Accessibility links

logo-print

კონსტიტუციური მართლმსაჯულება და სხვები


ავტორი: გიორგი ჩიტიძე

კაცობრიობის ისტორიისთვის უცხო არ არის ე.წ. სხვების, გნებავთ განსხვავებულების არსებობა და მათდამი აკვიატებული შიშები თუ ფობიები. ნებისმიერი ეპოქა და ცივილიზაცია იდგა ამგვარი გამოწვევის წინაშე. მონები, ქალები, შავკანიანები, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა სახის უმცირესობები ეს არასრული ჩამონათვალია იმ "პრობლემებისა", რომლებიც მუდმივად ნერვებს გვიშლიდნენ და ფიქრთ გასართველად დროს არ გვიტოვებდნენ. თუმცა, მოცემული ესეს მიზანი არ არის ამ პრობლემის ღრმა და მეცნიერული ანალიზი. მისი ფორმატი, ისევე როგორც ავტორის მწირი ექსპერტული ცოდნა, ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. მიუხედავად ამისა, მსურს, თქვენი ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მაინც შევაჩერო.
ემპირიულად დამტკიცებული და მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნებისმიერი ნორმა (ქცევის წესი) ძირითადად განვითარების სამ სტადიას გადის, ესენია: 1) ნორმის წარმოშობა; 2) ნორმის კასკადი; 3) ინტერნალიზაცია.
ყველა ხსენებულ ეტაპს ჰყავს განსხვავებული აქტორი, ისევე როგორც, განსხვავებულია მათი მოტივაცია და მოქმედების მექანიზმები. თავიდან, ყველაფერი მეტწილად ენთუზიაზმს, აქტორის ალტრუისტულ მიზანსწრაფვას ეფუძნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ქაოტურად მიმდინარე პროცესებში აისახება. შემდეგ ეტაპზე, ესა თუ ის ნორმა უკვე თავად სახელმწიფოს ან/და ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა აქტიური სოციალური ჯგუფების ინტერესის საგანი ხდება, რაც მას უფრო მეტ ლეგიტიმაციასა და ქმედუნარიანობას სძენს. საბოლოოდ, კი ხდება მისი საყოველთაო აღიარება, ერთგვარად მეინსტრიმში გადასვლა და როგორც წესი, სავალდებულო რეგულაციებად გადაქცევა როგორც მუნიციპალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამის ნათელი მაგალითია ქალთა უფლებების დაცვა, რომელიც მრავალწლიანი ბრძოლისა და პერიპეტიების შემდეგ, აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს განუყოფელ ღირებულებად და ასახვა ჰპოვა არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში. სხვა საკითხია ამ ნორმების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური იმპლემენტაცია და თანმდევი პრობლემები, მაგრამ ეს მსჯელობა შორს წაგვიყვანს.
ზემოაღნიშნული პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს ისეთ კონსერვატიულ და ჩაკეტილ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია. 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ოფიციალურად დეკლარირებული პოლიტიკა თუ კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები სულაც არ ნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება თანხვედრაშია იმ წესებთან, რომელიც იგულისხმება, რომ ყველამ ერთად, კონსენსუსის გზით დავადგინეთ (განსაკუთრებით კონსტიტუცია და მისი მე-2 თავი, რომელიც სექსუალურ უმცირესობებსაც იგივე უფლებებს ანიჭებს, როგორც ყველას). მეტიც, აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზეა. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, ენთუზიასტთა ჯგუფი, რომელსაც საშუალებას არ აძლევენ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთოს, საკუთარი პოზიცია ღიად და უშიშრად დააფიქსიროს ან თუნდაც ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, უსახლკაროებს დაეხმაროს.
ამგვარი სტატუს-ქვოს ფონზე, ეს ადამიანები ეძებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რომ მათი უფლებები დაიცვან. სწორედ ამგვარი მცდელობა იყო კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. ამა წლის 4 თებერვალს კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე, დავის საგანს წარმოადგენდა ის საკანონმდებლო ნორმები რომელთა თანხმად, ჰომოსექსუალებს მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებოდათ გადაესხათ სისხლი ნებისმიერი რეციპიენტისთვის და ამით მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში. შეზღუდვისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა პირი კავდებოდა სარისკო სექსუალური ქცევით თუ არა. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული დანაწესი იყო დისკრიმინაციული ხასიათის და არღვევდა მათი, როგორც ჰომოსექსუალების თავისუფალი განვითარების უფლებას.
პროცესის მიმდინარეობისას, მოპასუხემ მიმართა ერთგვარ ხრიკს და საქმის განხილვის დასრულებამდე შეცვალა სადავო ნორმები, კერძოდ საკანონმდებლო აქტებიდან ამოიღო ტერმინი ჰომოსექსუალიზმი და იგი ჩაანაცვლა ტერმინით მსმ (მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან). როგორც წესი, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს სამართალწარმოებას, ვინაიდან აღარ არსებობს მოქმედი ნორმა, ქცევის წესი, რომელიც უნდა შეფასდეს შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან. ნიშანდობლივი და მისასალმებელია, რომ სასამართლომ ყველასთვის მოულოდნელად, გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, ჩათვალა რა, რომ განსახილველი საქმის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, გააგრძელა წარმოება და საბოლოოდ არაკონსტიტუციურად ცნო ფაქტობრივად "მკვდარი ნორმები".
თუმცა, სასამართლომ ასევე ცალსახად მიუთითა, რომ შეცვლილი საკანონმდებლო ნორმებიც გარკვეულწილად იმეორებდნენ ძველ ჩანაწერს. შესაბამისად, მოსარჩელეებს საშუალება აქვთ ახალი სარჩელის მეშვეობით მოითხოვონ მოქმედი ნორმების გაუქმება შედარებით მარტივი წარმოებით, თუ სასამართლო დაასკვნის და ჩემი მოკრძალებული აზრით სწორედ ასე იქნება, რომ ახალი წესები ნაწილობრივ ძველის ანალოგიურია.
უფრო ფართო პრიზმაში თუ განვიხილავთ, მოცემული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია შემდეგ მიზეზთა გამო: 1) სექსუალური უმცირესობები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია 2) მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია და მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა; 3) მთელ ჩვენს რეგიონში ამ მხრივ შემაშფოთებელი ტენდენციაა; 4) სამედიცინო თვალსაზრისითაც მოძველებული და საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო რეგულაცია არსებობდა; 5) სასამართლომ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, საქმე დაესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა არ არსებობდა. ეს ერთგვარად მიანიშნებს, რომ იგი არ გაექცა პასუხისმგებლობას, არ შეუშინდა არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას და მტკიცე პოზიცია დააფიქსირა.
დაბოლოს, მიუხედავად კარგი პრეცედენტისა, ვფიქრობ, სასამართლოს მხრიდან ქირურგიული ჩარევა, ერთჯერადად კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, საერთო ფონის შესაცვლელად არასაკმარისია. საჭიროა უფრო მეტი სივრცე, დისკუსია, მსჯელობა და შეკითხვა, ისევე როგორც შემწყნარებლობა და განათლების დონის ამაღლება. სანამ ვფიქრობთ რომ არსებობენ ჩვენიანები და სხვები, მანამ ვისხდებით იმ გაფუჭებულ ატრაქციონზე, რომელიც მხოლოდ წრეზე ბრუნავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG