Accessibility links

logo-print

ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი


ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნული ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკვლევით კი, ყოველ მესამე ქალს ერთხელ მაინც განუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა. ამ ქალების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს მოძალადისგან თავის დაღწევას. ამაში მათ ხელს უშლის ის კულტურული გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ხშირად - საკუთარი ნათესავები და ოჯახის წევრები, ეკონომიკური დამოკიდებულება ქმარზე, გაურკვეველი მომავლის შიში და ხალხის აზრიც. ნაწილმა იმ ქალებისა, ვინც ძალადობას შეეწინააღმდეგა, დროებითი გამოსავალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იპოვა.


თავშესაფარში

თებერვლის დასაწყისია. დილიდან თოვს. გზა ალაგ-ალაგ მოყინულია. სინოპტიკოსები ამ დღეებში მინუს ათ გრადუს ყინვას ვარაუდობენ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვართ, გორში. თავშესაფრის ბინადართა ნაწილი თავ-თავის ოთახებშია შეკეტილი და ფანჯრიდან
არავინ არ უნდა მოითმინოს! როცა თავიდანვე, პირველივე შემთხვევა მოხდება ძალადობის, პროტესტის გრძნობა მაშინვე უნდა გაგიჩნდეს...
დათოვლილ ქუჩებს გაჰყურებს. ბავშვები სკოლაში არიან. ზოგი თავის საქმეზეა გასული, ზოგიც მუშაობს. თავშესაფარში თბილა. პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახია, ტელევიზორით. აქ საღამოობით იკრიბებიან ხოლმე. საკუთარი თავგადასავალი ერთმანეთისთვის უკვე ყველას მოყოლილი აქვს. ამბები ერთმანეთის მსგავსია - ყველანი იძულებულები გახდნენ ერთ დღეს საკუთარი სახლი და ოჯახი მიეტოვებინათ - მიეტოვებინათ იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ. მაგრამ ამის თქმა მხოლოდ დღეს გაბედეს. ამასვე ეუბნებიან ისინი სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობას ამ დრომდე ითმენენ. ამ ხმებით დავიწყებ:

„თავის თავს ჰკითხონ, რისთვის ან ვისთვის ითმენენ? იმიტომ, რომ მე ჩემს შვილებს ამ მოთმენით არაფერი შევმატე, პირიქით, დავაკელი. ეს რა გაზრდაა, როცა არც ნერვები უვარგათ, არც ჯანმრთელობა. ქირით მეცხოვრა, ცოტა გვეჭამა და თავის დროზე წამოვსულიყავი..."

„არავინ არ უნდა მოითმინოს! როცა თავიდანვე, პირველივე შემთხვევა მოხდება ძალადობის, პროტესტის გრძნობა მაშინვე უნდა გაგიჩნდეს“.

„უნდა გადადგა ეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ დროულად, საკუთარი თავის ღირსება იცოდე, არ შეგეშინდეს, გაბედო..."

„ჩემს თავს ვერ ვცნობდი, საკუთარი აზრი არ მქონდა. გაბედონ, თავის თავს იპოვნიან. ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, საით წავიდე“.



ოთახი, პირობითად, N5

ამ ოთახში ლილი ცხოვრობს, თავისი ორი ქალიშვილით. ლილი მისი პირობითი სახელია. ოთახში კარადა, საწოლები, მაგიდა და სკამები დგას. აქვეა მათი პირადი ნივთები. თავშესაფარში ოქტომბრის შემდეგ ცხოვრობენ. ღამის გათევა მეზობლის ოჯახში, სახლიდან გაქცევა - საკმაოდ ხშირი ამბავი იყო. ქმარი სვამდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი, ყოველდღე ძალადობდა საკუთარ ცოლ-შვილზე. ლილი და გოგოები ძირითადად ღამით გარბოდნენ ხოლმე და სადაც მოუხერხდებოდათ, თავს აფარებდნენ. თავშესაფარში მოსვლის პირველი დღე და ღამე ლილის თითქმის არ ახსოვს - ვინ შეხვდა, რა უთხრეს, ვინ დააპურა. სიმშვიდე იმდენად არაბუნებრივად მოეჩვენა, რომ საფრთხეს ყოველ წუთს, ყველა მხრიდან მოელოდა. მანამდე იყო თმენის 22 წელი - სიფხიზლე ღამით იმის შიშით, რომ მას ან მის შვილებს მისივე მეუღლე რამეს დაუშავებდა:

„როგორც ჩემზე, ისე ამათზეც იყო ზეწოლა, ცემაც, გინებაც, მუქარაც. ბანაობას გვიშლიდა ხოლმე. კი, ვიწროდ ვცხოვრობდით, ერთ ოთახში, მაგრამ გოგონები რომ იბანდნენ, გარეთაც არ გავიდოდა ხოლმე, გადაბრუნდებოდა და ეს იყო მუდმივი სტრესი. სულ გვცემდა, სულ. ამას კლავდა, ერთხელ მიხრჩობდა. მე რომ მეზობელთან გავიქეცი, არ მომკლას-მეთქი, ამას მიუტრიალდა და ამაზე იყარა ჯავრი. მერე მეზობელს ვთხოვე, შეხედე, არ მომიკლას-მეთქი. ბოლოს ისე სცემა, ტვინის შერყევა დაემართა. ექიმთანაც ვერ ვამხელდით, გვრცხვენოდა, როგორ ვთქვა, რომ მამამ მცემა ამხელა გოგოო, იძახდა. სულ ნევროპათოლოგი გვჭირდებოდა. ბოლოს გავბედეთ და ექიმს ყველაფერი ვუთხარით“.


ლილი ხან ბოთლების გარეცხვაში ეხმარებოდა ვიღაცას, ხან მაღაზიაში გამოუჩნდებოდა რაიმე საქმე. დღეში 50 თეთრს აძლევდნენ. ფიქრობდა, რომ ამ ფულით ერთ დღეს საპონს იყიდდა, მეორე დღეს მარილს. მერე სოციალური შემწეობა დაენიშნათ და ცოტა ამოისუნთქეს, თუმცა მისი მეუღლე ამ ფულსაც აკონტროლებდა. თავად არ მუშაობდა. რაც დრო გადიოდა, ძალადობა მატულობდა. ერთ დღესაც, როგორც ლილი ამბობს, მოთმინების ძაფი გაუწყდა - შვილებს ხელი მოჰკიდა და წამოვიდა. ამბობს, რომ მის დღეში მის გარშემო ძალიან ბევრი ქალია. ისინიც ითმენენ.

დღეს ლილი და მისი ორი ქალიშვილი სოციალური დახმარებით აღარ სარგებლობენ. რადგან თავშესაფარში მოხვდნენ, კანონით, ეს დახმარება აღარ ეკუთვნით. რა იქნება შემდეგ, არ იციან. ფაქტია, რომ თავშესაფარში მუდმივად ვერ დარჩებიან. ერთ-ერთ ქალიშვილს ხერხემლის პრობლემა აქვს. თუ მკურნალობა არ ჩაუტარდა, ის მუშაობასაც ვერ შეძლებს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეორესაც. ახლა, როცა ერთი განსაცდელი გადავლილია, ისევ მომავლის შიში გაუჩნდათ:

„აქ ჩვენთვის იმხელა კომფორტია, იმხელა... იქ ჭიდან ვეზიდებოდით წყალს, არანაირი პირობა, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იყო და ამას ემატებოდა ის ცემა და უბედურება. აქ კი, მიბრძანდით, მობრძანდით... ადამიანებად ვგრძნობთ თავს, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, მერე რა იქნება, გახვალ აქედან და რა იქნება, სად უნდა იცხოვრო. ეს არის ყველაზე საშიში ჩვენთვის. ხანდახან მგონია, რომ ისევ იმის ტოლფასია, რასაც გამოვექეცი, მაგრამ მერე, როცა დავფიქრდები ხოლმე, მაინც ვფიქრობ, რომ სადმე კიბის ქვეშ ვიცხოვრებ ჩემს შვილებთან ერთად და უკან აღარ დავბრუნდები. არა, აღარასოდეს“.


ოთახი N7

აქ ნანა და მისი 13 წლის ბიჭი ცხოვრობს. სახლიდან წამოსვლის გადაწყვეტილებამდე იყო ძალადობის თმენის გრძელი 18 წელი. არც ახსოვს, რამდენჯერ გამოუძახებია პატრული, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ იმწუთას ვითარება განიმუხტებოდა ხოლმე, პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ წერდა, მიდიოდა და მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მის მეუღლეს ხელწერილს დააწერენებდნენ, რომ ცოლზე აღარ იძალადებდა, ის კი, სახლში დაბრუნებული, ცოლ-შვილს უარეს დღეში აგდებდა. ნანა იხსენებს, რომ იმ ხანებში ტელევიზორში ძალადობის საწინააღმდეგო სოციალური რეკლამა ტრიალებდა. ამბობს, რამდენჯერაც შევხედავდი, იმდენჯერ ხელი ტელეფონისკენ გამირბოდაო და ერთ დღესაც დარეკა. მერე კიდევ, მერე კიდევ და, საბოლოოდ, მეზობლების დახმარებით, სახლიდან წამოვიდა კიდეც. უფრო სწორად, გამოიქცა. ცოტა ხნით ძმასთან გაჩერდა, მერე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა და ასე კითხვა-კითხვით და სხვების დახმარებით აღმოჩნდა თავშესაფარში.

„ბავშვმა გადამაწყვეტინა. რომ ღამდებოდა, მეკითხებოდა ხოლმე, დედა, რას გიგრძნობს გული, დღესაც გვცემს მამაო? გაუსაძლისი იყო. ჯერ კი მერიდებოდა, ხალხი არ ავალაპარაკო-მეთქი, მეზობლები, ახლობლები რას იტყვიან-მეთქი. არც დას ვეუბნებოდი თავიდან ამას, არც ძმას. მერე ვთქვი, ვეხვეწებოდი ნათესავებს, დამეხმარეთ, გადამარჩინეთ-მეთქი. ამბობდნენ, ოჯახია, უნდა მოითმინოო, იქნებ გამოსწორდესო; რომ წახვიდე, სად უნდა წახვიდეო. ასე გავიდა წლები და ეს ორომტრიალი ბავშვის ფსიქიკაზეც აისახა, ეს გაუთავებელი გაქცევ-გამოქცევა. მთელი მეზობლები შეწუხებულები გვყავდნენ. აღარ სიამოვნებდათ ჩვენი დანახვა“.

ნანას ახლა ასლარიანი სამსახური აქვს. ეს არის მისი და მისი შვილის ერთადერთი შემოსავალი. ჯერჯერობით თვითონაც არ იცის, რას იზამს. ჯერ ბოლო 18 წლის ტკივილებს იშუშებს.


თბილისის თავშესაფარი

ოთახი, პირობითად, N9


ნათია 36 წლისაა. ის აქ თავის სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, უკვე ოთხი თვეა. სულ პატარა ბიჭი 2 წლისაა. უფროსი სადაცაა სკოლას დაამთავრებს. თავშესაფარში მას შემდეგ მოხვდა, რაც გასულ ზაფხულს თავის შვილებთან ერთად სოფლიდან თბილისში დაბრუნდა და საკუთარი სახლი ქმარმა გაყიდული დაახვედრა. სამი ღამე ეკლესიის ეზოში ათევდნენ. მანამდე კი იყო რამდენიმეწლიანი ძალადობა. ცემის გამო დღეს ნათიას ცალ ყურში არ ესმის. ამ ამბავს დიდხანს უმალავდა თავის ძმასაც და ნათესავებსაც. დღეს ის სტილისტის ხელობას ეუფლება და იმედი აქვს, რომ თავის შვილებთან ერთად სადმე პატარა ბინის დაქირავებას შეძლებს და ცხოვრებას გააგრძელებს.
ძალიან დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქალებს კვლავაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და იმის აღიარება, რომ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი...

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თბილისის თავშესფარში შევხვდით ანასაც. ის უკვე დიდი ხანია იქ აღარ ცხოვრობს. ახალი ცხოვრება დაიწყო და ამბობს, რომ დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, როცა ძალადობა აღარ მოითმინა. მართალია, 15 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა უფლებები გააჩნდა და რა შეეძლო გაეკეთებინა. დარეკა ცხელ ხაზზე და ასე დაიწყო ცვლილებები მის ცხოვრებაში.

„სახლში რომ მოვიდოდა ჩემი ქმარი და მე ამ დროს ბაზარში ვიყავი ან სადმე, ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა და სახლში წავსულიყავი. საჭმელად რომ დაჯდებოდა და ჩანგლის მიტანა დამვიწყებოდა, აიღებდა ხოლმე ამ ჩანგალს, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე იდო მაგიდასთან, მესროდა ხოლმე და ფეხში გამერჭობოდა ეს ჩანგალი... ბოლოს, როცა უკვე ძალიან დაიძაბა ვითარება, პატრულს როცა გამოუძახა ჩემმა შვილმა, ისეთი ნაცემი ვიყავი, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი. დღეს ვიცი, რომ გვიან, მაგრამ მაინც, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე თავისუფალი ვარ“.


ცხელი ხაზი

ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის მონაცემებით, 2012 წელს 644 ადამიანს გაეწია კონსულტაცია. ყველაზე ხშირი - 128 შემთხვევა - იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. 92 იყო ფსიქოლოგიური ძალადობის, 88 ფიზიკური ძალადობის ფაქტი. დაფიქსირდა ეკონომიკური ძალადობის 4 შემთხვევა.

2013 წელს ცხელ ხაზზე შევიდა 997 ზარი. აქედან 163 - ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, 178 - ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ძალადობის, 116 კი - მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

ცნობილია, რომ ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ამასთან, 603 მილიონზე მეტი ქალი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ოჯახში ძალადობა დანაშაულად არ ითვლება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2010 წლის გამოკვლევის თანახმად კი, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.


თავშესაფრები: თბილისი-გორი-ქუთაისი

როდესაც 2006 წელს ოჯახში ძალადობის კანონზე მუშაობა დაიწყო, ამ კანონს, სწორედ იმ მოტივით, რომ ეს ოჯახის საქმე იყო, არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, იხსენებს კანონის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანებით ვაჭრობის მსვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის დირექტორი მარი მესხი. დღესაც კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევის თანახმად, 25% ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა და ის ოჯახის გარეთ არ უნდა გავიდეს. თუმცა, მარი მესხის აზრით, სწორედ ძალადობის კრიმინალიზაციამ გადაარჩინა ბევრი ადამიანი დაღუპვას. მარი მესხი ხელმძღვანელობს თბილისში, გორსა და უკვე ქუთაისში არსებულ თავშესაფრებსაც, სადაც დღეს ძალადობის მსხვერპლი ქალები ცხოვრობენ. პირველი ორი - თბილისისა და გორის თავშესაფრები - 2010 წელს გაიხსნა. თბილისის თავშესაფარში 17 ადამიანის ადგილია, გორში - 19-ის. როგორც წესი, ეს თავშესაფრები სულ სავსეა ხოლმე, განსხვავებით ქუთაისის თავშესაფრისგან, რომელიც შედარებით ახალია და მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია ნელ-ნელა ვრცელდება.

მარი მესხი

მარი მესხი

მარი მესხი მოგვითხრობს, რომ თავშესაფარში მსხვერპლთა ნაწილი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე პოლიციას მიჰყავს, ნაწილი მათ ცხელი ხაზის მეშვეობით თავად უკავშირდება. ამას ემატება მჭიდრო კავშირი სახალხო დამცველის ოფისთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობენ - იქნება ეს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“, „სახლი“ თუ სხვა.

საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენა 7 დღიდან სამ თვემდე შეუძლია. არის შემთხვევები, როცა მსხვერპლი მესამე დღესაც ტოვებს ხოლმე იქაურობას. ამბავს გააჩნია - ეს სამი დღე ზოგჯერ სამ თვეზე მეტხანს გრძელდება და მსხვერპლი რჩება თავშესაფარში მანამ, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

მარი მესხი ამბობს, რომ დაახლოებით 60% უკან, ოჯახში ბრუნდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაეყარა, მაგრამ ამის შემდეგ ცოლი მაინც დაბრუნდა მოძალადე ქმართან. ზოგიერთი გადაწვეტილების ახსნა ძნელიაო, ამბობს მარი მესხი.


რას აჩვენებს გამოკვლევები?

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა. სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა. 1500 გამოკითხული რესპონდენტის პასუხებიდან ირკვევა, რომ მათი 34,6% ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს იმ შემთხვევაში, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან უნებართვოდ გადის სახლიდან. გამოკითხულთა შორის კვლავაც რჩება ისეთი 17%, რომელიც მიიჩნევს, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. გამოკითხულთა 69% -ის აზრით კი, ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულია. ძალადობა უფრო მეტად მიუღებელია ქალებისათვის (60,7%), ვიდრე მამაკაცებისათვის (48,4%).

ეს 69% ოპტიმისტურად განაწყობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერს ირინა ჯაფარიძეს, რომლის თქმითაც, სულ რამდენიმე წლის წინ სურათი გაცილებით საგანგაშო იყო. 2009 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 78% მიიჩნევდა, რომ ოჯახში არსებული ძალადობა ოჯახის ფარგლებს არ უნდა გასცილდეს.

ძალადობის დანაშაულად შეფასებას, ირინა ჯაფარიძის აზრით, ხელი შეუწყო ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციამაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის დამატებით გამოიხატა, რომლის მიხედვითაც, ძალადობა ოჯახში კანონით ისჯება. თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება 34%-იანი მაჩვენებელი იმ ხალხისა, ვინც გარკვეულ შემთხვევებში ძალადობას მაინც დასაშვებად მიიჩნევს. ამას ისიც ემატება, ამბობს ირინა ჯაფარიძე, რომ ქალები ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებიან:

„ძალიან დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქალებს კვლავაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და იმის აღიარება, რომ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

საინტერესო ტენდენცია, რომელსაც გამოკვლევის ავტორი, სოციოლოგი ნანა სუმბაძე უსვამს ხაზს, არის ის, რომ ძალადობის საკითხზე ლაპარაკი განსაკუთრებით უჭირდათ სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო ვინც აზრს გამოთქვამდა, მათი უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ძალადობა ოჯახის საქმეა და ამის გამო პოლიციას არ უნდა მიმართო. კახეთში, მაგალითად, პირიქით, ხალხი დაუფარავად ლაპარაკობდა ძალადობის ფაქტებზე. ხალხი ამ რეგიონში შესამჩნევად იყო ინფორმირებული:

„31 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბევრად ღიად ლაპარაკობენ ამ თემაზე, ვიდრე უფროსი ასაკის ხალხი. განსაკუთრებით კი, 60 წელს გადაცილებული ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ, საერთოდ, ადამიანმა პოლიციას არ უნდა მიმართოს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. და კიდევ ერთი: უმაღლესი განათლების მქონე ხალხი ბევრად ადვილად აღიარებს ოჯახში ძალადობის ფაქტებს - მიიჩნევენ, რომ ეს კრიმინალური აქტია და მისი მოთმენა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული“.

კიდევ ერთი კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა. მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 1250 ქალი მონაწილეობდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია. ამ მხრივ კი, ყველაზე მძიმე სიტუაცია კახეთის რეგიონში იყო. მოძალადეები, უმეტეს შემთხვევაში, ქმრები არიან, მათ შემდეგ 17 % მოძალადე მამებზე მოდის, 8 % კი - ყოფილ ქმრებზე. როგორც კვლევამ აჩვენა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლებში ცხოვრობენ.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ მათთან მისული არაერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელთაც შემდეგ ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში გზავნიან ხოლმე, აცხადებს, რომ ძალადობას ეკონომიკური გაჭირვების გამო ითმენს და, თანაც, წასასვლელი არსადა აქვს.


თოვლიანი გზის გაწმენდა, როგორც გამოსავალი

ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემის ხარვეზებზე ლაპარაკობს. ეს სისტემა, მისი შეფასებით, ირთვება მაშინ, როცა მსხვერპლი უკვე ძალიან ცუდად არის და მისთვის არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია - ის ან სახელმწიფოს მიმართავს, რაც უკვე ოჯახის დაშლას ნიშნავს, ან ითმენს მანამ, სანამ შეუძლია ცოცხალი დარჩეს. ყველაზე დიდი ბარიერიც ეს არის - მას არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება ბავშვობიდან ჩანერგილ ყველაზე დიდ ღირებულებას, ოჯახსა და თავის გადარჩენას შორის:

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი

„შინაგანი კონფლიქტი ჩნდება - მსხვერპლი ფიქრობს, ანუ მე ცუდი ვარ, რადგან ოჯახი მინდა დავანგრიო? სხვა ქვეყნებში ამაზე ზრუნვა გაცილებით ადრე იწყება, ანუ მაშინ, როცა იმის პირველი სიგნალები ჩნდება, რომ ქალი უთანასწორო მდგომარეობაშია. ეს მოიტანს, საბოლოოდ, ძალადობას. ძალადობა ხომ ერთ დღეში არ ჩნდება. ეს იწყება მაშინ, როდესაც გოგონა ბავშვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეზღუდება რაღაც უფლებები“.

ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის ერთი კაცის და ერთი ქალის პრობლემა და მას სახელმწიფო უფრო კომპლექსურად უნდა განიხილავდეს. პარადოქსი ის არის, რომ სანამ ძალადობა ფიზიკურ ძალადობაში არ გადაიზრდება, ამბავი ოჯახის გარეთ არ გადის. თუმცა იქამდე ოჯახი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. ცემას აუცილებლად წინ უსწრებს ემოციური ზეწოლა. მეტი ალბათობით, ამას ემატება ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა. ამ უკანასკნელზე მსხვერპლი, როგორც წესი, პოლიციასთან არ ლაპარაკობს. დასკვნა ერთია, ამბობს ანა, სახელმწიფო ოჯახის მხარდასაჭერად ბევრად ადრე უნდა გამოჩნდეს და იმაზეც უნდა იმუშაოს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლად არ შეფასდეს. ეს ფაქტორი ხშირად მოძალადეებს უფრო აძლიერებს.

2006 წელს მიღებულ კანონში „ოჯახში ძალადობის შესახებ“ თავშესაფარი, როგორც გამოსავალი, მხოლოდ ერთი კომპონენტია. არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მუხლი, რომელსაც ამ ეტაპზე დათქმა ადევს. მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, ოჯახური კონფლიქტის ანალიზი და ამ კონფლიქტის მოგვარებაზე ზრუნვა სოციალურ მუშაკებს ევალებათ, სხვა მუხლი მოძალადეთა რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ეხება.

ჩვენ მარი მესხს ვკითხეთ, რატომ არ არსებობს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პრევენციისათვის, თავშესაფრის გარდა, სხვა სერვისები, მაგალითად, რეაბილიტაციის ცენტრები მოძალადეებისათვის. მარი მესხი ამბობს, რომ მათ, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ ისეთი სერვისის შექმნა, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც არ იყო ბოლომდე სრულყოფილად გამოცდილი. გამოსაფხიზლებლის მიღება კი ნამდვილად არ სურდათ:

„მეც ვფიქრობ, რომ მსხვერპლის დახმარების მიმართულებით რაც არ უნდა განვავითაროთ, ეს ძალისხმევა ცალმხრივი იქნება, თუ არაფერს ვიზამთ მოძალადეების მიმართაც. თუმცა დღეს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები არ გვაქვს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ თავად ვთქვით უარი, რადგან არ გვქონდა სრულყოფილი წარმოდგენა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ცენტრი. გავეცანით სხვა ქვეყნის გამოცდილებებსაც. აი, მაგალითად, ავსტრიამ ასეთი ცენტრი დახურა, არ გაამართლა. არ მიდიოდნენ მოძალადეები. ამერიკაში, ზოგ შტატში, ასეთ ცენტრში მისვლა სავალდებულოა. ჩვენც, ალბათ, ამ გზით უნდა წავიდეთ, მაგრამ ბოლომდე, ეს სურათი როგორი უნდა იყოს, გააზრებული არ გვაქვს“.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

კანონიდან მთელი რიგი ღონისძიებების ფრაგმენტულად ამოგლეჯა, თუნდაც გარკვეული დროით, ანა არგანაშვილის შეფასებით, სასურველ მიზანსა და შედეგებს აუქმებს. სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნებში ამ პრობლემის გადასაჭრელად ქალის გაძლიერებას ცდილობს. გაძლიერება ხშირად ნიშნავს ქალს მისცე შესაძლებლობა ოჯახში თავის როლს რეალიზებული ქალის როლიც შეუთავსოს. ხანდახან ქალის გაძლიერება ერთი შეხედვით შეუმჩნეველ დეტალებში იმალება - ისე, როგორც ეს შვედეთში ხდება:

„როცა იქ მოთოვს ხოლმე და მძიმე მეტეოროლოგიური პირობები იქმნება, პირველ რიგში, იწმინდება ტრანსპორტის ის გაჩერებები და ის გზა, ზოგადად, რომელიც საბავშვო ბაღებამდე მიდის. იცით, რატომ? - ამ ქვეყნის მთავრობამ გააანალიზა, რომ ეს არის ქალებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი. მე თუ ვერ წავიყვან ბავშვს ბაღში თოვლის გამო, ვერ წავალ სამსახურში, თუ ვერ წავალ სამსახურში, ვერ მივიღებ ჩემს ფინანსებს, არ მექნება ფული, ვიქნები აბსოლუტურად დამოკიდებული ვინმეზე, არარაობა... ეს არის სენსიტიური მიდგომა და არა ის, რომ პოლიცია უნდა მობილიზდეს ან რამე“.

იქნებ მოყინულ გზაზე მარილის დაყრა ან გზის თოვლისგან გაწმენდა იყოს ხანდახან, გამოსავალი თუ არა, ამ გამოსავლის ძიების დასაწყისი მაინც.
XS
SM
MD
LG