
LG