Accessibility links

logo-print

რჩება თუ არა ამომრჩეველთა სია გასაყალბებელ ინსტრუმენტად


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკამათოდ იქცა ამომრჩეველთა ერთიანი ბიომეტრიული სიის ფორმირების საკითხი, რაც მოქმედი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას წარმოადგენს. სწორედ ამ ნორმას შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს.

საარჩევნო კოდექსის ჯერ ისევ მოქმედი ნორმის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამომრჩეველთა ერთიანი ბიომეტრიული სიით უნდა ჩატარებულიყო, ამ სიის შესადგენად კი სახელმწიფოს უწევდა თითოეული ამომრჩევლისთვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და ამომრჩეველთა ერთიანი, გადამოწმებული ბაზის შექმნა. ამ პირობის შესრულება ვეღარ ხერხდება, რის მიზეზადაც, გავრცელებული ინფორმაციებით, ფინანსებისა და დროის სიმცირე სახელდება. თუმცა, ”ნაციონალური მოძრაობის” სახით, პოლიტიკური ოპონენტები შეახსენებენ ”ქართულ ოცნებას”, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ბიომეტრიული სიების დაშვებას ითხოვდნენ, ისინი დროსა და ფინანსებს საერთოდ არ მიიჩნევდნენ პრობლემად.
ხდება იმის გადამოწმება, რომ ბიომეტრიული მონაცემებით, რაც გაციფრების შედეგად ხდება, ხომ არ არის გაორება. და ასეთი სურათი, გაციფრულება, მე ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს სიის კიდევ უფრო მეტი პარამეტრებით გასუფთავებას...

მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, ამომრჩეველთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათები ციფრულ ფორმატში იქნება გადაყვანეილი. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ამომრჩეველთა ფოტოსურათების შედარების შედეგად, შესაძლებელი იქნება რამდენიმეჯერ დარეგისტრირებული ამომრჩევლების აღმოჩენა და უკანონო გაორების თავიდან აშორება. საარჩევნო კანონპროექტის ინიციატორებს შორის არის უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც თვლის, რომ პრინციპულად არაფერი იცვლება და შედეგად - ამომრჩეველთა სია დაიხვეწება:

”კეთდება ბიომეტრიული რეგისტრაცია, ოღონდ არა წინასწარი რეგისტრაცია, - ანუ არა ამომრჩევლის მისვლის აუცილებლობა, - არამედ სამოქალაქო რეესტრში არსებული მონაცემები, ყველა ფოტოსურათი, რომელიც არ იყო ციფრულ ფორმატში, ანუ ბიომეტრიულ ფორმატში, იქნა გადაყვანილი ციფრულ ფორმატში და ყოველი სურათი შეუდარდა სიაში არსებულ დანარჩენ 3 მილიონ 700 ათას სურათს, რომ ხომ არ არის გაორება”.

მართალია, ბიომეტრიულსა და ციფრულ ფოტოსურათებს შორის არსებულ განსხვავებას ხედავს, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებას მაინც ოპტიმისტურად უყურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მისი აზრით, ამომრჩეველთა სიები მაინც გაუმჯობესდება:

”ხდება იმის გადამოწმება, რომ ბიომეტრიული მონაცემებით, რაც გაციფრების შედეგად ხდება, ხომ არ არის გაორება. და ასეთი სურათი, გაციფრულება, მე ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს სიის კიდევ უფრო მეტი პარამეტრებით გასუფთავებას”.

კანონპროექტი, რომელიც გააბათილებს ბიომეტრიული სიების ფორმირების მოთხოვნას, მოულოდნელი იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საარჩევნო კოდექსის ცვლილება მიუთითებს სერიოზულ ხარვეზზე, კერძოდ, იმაზე, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის ფორმირება და ამ პროცესის დასრულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. პრობლემად კვლავაც რჩება ”გაბერილი სია”, მაგრამ, ლევან ნატროშვილის აზრით, ეს პრობლემა არ არის იმ მასშტაბის, რომ არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს.

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

”იმდენი ამომრჩეველი არ არის რეალურად საქართველოში, რამდენიც ამ სიაშია. შესაბამისად, ეს ბიომეტრიული რეგისტრაცია ამას აღმოფხვრიდა და, სავარაუდოდ, შემცირდებოდა რეალური ციფრი ამ ამომრჩევლების, რაც, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დადებითი იქნებოდა და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა საუბარი, ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ ეს არჩევნების გაყალბებისთვის არის გამოყენებული და ასე შემდეგ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ნატროშვილმა.

იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ხაზს გადაუსვამს ბიომეტრიული სიის ფორმირების პერსპექტივას, სამწუხარო მოვლენად მიიჩნევს ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამომრჩეველთა ”გაბერილი სია” ნოყიერ ნიადაგს ქმნის არჩევნების გასაყალბებლად და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საზოგადოება იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად, რომ არჩევნები არ გაყალბდება.
XS
SM
MD
LG