Accessibility links

ანთაითელ („გრძელი ნათელი დღეები“)


ავტორი: ანი რევაზიშვილი

არც კინო კრიტიკოსი ვარ. არც კინომანი. არც მეგობრები მყავს კინოთმცოდნენი.
ახლა უკვე წრფელი გულით და სუფთა სინდისით მოვყვები როგორ გამიზიარა ჩემმა მეოთახემ (roommate) ქართული ფილმის "გრძელი ნათელი დღეების" ნიუ-იორკში ჩამოსვლის ამბავი და როგორ მომინდა აუცილებლად წასვლა. დავპატიჟე ჩემი დომინიკელი მეგობარი გოგო, მისი პოლონელი ბოიფრენდი და ჩემი ქართველი მეგობარი. ვნერვიულობდი B ტრეინში გზად “ანჟელიკა ფილმისკენ” - მე ჯანდაბას, ესენი სადღა მიმყავს-თქო. ახლა ვფიქრობ რა მანერვიულებდა: მეც ისეთივე მაყურებელი ვიყავი, არც მსახიობი, არც მსახიობის და. მსახიობის მეზობლის ძმისშილიც კი არ ვიყავი.
მოვიმარაგეთ ბატიბუტი და დავიკავეთ ადგილები. სხვა ფილმების თრეილერების ჩვენებისას მე სხვათაშორის ვამოწმებდი დარბაზს, ემატებოდა თუ არა მაყურებელი. ეკრანის ჩაქრობისა და ხელახლა ანთების დროისთვის 14 კაცი დავითვალე. აინთო ხელახლა-თქო და შავზე თეთრად "თბილისი, 1992 წელი" გამოჩნდა.
იქვე მივეცი კომენტარი ჩემი დაბადების წელიათქო.
ფილმი დაიწყო და მოვეშვი. სავარძელში ღრმად ჩავჯექი.
სავარძელში ღრმად ვიჯექი, მაგრამ მომილხენიათქო - მაგასაც ვერ ვიტყვი. ჩემი უცხოელი მეგობრების კითხვები მაწყვეტინებდა მოგონებებითა და წარსულით ტკბობას(?): პურის დეფიციტი იყო? ქუჩაში იარაღამოღებულები დასეირნობდნენ პატარა ბავშვები? (როცა 14 წლის გოგონა, თავის მეგობარს შეყვარებულისგან ნარჩუქ იარაღს აჩვენებს და ისინი, რიგ-რიგობით ცალი ხელით ყვავილებიანი კალათასავით "მოაპროწიალ-ქანავებენ" ცეცხლსასროლ იარაღს); და პოლიცია სად არის? (როცა ერთი მეორეს, დღის სინათლეზე, სავსე ქალაქში, იარაღმომარჯვებული სიტყვიერი მუქარამიძახებით მოსაკლავად მისდევს)
განსხვავდებოდა ადგილები, რომლებიც გაყვითლდა ჩემთვის და ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის . მე მომეწონა, როგორ კარგად ჩანს ქართველების სიყვარული ღვინის მიმართ: ახალი ოჯახური კონფლიქტმოთავებული, ჩამოხეულ-ჩამოგლეჯილი ცოლის წინ გატეხილი ბოცა განისვენებს. დედამთილი შემორბის და დასტირის დაღვრილ ღვინოს. ქალისადმი სიყვარული და პატივისცემა, როცა ქორწილში უკვე გემრიელად შემთვრალ კაცებს სამზარეულოში გაგრძელებულ სუფრაზე ერთმანეთზე მიმსხდარი, წეღან სუფრაზე ჩამომჯდარი ქალები ახსენდებათ. იმიტომ ჩამომჯდარი, რომ კერძი აღარ დარჩათ ჩამოსატარებელი და თეფში შესაცვლელი. ახსენდებათ და მანდილოსნების სადღეგრძელოს ჯოს ძახილით სვამენ. ქართული ტრადიციული რიგი. როგორ მოწიწებით უთმობს გზას შუახნის მამაკაცი ერთმანეთზე მოსაკლავად გაკიდებულ ახალგაზრდებს.

"ეგ ხო ვიცოდით, ახალი არაფერი იყო" - ჩემმა მეოთახე გოგომ ეს ამბავი უბრალოდ მიიღო და გააგრძელა სუშის ჭამა. იმედგაცრუებული დარჩა რბილი სიუჟეტის გამო. ფილმმა ტიტანიკივით არ აატირა და შინდლერის სიასავით არ დაძაბა, არ გააკვირვა "based on true story"-ს ტიპის სცენარმა. იმიტომ რომ ძალადობა, გულგრილობა, ტოლერანტობის დანაკლისი/არქონა, "წადი ქალო სახლში", "უზრდელი" რიგი, "შუქზე რა ისმის", ქმრის "რავი მგონი" სიყვარული, 13 წლის პატარძალი, სკოლის ტუალეტი, ისეთი როგორიც არის და კიდევ სხვა - მისაღები თუ არა მყოფადია. მყოფადია და აკრიტიკებს, განა არ აკრიტიკებს, მაგრამ ისე ზოგადად რომ იცის. გაუგია, რომ ცუდია, კაცთმოძულე, 20 წელია დაქორწინებული მეზობელი დიასახლისისგან ყავაზე რომ დედასთან შემოდის. მზადაა დანა დაარჭოს „იმ არაკაცს“ და ციხეშიც მზადაა წავიდეს, მაგრამ რომ განქორწინდეს, იმისთვის არაა მზად. და ის რომ კითხვაზე - მძიმე იყო საყურებლად? პასუხობს - იყო რა... ეგ უკვე მაწუხებს. ეგეც მტკივა.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი უცხოელი მეგობარი გოგო დღესაც პირზე ხელის მიფარებით და "ო"-ს ტუჩებით იმიტაციით იხსენებს ფილმის სიუჟეტს, მაინც არ მგონია რომ ამ ფილმით საქართველოზე გამავალი მერიდიანები დასავლეთისას დაშორდა აღმოსავლეთისკენ დახევის ან ადგილზევე შეკუმშვის ხარჯზე. ის რომ, „ამან“ თქვა მე სცენარს დავწერო, მე - ფილმს გადავიღებო, მე - მეზობლებს ვანახებო, მე - მოვალ და დიდ ეკრანზე ვუყურებო ნიშნავს, რომ ვიცით ისტორია, უარყოფითად ვაფასებთ, ვაღიარებთ, ვყვებით და სხვასაც ვანახებთ. თუმცა ცერა თითმა თქვაო თქვენს გაკეთებულს "მე შევჭამო" და ჩემმა ქართველმა მეგობარმა ბიჭმა სავარძლებიდან ადგომისთანავე გამომიცხადა - ამის ჩვენება დასავლეთისთვის როგორ შეიძლებოდა! ეხლა რომელი ტურისტი ჩამოვა ვინც გაიგებს იქ რა ხდება/ოდა-ო.
ცერა არ გაჩერდა და ფილმის ხარისხზეც შემეკამათა მე უცოდინარს. მაგრამ მალე მივხვდი საქმე გადაღების, მონტაჟის, სცენარის შექმნის, სიუჟტის განვითარების, მსახიობების ოსტატობაში არამც და არამც არ იყო. კამათი ეხებოდა შინაარს და განცდას, რომელიც მე და იმას ცისფერ ეკრანზე გასულმა მოქმედებამ დაგვიტოვა. მერეღა ვიფიქრე, უფრო რთულია კაცისთვის აღიაროს, რომ იქ მისნაირი ძალადობს, ამცირებს, იტაცებს, კლავს, გულგრილია. ჩემნაირი კი დიახაც მსხვერპლია, რომელიც გამოფხიზლდა, თავს იცავს და მთელი შეგნებული და ცივილიზებული მსოფლიო მის მხარეზეა. ამჯერად აგრესიული ვიყავი მე.
კინოთეატრში გავამთელე ჩემი მეგობარი გოგონების - "ქართველზე მე არ გავთხოვდები";"სახლში არ დავჯდები მე უნდა ვიმუშაო" - გაბრაზებული და მებრძოლი წამოძახილი (2013 წელი). ბიჭი მეგობრების გაწყვეტილი კავშირიც გავამთელე წარსულთან და მათ ახლანდელ "სულგრძელობასთან": „ჩემი ცოლი იმას იცვამს რასაც უნდა, მე პრობლემას არ ვუქმნი, დაქალებიც მოყავს სახლში და დედასთანაც კვირაში ერთხელ მიდის“. ქართველი ქალის ოჯახში აწ უკვე კაცობის წინაპირობა დამეხატა. მის, ზოგჯერ უსაბუთო, აგრესიას ფუძედ რომ უდევს - "შენი გორისამ ჩემი გორისა რომ ამწარა ეხლა მე გიჩვენებ შენ სეირს"-ო.
ჩემს მეოთახესთან ფილმის განხილვისას ფინალი არ მოვიწონე, რაღაც დამაკლდა, კადრი მშრალად გაწყდა მეთქი. იყო ასე გაწყვეტილი რამდენიმე წამი, ჩვენ დაბნეული ველოდით "ბოლო ამოსუნთქვას" და ამ დროს ტიტრები ავიდა. ჩემი მეოთახე 20 წლისაა. მაშინვე მითხრა: შუქი ჩაქრა. გაგვეცინა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG