Accessibility links

უზბეკეთის პრეზიდენტმა, კრიტიკის ფონზე, პრაღაში ვიზიტი გადადო


ისლამ ქარიმოვი

ისლამ ქარიმოვი

ჩეხეთის ოფიციალური პირები ადასტურებენ ცნობას, რომ უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა, გადადო ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი 20-22 თებერვალს უნდა შემდგარიყო და ის მწვავე კრიტიკას იწვევდა უფლებადამცველთა მხრიდან.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის მრჩეველმა ჰინეკ კმონიჩეკმა რადიო თავისუფლების უზბეკურ რედაქციასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ვიზიტი ამ ეტაპზე კალენდრიდან ამოღებულია, თუმცა დასძინა, ვიზიტი არ გაუქმებულა, ის მხოლოდ გადაიდოო: „მიზეზი გახდა პროგრამაში შესული ცვლილება, რადგან ის დაემთხვა საგაზაფხულო დღესასწაულებს. აღმოჩნდა, რომ ბევრი ვინმე ამ დროს ადგილზე არ იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ შევძლებდით პროგრამაში პრემიერ-მინისტრ ბოჰუსლავ სობოტკასთან სადილის ჩართვას, რადგან პრემიერს ამ დროს არ ეცალა. იგივე ითქმის ექვსიდან ხუთ მინისტრზე, რომლებსაც უზბეკეთის მხარესთან ორმხრივი შეთანხმებები უნდა გაეფორმებინათ“.

ჩვენი რადიოს შეკითხვას, მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა ქარიმოვის ჩეხეთში ვიზიტი, კმონიჩეკმა ასე უპასუხა: „ვერ გეტყვით, პრეზიდენტის გრაფიკი დატვირთულია და საკმაოდ ძნელია დროის გამონახვა. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, თუმცა, ცხადია, შემდეგი თავისუფალი თარიღის გამონახვას გარკვეული დრო დასჭირდება“.

ჩეხეთში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „ადამიანი გასაჭირში“ შეუერთდა გაერთიანებებს, რომლებიც ჩეხეთის პრეზიდენტს ქარიმოვის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ.

ჩვენ კამპანია გავაჩაღეთ რომ შეხვედრა არ შემდგარიყო. როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება. და ეს რამდენიმე მიზეზით არის კარგი. პირველ რიგში, პრეზიდენტი ქარიმოვი ვერ შეძლებს დასავლელ ლიდერებთან თავისი შეხვედრის ფოტოსურათების ან კადრების გამოყენებას...
ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 31 ხელმომწერისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც პროფკავშირებს, ინვესტორებს და უფლებადამცველებს აერთიანებს, ამის თაობაზე ღია წერილი გამოაქვეყნა. უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის 25-წლიანი მმართველობა მოიცავს წამების პრაქტიკას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას და იძულებით შრომას ბამბის მრეწველობაში, და ჩეხეთის პრეზიდენტს დაპატიჟების გადახედვისკენ მოუწოდებდნენ.

წერილის ხელმომწერებს შორის იყო „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი, ენდრიუ სტროლაინი, რომელმაც ვიზიტის გადადების შესახებ ცნობა ასე შეაფასა: „ეს კარგი ამბავია. ჩვენ კამპანია გავაჩაღეთ რომ შეხვედრა არ შემდგარიყო. როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება. და ეს რამდენიმე მიზეზით არის კარგი. პირველ რიგში, პრეზიდენტი ქარიმოვი ვერ შეძლებს დასავლელ ლიდერებთან თავისი შეხვედრის ფოტოსურათების ან კადრების გამოყენებას. ის ასეთ ვიზიტებზე დადის და შემდეგ თავის ქვეყანაში ცდილობს ხალხს აჩვენოს, რომ მას პატივს სცემენ და ისე ექცევიან, თითქოს მნიშვნელოვანი პიროვნება იყოს. ის ვერ შეძლებს ასეთი სატელევიზიო კადრების ჩვენებას და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ჯერ კიდევ ოთხშაბათს ჩეხეთის პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას შემტევი ფორმით იცავდა - აცხადებდა, რომ ქარიმოვი ჩეხეთში ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა, ვაცლავ კლაუსმა მიიწვია. ზემანმა ვიზიტის კრიტიკოსებს „ფარისევლებიც“ კი უწოდა.

მაგრამ აქტივისტებისთვის ეს არგუმენტაცია მიუღებელი აღმოჩნდა - ისინი ამბობენ, რომ კლაუსის უზბეკეთში ვიზიტი და, შესაბამისად, ქარიმოვის საპასუხო ვიზიტით დაპატიჟება შედგა ერთი წლით ადრე, ვიდრე 2005 წელს ანდიჟანში უსაფრთხოების ძალები ასობით სამოქალაქო პირს დახოცავდნენ.
ანდიჟანის შემდეგ ევროკავშირმა უზბეკეთის მთავრობას სანქციები დაუწესა. მას შემდეგ ქარიმოვი ევროპაში მხოლოდ ორჯერ იყო - 2013 წელს ლატვიაში, როცა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გასვლა განიხილეს, და 2011 წელს ბრიუსელში, სადაც მასთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მილოშ ზემანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ღიად განიხილავს პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებად. როგორც ვარაუდობდნენ, სწორედ ბიზნესის სფეროში თანამშრომლობა უნდა ყოფილიყო დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა. ზემანს კავშირების გაღრმავება სურს ენერგიით მდიდარ უზბეკეთთან.
XS
SM
MD
LG