Accessibility links

logo-print

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას გამგეობამ სკვერი გაუშენა


ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის ონარიის დასახლებაში მცხოვრებნი უმძიმესი სოცილურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დასახლებაში სკვერის მოწყობას აპროტესტებენ.

გამგეობა სკვერს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 782 ლარია გამოყოფილი, სოფლის მოსახლეობა კი მცირე ზომის დასასვენებელი პარკის ნაცვლად ხელისუფლებისგან რიგ პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

ონარიის მკვიდრის, მანანა ცინდელიანის საცხოვრებელი, სოფელში არსებული სხვა 30 სახლის მსგავსად, ამორტიზებულია. მისი თქმით, იმის გამო, რომ კედლები, საძირკველი, შენობის სახურავი დაზიანებულია, მცირე მიწისქვეშა ბიძგების შემთხვევაშიც კი, შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს:

„რად მინდა ამ სკვერში ბავშვი გაერთოს და შიგნით იქ გვეძინოს, სადაც წვიმა ჩამოდის. ჩვენთან არავინ მოსულა და არ უკითხავს, თუ რა გვერჩივნა. რომელმა ოჯახმა აირჩია ერთი სახლში გაწვიმდეს და პარკი გაშენდეს?!“

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ავარიული კორპუსების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. დასახლებაში ასევე დამატებით პრობლემებს ქმნის მოუწესრიგებელი საკანალიზაციოდა წყალგაყვანილობის სისტემები.

„პირველ რიგში წყლის პრობლემა უნდა მოეგვარებინათ. ჩვენი მოთხოვნა არც ერთი არაა დაკმაყოფილებული. ყველაფერი ლამაზია, კარგია, მაგრამ ჩვენთვის მიზანშეწონილი ის იქნებოდა, გაჭირვებაში დაგვხმარებოდნენ“, - ამბობს დოდო ხასია.

ონარიის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ვითარებაზე კვლევები გასულ წელსაც გამოაქვეყნეს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან რეაგირება არაერთხელ მოითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციებმა ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციითაც მიმართეს, დასახლებაში არსებული პრობლემების თანმიმდევრული მოგვარებისთვის აუცილებელია კომპლექსური სამუშაოები ჩატარდესო. კერძოდ, მათი თქმით, უნდა განისაზღვროს თითოეული შენობის მდგომარეობა და დაზიანების ხარისხი, დადგინდეს, თუ რომელი საცხოვრებელი არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.

კვლევის შედეგების პასუხად, ჟურნალისტებს - მათ შორის, რადიო თავისუფლებას - ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ გასული წლის სექტემბერში განუცხადა, რომ „ონარიაში ყველა პრობლემა მიმდინარე და მომდევნო წელს თანმიმდევრულად უნდა მოგვარდეს“.

დაახლოებით იგივე პასუხი აქვს ზუგდიდის გამგეობას დღესაც. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიას განცხადებით, ონარია მათთვის ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად რჩება, რადგან რიგი საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის. მისივე განმარტებით, გამგეობა ამჟამად ფინანსური რესურსების მოძიებაზე მუშაობს, იმისათვის რომდასახლების პრობლემების თანმიდევრული მოგვარება დაიწყოს.

„პრობლემების მოგვარება ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაწყვეტილებას სოფლის კრების შემდეგ იღებს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრება. სოფლის მოსახლეობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოიწვიონ კრება და დაასახელონ პრიორიტეტული საკითხები, რომელსაც შემდეგ გამგეობა მიიღებს მხედველობაში. პირველი რიგის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ჩვენ შევეცდებით, იქნება ის, რაც არის ამ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი“.

ონარიაში სკვერის მშენებლობა მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს არ შეესაბამება - ასეთია„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აზრი. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა აცხადებს:

„პრიორიტეტების მიხედვით, რომ მომხდარიყო იმის განხორციელება, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ონარიაში, პირველ რიგში უნდა მოგვარებულიყო სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი, პრობლემები, ვიდრე არის სკვერის მშენებლობა. რა თქმა უნდა, სკვერის მშენებლობა კარგია და კარგია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა რეკრეაციულ გამწვანების ზონებზე, მაგრამ აუცილებელია დაიყოს არსებული პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით და პირველ რიგში მოგვარდეს ის საკითხები, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ამასთან, არჩილ თოდუა ამბობს, რომ ონარიის პრობლემებისთვის ყურადღების მისაპყრობად მათ არაერთხელ მიმართესოფიციალური წერილით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა დაცენტრალურ ხელისუფლებას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროების საქმიანობა ამ კონკრეტულ პრობლემაზე ამჯერად მხოლოდ საკითხის სხვადასხვა უწყებებში გადამისამართებით შემოიფარგლება, იმისათვის რომ დასახლება ყურადღების მიღმა არ დარჩეს,ორგანიზაცია შეეცდებაურთიერთობა გააგრძელოს შესაბამის სამინისტროებთან.
XS
SM
MD
LG