Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრამატურგთა ქართულ-ავსტრიული კონკურსი - „საუბარი საზღვრების შესახებ“


დრამის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
დრამის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
სამი ქართველი ავტორის სამი პიესა ევროპის სამი თეატრის სცენაზე დაიდგმება - ესაა შედეგი თბილისში დასრულებული დრამატურგთა კონკურსისა, სახელწოდებით „საუბარი საზღვრების შესახებ“, რომლის ინიციატორი ავსტრიის მხარეა და რომელსაც ფრთები შეესხა კულტურის სამინისტროსა და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მეოხებით.
კონკურსი საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, 2013 წლის 22 ივლისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 27-მა დრამატურგმა - მათ შორის, მსჯავრდებულმა რუსთავის ქალთა კოლონიიდან. კონკურსის თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა პიესა იმაზე, თუ როგორია ცხოვრება საქართველოში სოციალური და ეკონომიკურ-პოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში. ათი საუკეთესო პიესიდან 3 გამარჯვებული პიესა საერთაშორისო ჟიურიმ (3 ავსტრიელი და 2 ქართველი) შეარჩია.

დრამის კონკურსზე სამი პირველი ადგილი უპრეცედენტოდ გადანაწილდა. პირველი პრემიის მფლობელი ორი დრამატურგი გახდა - დათა თავაძე, პიესით „ დედა ომი", და ბასა ჯანიკაშვილი, პიესით „გაბრაზებული ჩიტი". მესამე პრემია ერგო და 2 500 ლარით დაჯილდოვდა ლაშა ბუღაძე პიესისთვის „26 მაისი". გამარჯვებულები პირველი და მეორე პრემიისთვის განკუთვნილ ჯილდოს - 3 500 ევროსა და 3 500 ლარს - გაინაწილებენ. პიესა „დედა ომი" „გიორლიც ციტაუს“ სახელმწიფო თეატრში, ხოლო ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი" ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრში დაიდგმება. გამარჯვებული პიესები გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში. მათი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება.
სამივე გამარჯვებულ დრამატურგს თუმანიშვილის ფონდის სპეციალური პრიზი - ვაშლი - გადაეცა. ფონდის ინიციატივით, 8 საუკეთესო პიესა კრებულის სახით გამოიცემა. კრებულში ასევე შევა პიესა „პაემანი წარსულთან", რომლის ავტორიცაა მსჯავრდებული რუსთავის ქალთა კოლონიიდან. გამარჯვებული პიესები საქართველოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე დაიდგმება.

აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ, რომ, ადრევე შეთანხმებული პირობებით, უცხოეთში წასაღებად გამიზნული პიესების საავტორო უფლებები ორი წლით დასავლელ პარტნიორთან რჩება.

მანანა ანთაძე, მიხეილ თუმანიშვნილის ფონდის ხელმძღვანელი და დამაარსებელი, კონკურსის თანაორგანიზატორი, გვეუბნება, რომ ფონდი 15 წელია არსებობს, როგორც არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში თეატრის განვითარებაზე ზრუნავს. ის ჩამოთვლის,
კონკურსზე სამი გამარჯებული პიესის გარდა, ხუთ საუკეთესო პიესას, რომლებიც საქართველოს სცენებზე დაიდგმება და რომელთაც მისი ფონდი კრებულად გამოსცემს. ეს პიესებია: ნენე კვინიკაძის „მეგობრები“, გიგი გულედანის „რევიზია“, თამარ ბართაიას „მუყაოს სახლები“, გურამ ბათიაშვილის „რომა და ჯულია“ და კიდევ ერთი პიესა, რომელიც პატიმარ ქალს ეკუთვნის და საპატიმროდან იქნა გამოგზავნილი.

თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელის აზრით, ამ პიესების ავტორთა არსებობა მნიშვნელოვანია ქართული დრამატურგიისთვის, ქართული თეატრისთვის. მანანა ანთაძე გვიამბობს, როგორ მოხდა ეს ბედნიერი დამთხვევა და ორი კონკურსი როგორ შეერწყა ერთმანეთს.

ქრისტიან პაპკე
ქრისტიან პაპკე
მას, ანუ თუმანიშვილის ფონდს, ჰქონდა თარგმანის კონკურსი, მოგვიანებით კი -ქართული დრამის კონკურსი, რომლისთვისაც კულტურის სამინისტრო მზად იყო პრემიების თანხა გაეცა. ამ დროს თბილისში ავსტრიიდან ჩავიდა ქრისტიან პაპკე, რომელსაც ქართული პიესების კონკურსის გამართვა სურდა და რომელსაც მანანა ანთაძე დახვდა წინადადებით, არის კონკურსი, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება და შეგვიძლია გავერთიანდეთო.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხათუნა ხუნდაძე ამბობს, პირველად ხდება, რომ გერმანიისა და უნგრეთის სახელმწიფო თეატრების სცენებზე ქართველი ავტორების დრამები იდგმებაო. ხათუნა ხუნდაძის თქმით, ორი პირველი ადგილის გამო პიესის სათარგმნად დამატებითი თანხა გახდა საჭირო და ეს თანხა კულტურის სამინისტრომ გაიღო.

ჩვენ კონკურსის - „საუბარი საზღვრების შესახებ“ - იდეის ავტორს, ქრისტიან პაპკეს ვესაუბრეთ. 2004-2005 წლებში დაბადებული ეს იდეა ყველას ძალიან მოსწონდა და ამიტომაც გახდა შესაძლებელი მისი ხორცშესხმაო, გვითხრა ავსტრიელმა ფილოსოფიის დოქტორმა, დრამატურგმა და რეჟისორმა, რომელიც წლევანდელი კონკურსის, საქართველოში განხორციელებული ამ პროექტის გარშემო თავის აზრს გვიზიარებს:

„ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგად განხორციელდა სხვადასხვა დონეზე: ჯერ ერთი, გვყავს კონკურსში სამი გამარჯვებული; ამავე დროს, სამივე პიესა, მიუხედავად მათ შორის არსებული თვისებრივი სხვაობისა, უმაღლეს დონეზეა დაწერილი. თუ მკითხავდით, კიდევ რა განსაზღვრავს ამ პროექტის მშვენიერებასო, ქართულ მხარესთან პარტნიორობას დავასახელებდი. ეს არის კულტურის სამინისტრო, რომელმაც არნახული დახმარება გაგვიწია, და დაუღალავი მანანა ანთაძე. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პროექტის - „საუბარი საზღვრების შესახებ“ - აქ განხორციელება რომ შევძელი და ის წარმატებული გამოდგა, ამ პარტნიორობას ვუმადლი. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ არა მხოლოდ ერთი პიესის პირველად დადგმა უზრუნველვყავი, არამედ სამივე გამარჯვებულის სცენაზე ატანა გავხადეთ შესაძლებელი!“

დრამის კონკურსის მონაწილენი და ორგანიზატორები
დრამის კონკურსის მონაწილენი და ორგანიზატორები
ქრისტიან პაპკეს ადრინდელ ინტერვიუში ჩვენთვის ნათქვამი აქვს, თეატრის ხასიათს განაპირობებს ის, რომ რაც ხდება, ახლა ხდება, ეს ცოცხალი მოქმედებააო. თეატრი არ არის ორი განზომილებით შემოსაზღვრული, ის ცოცხალია. ქრისტიან პაპკეს თქმით, ხელოვნების ვერც ერთი სხვა ფორმა ამ მხრივ თეატრს ვერ გაუწევს მეტოქეობას. ახლა უკვე, თბილისში წარმატებით ჩატარებული კონკურსის შემდეგ, ის კულტურის მატერიალურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს და ვერ მალავს აღტაცებას იმ თეატრებით, რომლებიც ქართული პიესების დადგმას აპირებენ:

„ფული საერთოდ აღარ არის. კულტურის ბიუჯეტი ამ კრიზისის გამო ყველაზე მეტად და პირველ რიგში დაზარალდა. ვის სჭირდება კულტურა? პრიორიტეტები ხშირად არასწორადაა განსაზღვრული. და როცა თეატრი ამ დროს (კონკურსის ჟიურის საბოლოო სხდომა არცთუ დიდი ხნის წინ შედგა) იღებს გადაწყვეტილებას, დადგას თავის სცენაზე პიესა, რომელიც არც კი იცის, როგორია, ვინ დაწერა, რას მოიტანს ის თეატრისთვის, რა ძალები დასჭირდება მის დადგმას, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თეატრის დირექტორისათვის. და ამას ერთში კი არა, სამ შემთხვევაში მივაღწიეთ. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რა ბედნიერია საქართველო იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთ ევროპის სამ თეატრში სცენიდან მოჰყვებიან მის ამბავს, იმას, რაც ქართული პერსპექტივიდან იფიქრეს და იგრძნეს ადამიანებმა. ამ სამ ამბავს გერმანიაში და უნგრეთში მოჰყვებიან“.

თბილისში ჩასული იყო გერმანიის ციტაუს გერჰარდ ჰაუპტმანის თეატრის ინტენდანტი დოროთი სალმა, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრიც იყო. „ძალიან, ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ლიტერატურული ნაწარმოებებით გაცნობა“, გვითხრა მან. „საქართველოში პირველად ვარ. დრამებმა გამიჩინა პირველი განცდა, შემიქმნა პირველი შთაბეჭდილება ადამიანებზე. მათ, ასაკის მიუხედავად, უახლოეს წარსულში ბევრი გადაიტანეს და ეს ამ პიესებში კარგად ჩანს. საშინლად ჟღერს, რასაც ვამბობ, მაგრამ ტვირთი, რომელსაც ეს ხალხი თავის თავში ატარებს, უფრო ამდიდრებს ამ დრამებს, რადგან მათ მართლაც აქვთ რაღაც საამბობი. ზოგი პიესა უკეთესია, ზოგი უარესი, კარგად დაწერილი ან ცუდად დაწერილი, პროფესიულად ან ნაკლებად პროფესიულად, მაგრამ ყველა ავტორს ჰქონდა საამბობი რაღაც. ეს შთამბეჭდავი იყო. მე წარმოშობით უნგრელი ვარ და ის სული, რომელიც ამ პიესებიდან გამოსჭვივის, ჩემთვის ნაცნობია, რაღაცნაირად ნაცნობი. და ეს შესანიშნავი გრძნობაა“, გვითხრა დოროთი სალმამ, რომელსაც ვკითხეთ, როგორ მოხერხდება ახლა წარმოდგენის მომზადება, დადგმა, როდის და რა პირობებით. ციტაუს თეატრის ინტენდანტი ამბობს:

„ციტაუში ყველა მოუთმენლად ელის, რომელ პიესას ჩავიტან. დიდია მათი ცნობისმოყვარეობა, წაიკითხონ და მოისმინონ, რა მიმაქვს. პიესა რეპერტუარის მყარი ნაწილი გახდება. იმის გამო, რომ პიესა ომზეა, ისე გამოდის, რომ ჩემი გეგმა, რომელიც დღემდე მქონდა, სრულიად უნდა შევცვალო. წელს - ცუდი სიტყვაა, მაგრამ ვიტყვი - იუბილეა პირველი მსოფლიო ომისა, შემდეგ - კედლის დაცემის წლისთავი, გაისად კი - მეორე მსოფლიო ომის წლისთავი. ყველაფერს ომზე ვერ დავდგამ, ამიტომ გეგმები ამ პიესამ ცოტა ამირია, მაგრამ დიდი სიხარულით მიმაქვს ის თან, რადგან დიდებული პიესაა“.

ეს დიდებული პიესაა „დედა ომი“, რომელიც ციტაუში დაიდგმება. მისი ავტორია დათა თავაძე. ის, ბასა ჯანიკაშვილთან ერთად, რომელთან დაკავშირებაც ვერ შევძელით, გამარჯვებულია კონკურსისა. დათა თავაძეს ვკითხეთ, ხომ არ არის ცოტა უცნაური, რომ პრემიერა პიესისა, რომელიც ქართულად დაიწერა, უცხოეთში შედგება, უცხო ენაზე. რასაკვირველიაო, ამბობს დრამატურგი და განმარტავს, რომ კონკურსის მთავარი პირობა იყო, დრამები თემატურად ლოკალურ, ქართულ რეალობასთან, ქვეყანასთან ყოფილიყო მიჯაჭვული. ამიტომ საინტერესოა, როგორ წაიკითხავს ამ ტექსტს უცხოელი, როგორ მიიღებს და გაიგებს მას უცხოელი მაყურებელიო, გვითხრა დათა თავაძემ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG