Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლის საუკეთესო ახალი აპლიკაციები "ეპლის" მომხმარებლებისთვის


ახალი წლის დადგომიდან უკვე მეორე თვე გადის და ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უამრავი სიახლე დაგროვდა მათთვის, ვისაც საკუთარი მობილური ტელეფონი მხოლოდ დასარეკად არ სჭირდება. თანაც, 2014 წელს ასეთი რევიუ ჯერ არ გამიკეთებია. არადა, ახალგაზრდულ პროგრამაში სულ ვლაპარაკობდი ხოლმე სასარგებლო აპლიკაციების შესახებ. მგონი, ახლა ზუსტად ის დროა, როცა სიახლეები უნდა შემოგთავაზოთ, ანუ რამდენიმე ახალი კარგი აპლიკაცია, რომელიც თქვენს სმარტფონთან კიდევ უფრო დაგაახლოვებთ.

პირველი აპლიკაცია, რომლის შესახებაც უნდა ვისაუბრო, არის BOX. ბოქსი დიდი სიახლე ვერაა, თუმცა მისმა განახლებამ ნამდვილად ყველა გაგვაოცა. ეს ფაილების შესანახი და გასაზიარებელი ე.წ. „cloud” აპლიკაციაა, რომელსაც 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლები სასიამოვნოდ გააოცა ბოქსის სიახლემ, კერძოდ, იმან, რომ თებერვლიდან აპლიკაციის მომხმარებლებს 50 გიგაბაიტი თავისუფალი მეხსიერება ექნებათ, სადაც შეუძლიათ საკუთარი ფაილები მშვიდად შეინახონ.

ბოქსი სასარგებლო ფუნქციების ნაკლებობას არც განახლებამდე უჩიოდა. კარგია, როცა ფაილები „ოფლაინ“, ანუ ინტერნეტის გარეშეცაა ხელმისაწვდომი. ასევე მშვენიერი ფუნქციაა PDF, PowerPoint და სხვა საოფისე პროგრამების ფაილების უპრობლემოდ გახსნა. მოკლედ, ბოქსის სერვისი, რომელიც უამრავ პრობლემას ერთად გვიგვარებს, საქმიანი ადამიანებისთვის საჭირო და მარტივად ხელმისაწვდომი ფუფუნებაა. თუმცა საქმე ისაა, რომ აპლიკაციას აქვს პრობლემები, „ბაგები“. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა რამდენიმე ფაილის ერთად ატვირთვისას ზოგიერთი ფაილი იკარგება და ატვირთვა თავიდან გვიწევს, რის გამოც ეფ სტორზე აპლიკაციას მომხმარებელთა ნაწილის უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვა. თუმცა, იმედია, ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება.

მე და ჩემი მეგობარი ზაფხულში ევროტურს ვგეგმავთ და აპლიკაცია, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, განსაკუთრებით გამომადგება მოგზაურობაში. Localeur ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც უცნობ ქალაქში ჩასვლისთანავე უნდა ჩართოთ. აპლიკაციაში ყოველთვის დაგხვდებათ ამ ქალაქზე ინფორმაცია, რომლის დაწერაც ადგილობრივებს ან სტუმრებს შეუძლიათ. მოკლედ, ამ აპის დახმარებით, თავს ყოველთვის ისე იგრძნობთ, თითქოს დიდი ხანია ცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც პირველად ეწვიეთ. ასეთი აპები მე განსაკუთრებით მიყვარს, როცა ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ხოლმე გამოცდილებას კონკრეტულ საკითხზე. ამიტომაც ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი აპლიკაციას საქმეში. ის ჩემი მთავარი გზამკვლევი იქნება ზაფხულში დაგეგმილი მოგზაურობის დროს.

კარგი სიახლე მაქვს ფოტოფილტრების მოყვარულთათვისაც. საერთოდ, მგონია, რომ სმარტფონებმა და ფოტოაპლიკაციებმა, სამოყვარულო ფოტოგრაფია სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ჩემი აზრით, კიდევ ერთი ახალი სიმაღლე იქნება „Faded”. ახალი ფოტოაპლიკაცია - 34 ძალიან კარგი, უფასო, და 36 - კიდევ უფრო უკეთესი, ფილტრით, რომელიც ფოტოს დამუშავების ბევრ საშუალებას გაძლევთ. ყველაზე მეტად ამ აპლიკაციაში მისი მარტივი და ინტუიტიური დიზაინი მომწონს. მიუხედავად უამრავი ფუნქციებისა, რომლებსაც ჩემი პროგრამისთვის გამოყოფილი დრო ნამდვილად არ ეყოფა, აპლიკაციაში ნავიგაცია ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. „Faded”-ის მთავარი პლუსი, ჩემი აზრით, ზუსტად ესაა - მისი მრავალფეროვნება შერწყმულია სიმარტივესთან, რომელიც აპლიკაციას ყველასთვის მარტივად მოსახმარებლად აქცევს. მართალია, ახლა ბაზარზე უამრავი კარგი ფოტოედიტორია, მაგრამ მაინც გირჩევთ ესეც სცადოთ. მგონი, მოგეწონებათ.

წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, არის ფეისბუკის ახალი აპლიკაცია - „Paper”. აპლიკაცია ფეისბუკმა საკუთარ დაბადების დღეზე გამოაქვეყნა და სმარტფონების მომხმარებლებს ბრწყინვალე საჩუქარიც გაუკეთა. აპლიკაცია იღებს ისტორიებს ფეისბუკიდან და მას ახლებურად გილაგებს. თანაც, დიზაინი მეტ თავისუფლებას გვაძლევს, ვიდრე თვითონ ფეისბუკის აპი. აქ შეგვიძლია ყველაფერი ისე მოვაწყოთ, როგორც გვინდა. აი, ეს უკვე ნამდვილად არის პირადი ვირტუალური სივრცე, სადაც შემთხვევითობას ყოველგვარი გზა შეგიძლია მოუჭრა და მიიღო ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ, რაც გაინტერესებს. ფეისბუკი ძალიან სწორად მოიქცა, როცა, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ფუნქცია, „ინტერესების სიები“, კიდევ უფრო განავითარა თავის ახალ აპლიკაციაში.

აი, ამ ოთხი სიახლის შესახებ მინდოდა მესაუბრა დღეს. შეიძლება ფიქრობთ, რომ რამე გამოვტოვე და, თუ მართლა ასეა, შეგიძლიათ თქვენი ვერსიები ფეისბუკზე ან ჩვენს ვებსაიტზე გამიზიაროთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG