Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთა შათირიშვილი - მსახიობი


9 თებერვალი, კვირა
ასეთი ტრადიცია გვაქვს: რვა გოგო ვიკრიბებით, ვაკეთებთ ძალიან ბევრ საჭმელს და ვთამაშობთ ხოლმე კარტს. ერთ-ერთი ასეთი დღე დღევანდელი კვირაა. როგორც იქნა, დავგეგმეთ! ვის როდის ეცალა, ამაზე შევთანხმდით და შევიკრიბეთ „კარფურში“ - პროდუქტების საყიდლად. ვიყიდეთ, რაც გვჭირდებოდა, და წავედით ჩვენს მეგობარ თათულისთან. მე გადავწყვიტე, გამეკეთებინა ლაზანია, რომელიც აქამდე არასდროს მომიმზადებია. მანამდე დავიზუთხე ინტერნეტით ნანახი რეცეპტი. ვიყიდე ყველა საჭირო ინგრედიენტი. პასტის ფირფიტები მოვხარშე, ხორცის სოუსი გავაკეთე და შევდგი ღუმელში...

ველოდებოდი და თან ძალიან მეშინოდა, როგორი გამოვა-მეთქი. როგორც იქნა, გამოცხვა და გამოვიღე. ფანტასტიკურად გამოიყურებოდა! რომ დავჭერი და მივართვი ჩემს მეგობრებს (თან ქმრებთან და შეყვარებულებთან ერთად ვიყავით), ატყდა დიდი ტაში. მოკლედ, ყველას ძალიან მოეწონა ჩემი ლაზანია.

მერე დავსხედით და ვითამაშეთ კარტი - „მაფიოზობანა“, ოღონდ ისეთი, სერიოზული. იყო ერთი ამბავი: „არა, შენ ხარ მაფიოზი!“ „არა, შენ!“ მოკლედ, ასე დავამთავრეთ ეს კვირა დღე.

10 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათობით, როგორც წესი, სპექტაკლი არ არის ხოლმე თეატრში, არც რეპეტიცია მქონდა. ამიტომ გავიღვიძე გვიან, დაახლოებით პირველ საათზე. ავდექი.

ახალი გადასული ვარ ჩემი ქმრის სახლში. ადრე მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობდით ჩემს ძველ სახლში დედაჩემთან ერთად. გვქონდა სასაცილო ოთახი, რომელსაც არ ჰქონდა კარი. ახლა ვარ უდიდეს კომფორტში, იმიტომ რომ ეს ოთახი ისე მოვაწყვეთ, რომ აქვს კარი, არის დიდი საწოლი. ჩემი კუთხე მაქვს სარკით, განათებული... მოკლედ, ვდგები გვიან, ნელა ვმოძრაობ, აბაზანაში მშვიდად შევდივარ, ვიკეთებ საჭმელს...

დაახლოებით ორი საათისთვის მომწერა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ირმამ, და მთხოვა, ჩაგვეწერა ინტერვიუ „ტროელ ქალებთან“ დაკავშირებით. ჩავწერეთ ძალიან სახალისო ინტერვიუ. გავიხსენეთ ეპიზოდები „ტროელი ქალებიდან“, მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლიდან, დათა თავაძის სხვადასხვა სპექტაკლიდან; ვილაპარაკეთ, ზოგადად, ჩვენს ჯგუფზე თეატრალურში.

ჩაწერას რომ მოვრჩით, ოთხი საათისთვის, შევხვდი ჩემს მეგობარ ნატუკა კახიძეს, რომელიც აგრეთვე თამაშობს „ტროელ ქალებში“. ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ამ ორი-სამი დღის წინ ნატუკამ მთხოვა, მისი დაბადების დღისთვის მომემზადებინა საჭმელი. მოვამზადე ლაზანია, რომელმაც დიდი ფურორი მოახდინა კვირა დღეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ იგივე გამეკეთებინა ნატუკა კახიძის მთელი ოჯახისთვის, ანუ მამამისისთვის – ვატო კახიძისთვის, დედამისისთვის, და მთელი მისი მეგობრებისთვის. დიდი სუფრა იყო გაშლილი და მთელი სუფრა იყო „ჩემს კისერზე“. მეორე ცდა იყო და მაინც ვნერვიულობდი. კარგად ჩაიარა. მერე გავაკეთე ქათამი ჩინურად, სხვადასხვა სალათა, მოკლედ, დაახლოებით ხუთი საათი ვიყავი მთლიანად ამ საქმეში გადავარდნილი. ბოლოს, ისე დავიღალე, რომ დაბადების დღის აღნიშვნის თავი აღარ მქონდა. ვიჯექი მოწყენილი. დანარჩენები ერთობოდნენ, სვამდნენ. მე ადრე წავედი სახლში, პირველი საათისთვის.

11 თებერვალი, სამშაბათი
დაგეგმილი გვაქვს „რომეო და ჯულიეტას“ რეპეტიცია, რომელიც არ გვითამაშია დაახლოებით რვა თვე. ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულად აღსადგენი სპექტაკლია, თან დამდგმელი რეჟისორი თბილისში არ გვყავს და რეპეტიციებს გვიტარებს ხოლმე მისი ასისტენტი და ასევე ჩვენი რეჟისორი დათა თავაძე, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობით არა მარტო ჩვენ, მსახიობები, არამედ მიხეილ მარმარინოსიც.

მივედი თუმანიშვილის თეატრში და გავიგე, რომ რეპეტიციები არ გვექნებოდა სცენაზე, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მთავარი ამ სპექტაკლში ფიზიკური მომზადებაა, მარტო ჯდომით და ტექსტის კითხვით არ გამოვა არაფერი. უნდა ადგე, ბევრი იმოძრაო, უნდა გაიხსენო, იმ მდგომარეობაში რას გრძნობდი. გადავწყვიტეთ, რომ გაგვევლო, უბრალოდ, ტექსტის რეპეტიცია. შევიკრიბეთ თეატრში, ვნახე დიდი ხნის უნახავი მსახიობები. გამახსენდა რეპეტიციების პერიოდი, როდესაც დაახლოებით სამი თვე დღეში ცხრა საათი და მერე უკვე თორმეტი საათი სულ ერთად ვიყავით. საოცარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. თან დაუვიწყარი, რადგან ეს ადამიანები გავიცანი, თვითონ მიხეილ მარმარინოსიც, და იმხელა გამოცდილება მივიღე, დღემდე მომყვება.

შევედი სარეპეტიციოში და უცებ ყველაფერი დამიტრიალდა თავში: რა ხდებოდა, როგორ დავიწყეთ რეპეტიციები, ჯერ მაგიდასთან, მერე ნელ-ნელა ფეხზე რომ ვდგებოდით, სავარჯიშოებს ვაკეთებდით, სირბილი, ყვირილი, დაცემა... უცებ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. საოცარი პერიოდი იყო! ძალიან მომენატრა.

გავიარეთ ტექსტის რეპეტიცია. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ მახსოვდა. ძლივს გავიხსენე ნელ-ნელა, რთულად, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაახლოებით ორ საათში მოვრჩით რეპეტიციას. ეს როლი, ზოგადად, ძალიან მიყვარს. მაყურებელმაც ძალიან კარგად მიიღო პრემიერაზეც და შემდეგაც. დარბაზი ყველა წარმოდგენაზე ხალხით იყო სავსე, ყოველთვის. სპექტაკლის დადგმიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაიმართა „დურუჯის“ თეატრალური პრემიებით დაჯილდოება და ამ როლისთვის გადმომცეს პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. სრული სერიოზულობით ვამბობ, ნამდვილად არ ველოდი, რადგან ჩემ გარდა ამ ნომინაციაზე ჩემი სამი მეგობარი იყო წარდგენილი, რომლებიც ამავე სპექტაკლში თამაშობენ და ფანტასტიკურად გაართვეს თავი ამ როლებს. წარდგენილი იყო ია სუხიტაშვილიც რობერტ სტურუას სპექტაკლიდან. ამიტომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ გავიმარჯვებდი. საოცარი შეგრძნება იყო, როცა დამასახელეს! ავედი სცენაზე და მეგონა, რომ სხეული არ მემორჩილებოდა. რას ვლაპარაკობდი, საერთოდ არ მახსოვს. მერე ვნახე ეს ჩანაწერი და თურმე ერთი თხუთმეტჯერ მაინც მითქვამს: „უღრმესი მადლობა!“ სახლში რომ მივედი, სიცხე გავიზომე. 38 მქონდა! ალბათ, ნერვიულობისგან.

საღამოა. ექვსისთვის მივდივარ მარჯანიშვილის თეატრში. რვაზე მეწყება სპექტაკლი, ლევან წულაძის „როგორც გენებოთ“. ექვსზე ვიწყებ მომზადებას და რვაზე გავდივარ სცენაზე.

12 თებერვალი, ოთხშაბათი
გუშინ, სპექტაკლიდან რომ გამოვედი, ვიღაც ბიჭი მელოდებოდა. კომპლიმენტი მითხრა სპექტაკლთან დაკავშირებით და უცებ გამახსენდა ლონდონის პერიოდი, როდესაც ლონდონში წავიღეთ ეს სპექტაკლი. გარეთ, თეატრის ტერიტორიაზე რომ გავდიოდით, ძალიან ბევრი გვცნობდა. ლონდონის ბოლო გასტროლი შვიდდღიანი იყო, ექვსი თუ შვიდი სპექტაკლი ვითამაშეთ და ძალიან ბევრმა მაყურებელმა ნახა. ამიტომ ქუჩაში რომ გავდიოდით, ყოველთვის გვცნობდნენ. ავტოგრაფებს ვარიგებდით, ფოტოებს ვიღებდით მაყურებელთან. სცენაზე რომ შევდიოდით, – ეს იყო ღია დარბაზი, რომელსაც სახურავი არ აქვს, მრგვალი, ხის, ულამაზესი დარბაზი! – ყოველთვის შემოდიოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც უტარდებოდათ ექსკურსია თეატრში. ეს ბავშვები გასუსულები ისხდნენ, გვიყურებდნენ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ადგებოდნენ და მერე სხვა ნაკადი შემოდიოდა.

სპექტაკლები ერთ დღეს გვქონდა დილით, მეორე დღეს - საღამოს, მონაცვლეობით. სულ სხვა შეგრძნება ყოფილა დილით თამაში. სცენა გადახურულია, მაგრამ სადაც მაყურებელია, გადახურვა არ არის. თუ წვიმაა, მაყურებელს აწვიმს. კაპელდინერებს მომარაგებული აქვთ საწვიმრები და, თუ გაწვიმდა, სასწრაფოდ, ძალიან მობილიზებულად, არიგებენ ამ საწვიმრებს. რომ იცვამენ, შიშინის ხმა ისმის. ერთხელაც ვერ გავიგე ეს ხმა, ვერც მივხვდი რომ წვიმდა. ერთი ეპიზოდი მაქვს, წინ გავდივარ, სადაც არ არის გადახურული, ვეცემი ძირს და უცებ ვგრძნობ, რომ სახეზე მაწვიმს. უცნაური შეგრძნება იყო. საღამოს სპექტაკლები საერთოდ საოცრება იყო, იმიტომ რომ ვიწყებდით დღე, მერე ნელ-ნელა ბინდდებოდა და ბოლოს ღამდებოდა.

13 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს ადრე ავდექი. ორი დღის წინ დამიბარეს კასტინგზე კინოსტუდიაში. ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი თბილისში ატარებდა კასტინგს, რომელზეც ათი დღის წინაც ვიყავი. რატომღაც მეგონა, რომ არ დამირეკავდნენ. მაგრამ ეს რეჟისორი იყო „ტროელ ქალებზე“ და გაგიჟდა, ისე მოეწონა. მე და ნატუკა კახიძე დაგვიბარა განმეორებით კასტინგზე. შევედით. მოვიდა თვითონ მახმალბაფი შვილთან ერთად და გავიარეთ კასტინგი, რომელიც ძალიან სასაცილო იყო. ასეთი დავალება მოგვცა: მე და ნატუკა დაგვსვა პირისპირ და გვითხრა, ახლა იჩხუბეთო. უნდა გვეთქვა საზიზღარი სიტყვები ერთმანეთისთვის. ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. დავივიწყეთ ყველაფერი და რაღაც საზიზღრობებს ვეუბნებოდით ერთმანეთს. ბევრი ვიკივლეთ, ვიწივლეთ. არ ვიცი, როგორ ჩაიარა ამ კასტინგმა. დიდად კმაყოფილები ვერ დავრჩით, მაგრამ რაც არის, არის. ძალიან კი მინდოდა, რომ ფილმში მიმეღო მონაწილეობა. ვნახოთ რა იქნება...

ზოგადად დაკვირვებული ვარ, კინორეჟისორები სპექტაკლებზე არ დადიან. ბევრი ძალიან კარგი მსახიობი იჩაგრება ამის გამო. ბევრისგან მომისმენია, რომ უდიდესი სურვილი აქვს კინოში მოხვედრის, მაგრამ ასე არ ხდება რატომღაც. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ძალიან იშვიათად თუ მინახავს ნაცნობი კინორეჟისორი თეატრში, რაც ძალიან სამწუხაროა. მსახიობების ახალი თაობაა, ძალიან კარგი, ძალიან ნიჭიერი. უდიდესი სურვილი მაქვს, ვინმემ შეამჩნიოს ეს ახალგაზრდა მსახიობები და ფილმებში დააკავონ. მათ შორის, მეც.

14 თებერვალი, პარასკევი
ავდექი, მოვიმზადე საუზმე. ლუკა უკვე კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. გადაწყვიტა, ეს თვე სახლში იმუშაოს, რაც სულაც არ მახარებს, რადგან ლეპტოპი აქვს დასაკუთრებული.

დღეს 14 თებერვალია, ანუ ვალენტინობა. ამ დღესასწაულს, მართალია, არ აღვნიშნავთ, მაგრამ საღამოს მაინც გავალთ გარეთ, თან დიდი ხანია, მეგობრები არ მინახავს. პარასკეობით ისე ხდება ხოლმე, რომ ყოველთვის გავდივართ კაფეში, მერე, საღამოობით, - კლუბში. სავარაუდოდ, ცხრა საათიდან ავიღებთ სტარტს, ვნახავთ მეგობრებს, ცოტას დავლევთ, გავიცინებთ, გავერთობით და მერე დილისკენ მოვალთ სახლში.

15 თებერვალი, შაბათი
ცოტა ხნის წინ გავიღვიძე, ანუ გვიან. გუშინდელი დღე ცოტა მძიმე იყო. დილით დავბრუნდი სახლში. დღეს სპექტაკლი მაქვს რვა საათზე. იმედია, დღევანდელი სპექტაკლი კარგად ჩაივლის. ვიცი, რომ ანშლაგია, მომწერეს.

სულმოუთქმელად ველოდები სპექტაკლს. ამ სპექტაკლით, „ტროელი ქალებით“, 21-ში ბრიუსელში მივდივართ. საინტერესო გასტროლია, რადგან სპექტაკლს ვითამაშებთ საკონცერტო დარბაზში. ულამაზესი დარბაზია და თან - უზარმაზარი! ვერც კი წარმომიდგენია, იქ როგორ უნდა მოხდეს ყველაფერი. ალბათ, სცენაზე უნდა დავალაგოთ მაყურებლის სკამები, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოცდაერთი. 22-ში, ცხრა საათზე, ვითამაშებთ სპექტაკლს და 23-ში უკვე თბილისში ვიქნებით.
XS
SM
MD
LG