Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გულისწყრომას გამოხატავს ავღანეთში ექსტრემიზმში 65 ბრალდებულის გათავისუფლების გამო


აშშ „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს ავღანეთის გადაწყვეტილებას ქაბულთან ახლოს მდებარე, წარსულში აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ციხიდან ექსტრემიზმში 65 ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. პატიმრები ხუთშაბათს დილით გაათავისუფლეს ბაგრამის ციხიდან - რომელიც შარშან შევიდა ავღანეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ქაბულში აშშ-ის საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას ეკისრება. განცხადება ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ გათავისუფლებულმა პირებმა არ ჩაიდინონ ძალადობის და ტერორის ახალი აქტები. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელმაც მტკიცებულებების ნაკლებობის საფუძველზე გასცა პატიმართა განთავისუფლების ბრძანება, წარსულში ბაგრამის ციხეს უწოდა „თალიბანის მაწარმოებელი ქარხანა“. კარზაის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონსა და ქაბულს შორის იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ძალები წლის ბოლოს ქვეყნის დასატოვებლად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG