Accessibility links

logo-print

რასმუსენი: ავღანეთში 65 პატიმრის გათავისუფლება სერიოზულ საფრთხეს ქმნის


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კანონის უზენაესობისთვის „მნიშვნელოვან უკანგადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქაბულთან ახლოს მდებარე, წარსულში აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ციხიდან ექსტრემიზმში 65 ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. რასმუსენის აზრით, ეს ნაბიჯი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. რასმუსენი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, „პოლიტიკურ გათვლებს დაეფუძნა“ და ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საფრთხე არ განხორციელდეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებამდე პატიმართა გათავისუფლებას აშშ გამოეხმაურა და მას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა. პატიმრები ხუთშაბათს დილით გაათავისუფლეს ბაგრამის ციხიდან - რომელიც შარშან შევიდა ავღანეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ქაბულში აშშ-ის საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას ეკისრება. განცხადება ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ გათავისუფლებულმა პირებმა არ ჩაიდინონ ძალადობის და ტერორის ახალი აქტები. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელმაც მტკიცებულებების ნაკლებობის საფუძველზე გასცა პატიმართა განთავისუფლების ბრძანება, წარსულში ბაგრამის ციხეს უწოდა „თალიბანის მაწარმოებელი ქარხანა“. კარზაის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონსა და ქაბულს შორის იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ძალები წლის ბოლოს ქვეყნის დასატოვებლად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG