Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მოციგურავე ევგენი პლიუშჩენკო მოიხსნა ასპარეზობიდან


რუსმა მოციგურავემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგენი პლიუშჩენკომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიეღო მონაწილეობა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში გამართულ ინდივიდუალურ ასპარეზობაში. პლიუშჩენკო მოკლე პროგრამის შესრულებამდე ყინულის მოედანზე მოთელვისთვის გამოვიდა, თუმცა, მალევე, წარუმატებელი ნახტომის შემდეგ უხერხული მოძრაობა გააკეთა და დატოვა მოედანი. გამოსვლის წინ კი განაცხადა, რომ იხსნება ასპარეზობიდან. ამის შემდეგ პლიუშჩენკომ განაცხადა, რომ დაასრულა კარიერა: „მე დავასრულე კარიერა. ასაკი მაძლევს გაგრძელების საშუალებას, თუმცა, 12 ოპერაცია - ეს მეტისმეტია“. პლიუშჩენკო პროგრამის ამ სახეობაში რუსეთის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. ოლიმპიადაზე მისი გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებამ კამათი გამოიწვია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთადერთი კრიტერიუმი ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებაა, რუსეთში მრავალსაფეხურიანი სქემა გამოიყენეს. შერჩევის პირველ ეტაპად ითვლებოდა ქვეყნის ჩემპიონატი, მეორე ეტაპატ - იანვარში ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატი. თუმცა, ამის შემდეგაც ფედერაციამ უფლება დაიტოვა შემადგენლობა თავისი შეხედულებით განესაზღვრა და გამოაცხადა, რომ შერჩევის მესამე ეტაპი „ექსპერტთა საბჭოს“ გადაწყვეტილება იქნებოდა. რუსეთის ჩემპიონატზე პლიუშჩენკომ გამარჯვება 18 წლის მაქსიმ კოვტუნს დაუთმო. ევროპის ჩემპიონატზე პლიუშჩენკო არ წასულა, კოვტუნმა კი ბუდაპეშტში წარმატებას ვერ მიაღწია - მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ამასთან, ბუდაპეშტში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები სერგეი ვორონოვმა და კონსტანტინ მენშოვმა მოიპოვეს. ამ ორი სპორტსმენის სოჭში წასვლის შესაძლებლობა არც კი განუხილავთ. საბოლოოდ კი, ექსპერტთა საბჭომ პლიუშჩენკოს გამოსვლის დახურულ ჩვენებაზე გადაწყვიტეს მისი ოლიმპიადაზე გაშვება. ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე ბევრი მსჯელობდა გუნდური ასპარეზობის შემდეგ პლიუშჩენკოს ასპარეზობიდან გამოთიშვის შესაძლებლობაზე. თუმცა, ახლა პლიუშჩენკო უარყოფს, რომ წინასწარ გეგმავდა ინდივიდუალურ აპსარეზობაზე უარის თქმას.
XS
SM
MD
LG