Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 14 თებერვალი


დღევანდელი პრესა ეხმაურება ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ ბრიტანელი რაიან გრისტის დანიშვნას. „რეზონანსი“ წერს: „ბრიტანეთის მოქალაქის, ბრიტანული არმიის ყოფილი კაპიტნის რაიან გრისტის გვარი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მან დასავლურ მედიასთან, მათ შორის - „ნიუ იორკ ტაიმსთან“ და „ბი-ბი-სისთან“ განაცხადა, რომ „7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „ომის დროს ეს პიროვნება როგორ მოქმედებდა, რა ნაბიჯები გადადგა, რა საკითხზე იყო მისი ბრალეულობა და რატომ არ მისცა ეუთომ შემდგომი მუშაობის საშუალება - ამ ყველაფერზე ევროკავშირთან მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე უკვე მუშაობს. საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ევროკაშირისა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობას შეეფერება. „ნაციონალებს“ სურთ ურთიერთობა გაგვიფუჭდეს ევროკავშირთან, აშშ-თან და უამრავ ჭორს და ტყუილს ავრცელებენ, რომ იქ, რუსეთთანაც სიტუაციის სტაბილიზაცია არ მოხდეს“.

რაიან გრისტის შესახებ „ალიასთვის“ უთქვამს სოსო ცინცაძეს: „რაც შეეხება რაიან გრისტს, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის აგენტი იყოს. კარგად დაიმახსოვროს ყველამ - რუსეთს აგენტურა ჰყავს ყველგან, მათ შორის - ევროკავშირშიც. ნახე, რას აკეთებს მოსკოვი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საუბარი ჩაწერეს კიევში. დღეს რუსების აგენტურა მუშაობს თბილისშიც, თავდაცვის სამინისტროშიც. საქართველო რას მიქვია, ეგენი ნატოშიც მუშაობენ, ამერიკის ხელისუფლებაშიც. ხალხს სიცრუის დეტექტორებზე ამოწმებენ და რუსი აგენტები იქაც კი არ იჭრებიან, ისეთი მაგრები არიან“.

„რეზონანსის“ მთავარი სტატია ლარის კურსის გამყარების ფონზე ფასების დაწევის ბუნდოვან პერსპექტივას ეხება. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს: „გააჩნია, რის ხარჯზე გამყარდა ლარი და როგორია მოლოდინი, რომელიც მის მიმართ საზოგადოებას აქვს. კურსის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმპორტი უფრო ძვირად დაებეგრათ. იმპორტიორებს აქვთ სურვილი, ეს თანხა ამოიღონ და ამით შეამცირონ დანახარჯი. ცხადია, ეს ტვირთი, საბოლოოდ, მომხმარებელს დააწვება“.

ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს აანალიზებს რომან გოცირიძე, რომელიც ეკონომიკის ექსპერტის სტატუსში დაბრუნდა ასპარეზზე. „ვერსია“ აქვეყნებს რომან გოცირიძესთან ინტერვიუს, რომელშიც წაიკითხავთ: „ლარის დევალვაციის მიზეზი ფულის მასის მყისიერი ზრდა იყო დეკემბერში, ახლა კი ლარის გამყარების მიზეზი, ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად, ფულის მასის მყისიერი შემცირებაა. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი დაზარალდა, რომელსაც სერიოზულად გაულაწუნეს. ეს არც ნოკდაუნია და არც ნოკაუტი, მაგრამ ეს იყო მტკივნეული დარტყმა, რამაც არასტაბილურობის განცდა შექმნა. ეს შეიძლება უფრო მძიმე ფორმით განმეორდეს, თუ არ გამკაცრდება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, არ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და არ გამოიძებნება შემოსავლების ფორმირების უფრო სტაბილური და ჯანსაღი გზა“.

„ვერსიაშივე“ ქვეყნდება ინტერვიუები სავაჭრო სახლ „საბას“ მფლობელ პაატა კაჭარავასა და მის ადვოკატ ალეკო ალადაშვილთან. ისინი ლაპარაკობენ 2013 წლის თებერვალში სავაჭრო სახლში ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაზე. მეტიც, პაატა კაჭარავა დიდ ფულად ჯილდოს ჰპირდება იმას, ვინც ხანძრის შემკვეთისა და შემსრულებლის ვინაობას ეტყვის და ამასთან, სარწმუნო ფაქტებით დაადასტურებს.

„ახალ თაობაში“ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასა და, კერძოდ, გეგუთის საპატიმროში მიმდინარე ამბებზე წაიკითხავთ. ამ თემაზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეუბნება „ახალ თაობას“: „პირდაპირ გეტყვით, ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. აბსურდია, წარმოუდგენელია, რომ გეგუთის კოლონიაში პატიმრებს სცემონ. დღეს სრულიად სხვა რეალობაა. ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერავინ მოიტანს. ის, რომ ვიღაცას ორი ნეკნი აქვს დაბეგვილი, უფრო თვითდაზიანებებია. ნებისმიერ ადვოკატს, რომელიც დღეს მუშაობს სისხლის სამართალზე და ციხეში შედის, ანეკდოტად არ გვყოფნის, ისეთი სიტუაციაა. უბრალოდ, სასაცილოა“, - ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე თვლის, რომ ეს საბოტაჟის ერთ-ერთი ელემენტია ხელისუფლების შესასუსტებლად.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG