Accessibility links

logo-print
ქუთაისის საკრებულოს წევრთა ნაწილმა მერიას წითელი არმიის ერთ-ერთი მეთაურის, ვასილ კიკვიძის ძეგლის მისივე სახელობის სკვერიდან აღების მოთხოვნით მიმართა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია გოქაძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა რუსეთის სახელით მებრძოლი მემარცხენე ესერის, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მისი ოკუპაციის მუზეუმში განთავსება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ერთგვარი გამოხატულებაც იქნება, რადგან კიკვიძე წითელი არმიის სახელით იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობდა ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია. 1917-1918 წლებში ვასილ კიკვიძე ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. გია გოქაძისვე განცხადებითვ მათი წინადადებაა, რომ კიკვიძის ძეგლის ნაცვლად ქალაქის პირველი არჩეული მერის, ლუკა ასათიანის, და გაბრიელ ეპისკოპოსის მონუმენტები განთავსდეს.

„თუ შესაძლებელია, სასურველია ტანდემში მოხდეს ამ ძეგლების განთავსება, როგორც თბილისშია ილიასა და აკაკის ძეგლები. რადგან ამ ორმა ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ქუთაისის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიაში და თუ არ დავივიწყებთ ამ ხალხის სახელს და მათ ღვაწლს, კარგი იქნება. რაც შეეხება ვასილ კიკვიძეს, ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არავითარი დამსახურება არ ჰქონია“.

გია გოქაძის თქმით, პარლამენტის მიერ „თავისუფლების ქარტიაში“ შარშან შეტანილი ცვლილებით, სავალდებულო გახდა საბჭოთა სიმბოლოების, საკულტო ნაგებობების, წარწერებისა და დასახელებების აღმოფხვრა. ქუთაისში დაბადებული ვასილ კიკვიძის ძეგლი, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში 1959 წელს დაიდგა. არსებობს ვერსია, რომ ძეგლის ავტორებმა კიკვიძის ფოტოსურათი დაიწუნეს და ნატურისთვის ქუთაისში ცნობილი პიროვნება, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, შეარჩიეს. კიკვიძის მონუმენტს „მატყუარა ძეგლს“ უწოდებს ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრი, ფსიქოლოგი ელისო კეთილაძე, რომელიც ძეგლის დემონტაჟისა და ოკუპაციის მუზეუმში განთავსების მომხრეა.

„როდესაც ყველა მიმართულია, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანური აქტი განახორციელოს, 21-ე საუკუნეში კიკვიძის ძეგლის განთავსება ქალაქის ცენტრში არაკორექტულად მიმაჩნია. საინტერესო იქნება, ალბათ, ისტორიას შეენახოს ასეთი სახეები და იყოს ოკუპაციის მუზეუმში“, - ამბობს ელისო კეთილაძე.

ბოლო წლებში ვასილ კიკვიძის ძეგლი წითლად რამდენჯერმე შეღებეს და მონუმენტზე დატოვეს წარწერა - „ჩამომიღეთ“. რამდენიმე ხნის წინ ძეგლს თეთრი საღებავი შეასხეს. მსგავს ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე:

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ორ უფლებაზე გვაქვს საუბარი: პირველი - გამოხატო შენი პროტესტი ამ ძეგლის მიმართ და, მეორე, დაამახინჯო ქალაქის იერსახე, და თუ არის გადაჭარბება ამ უფლების, შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული, იმიტომ რომ ვიდრე დგას ეს ძეგლი, მანამდე წარმოადგენს ქალაქის კუთვნილებას და ქალაქის იერსახეს და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაიცვან ის. მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი უფლება ადამიანის და ვისურვებდი, რომ პროტესტი უფრო ლამაზად იყოს გამოხატული და სხვანაირ კამპანიაში გადაზრდილი, იმიტომ რომ მაინცდამაინც ჩვენს დადებით აზროვნებაზე არ მიუთითებს მსგავსი ტიპის მოქმედებები“.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი შესწავლის პროცესშია. ძეგლის აღების მომხრეები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საკითხს მოკლე დროში მოაგვარებს.
XS
SM
MD
LG