Accessibility links

logo-print

რუსიფიცირებული ქართველი აზიატი


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

ყოველთვის მინდოდა ამ ადამიანზე დამეწერა, რამდენადაც შესაძლებელია მას ადამიანი ვუწოდო და დავძლიო ცდუნება, არ მოვიხსენიო ის ნეგატიური ეპითეტებით, როგორიცაა ტირანი ან დესპოტი. მახსოვს ბავშვობაში ხელში წიგნი ჩამივარდა, რომელშიც აღწერილი იყო ის რეპრესიები, რომლებიც დიდი ტერორის სახელითაა ცნობილი. ამ წიგნმა ჩემზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ ბაბუაჩემის ოთახში კედელზე დიდი მოწიწებით განთავსებული სტალინის პორტრეტი ჩამოვგლიჯე და ვცადე დამეწვა. ამ ყველაფრის შედეგს - ბაბუაჩემის მიერ მოქნეულ ჯოხს მაშინ დიდი ვაი-ვაგლახით დავაღწიე თავი.
გისენის, იენის უნივერსიტეტებში პოლიტოლოგიის და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის სწავლისას პრეზენტაციების მომზადება სტალინზე, სტალინიზმზე, ბერიაზეც კი გარანტირებული მქონდა, რადგან საქართველოდან ვიყავი. არადა ამ დროს ჩემმა გერმანელმა ჯგუფელებმა სტალინზე გაცილებით მეტი იცოდნენ და ნიშნის მოგებით მეუბნებოდნენ, არ ვიცოდით სტალინი ქართველი თუ იყოო. ბევრმა ისიც იცოდა, რომ გორში ჯერ კიდევ არსებობს სტალინის მუზეუმი. ამ დროს სირცხვილის შეგრძნება მეუფლებოდა, რადგან ადამიანი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გადასახლებას, დახვრეტას მოაწერა ხელი და შექმნა ტოტალიტარული სისტემა სტალინიზმის სახით, მიუხედავად საბჭოთა კავშირის დანგრევისა ჩვენი - ქართველების საამაყო შვილად რჩებოდა.
მახსოვს ორიოდე წლის წინ ინტერნეტში ფოტოსაც გადავაწყდი, რომელზეც გორში სტალინის ძეგლთან ახალგაზრდების ჯგუფი იყო გამოსახული, ხელში საქართველოს დროშებით. ამ ფოტომ ძალიან დამთრგუნა და პირველი სიტყვა რაც გამახსენდა იყო სიბნელე. სოციალურ ქსელებში ხშირად მინახავს, რომ ვიღაცას ,,ბნელი,, უწოდეს, რადგან მას არ შეუძლია გაიგოს, მაგ. როგორ შეიძლება ქართველი სტალინით არ ამაყობდეს, ან სასულიერო პირი ცდებოდეს. ზოგადად ქართული ელიტების საყვარელი გამოთქმაა, რომ ,,ხალხი ბნელია,,. ამ ორი სიტყვით ისინი ავტომატურად განასხვავებენ საკუთარ თავს მასისგან, ანუ ხალხისგან, რომელიც მათგან განსხვავებით არ არის განათ(ლ)ებული, მაშასადამე ბნელია. თუმცა არსებობს, მეორე უკიდურესობაც, როცა ქართველი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ამბობენ, რომ ხალხი ბრძენია. ვინ იტყუება ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია. დავუბრუნდეთ სტალინის ძეგლთან მოზეიმე საქართველოს დროშიან გოგო-ბიჭების ფოტოს. მათ ალბათ ეამაყებათ, რომ დიდი სტალინი პატარა გორიდან იყო, თუმცა ალბათ არ იციან, რომ მათი ზეიმი პარადოქსი და ურა-პატრიოტიზმია. პარადოქსია იმიტომ, რომ შეუძლებელია გიყვარდეს სტალინი და იმავდროულად გიყვარდეს საქართველო. ეს იგივეა გიყვარდეს ადამიანი, რომელმაც უდაბნოში წყლის უკანასკნელი მარაგი წაგართვა. სტალინი იყო 1921 წელს პირველი ქართული რესპუბლიკის წითელი არმიის მიერ ოკუპაციის სულისჩამდგმელი. ლენინისგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მოგვიანებით დაპყრობის მომხრე იყო, სტალინს ეჩქარებოდა საქართველოს ოკუპაცია.
როგორ შეიძლება იზეიმო იმ ადამიანის ძეგლთან, რომელმაც ახალგაზრდა რესპუბლიკა, ხალხი, ქართული სახელმწიფოებრიობა ტოტალიტარიზმის, რეპრესიების მსხვერპლი გახადა და სამოცდაათი წლით მოწყვიტა გარესამყაროს. მაგრამ საქართველოში შეუძლებელიც შესაძლებელია, რადგან მიუხედავად საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 20 წელზე მეტის გასვლისა, საქართველოში ჯერაც არ დაწყებულა მასშტაბური ხასიათის მქონე საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესი. გერმანული ტერმინი ,,Vergangenheitsbewältigung“ ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ვგულისხმობ. სიტყვა- სიტყვით Vergangenheitsbewältigung ,წარსულის დაძლევას, ნიშნავს. მას ინდივიდუალური და კოლექტიური მნიშვნელობა აქვს და შინაარსობრივად რაღაც ნეგატიურის, დავიწყებას მიცემული ტრამვების გააზრებას და დაძლევას გამოხატავს. წარსულის დაძლევა/ გააზრება გერმანიაში უპირველეს ყოვლისა ნაციონალ-სოციალიზმის პერიოდთანაა დაკავშირებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი და შესაბამისად ნაცისტური გერმანიის არსებობა 1945 წელს, 60 წლის წინ დასრულდა. 60 წელი ისტორიისთვის არაფერია, ადამიანებისთვის კი ხშირად მთელი ცხოვრება. ის ფაქტი, რომ Vergangenheitsbewältigung საქართველოში ჯერაც არ დაწყებულა რათქმაუნდა განაპირობებს საბჭოური მენტალიტეტის, სამყაროს მიმართ დამოკიდებულების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტალინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების არსებობის განვრცობას თაობებზე, რომლებსაც ნაკლებად ან არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი. ქართული ელიტების წამორმამდგენლები სტალინის ძეგლთან მოზეიმე გოგო-ბიჭებს სავარაუდოდ ბნელებს უწოდებდნენ თან მათ გარკვეულ ნაწილს ალბათ თავადაც მოსწონთ სტალინი. არადა სწორედ ელიტების ბრალია ის, რომ არ დაწყებულა წარსულის გააზრების პროცესი. ელიტებში უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ელიტებს ვგულისხმობ, რომლებსაც საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ფაქტიურად არ გამოუჩენიათ სათანადო ინიციატივა და რომელებიც ერთმანეთს შეურაცყოფის მიზნით დროგამოშვებით ნეობოლშევიკებს უწოდებენ. შესაბამისად სფეროები - განათლება და მეცნიერება, რომელთა განვითარებაც აუცილებელია წარსულის დაძლევის პროცესის დასაწყებად, არასდროს ყოფილა პრიორიტეტული. ასევე შესაბამისად გვტანჯავს ქართველებს პატარა ერის კომპლექსი, რომ არ ვართ მსოფლიოსთვის საკმარისად მნიშვნელოვანი და ამ კომპლექსს გარკვეულწილად სტალინის სიდიადით ვიკმაყოფილებთ. ის - მსოფლიოში ,,უდიდესი,, პიროვნება, ხომ პატარა გორიდან იყო...
ჰანა არენდტი წიგნში The Origins of Totalitarism(ტოტალიტარიზმის საწყისები) წერს: ,,ტოტალიტარული მმართველობის ძირითადი მახასიათებელი არ არის ის, რომ ის ადამიანებს გარკვეულ თავისუფლებას ართმევს, ან მათი გულებიდან თავისუფლებისადმი სიყვარულს ძირფესვიანად აქრობს. არამედ ის, რომ ის ისეთი ძალის გამოყენებით ადებს ადამიანებს ტერორის რკინის ბორკილებს, რომ მათ არ უტოვებს სივრცეს ქმედებისთვის, რაც თავისუფლების ერთადერთი სინამდვილეა.,, სტალინის მიერ შექმნილი ტოტალიტარული სისტემის - სტალინიზმის ბორკილები ჯერ კიდევ გვადევს ქართველებს. ამ წრიდან ვერ გავალთ და ჰომო სოვიეტიკუსებად დავრჩებით, სანამ წარსულის დაძლევის, გააზრების პროცესს არ დავიწყებთ.
სტალინმა ერთხელ საკუთარ თავს ,რუსიფიცირებული ქართველი აზიატი,, უწოდა. მას არ ჰქონდა ერთი გარკვეული იდენტობა და ამავე დროს თავს არ მიიჩნევდა კოსმოპოლიტად. ის იყო დესპოტი, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააუბედურა და რომლის გრძელი ჩრდილი მისი გარდაცვალებიდან სამოცდაერთი წლის შემდეგაც კი ჩვენამდე უპრობლემოდ აღწევს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG