Accessibility links

logo-print

უკრაინის პროკურატურა: დემონსტრანტების ამნისტია ორშაბათს დაიწყება


უკრაინის გენერალური პროკურორის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ანტი-სამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ამნისტია 17 თებერვალს განხორციელდება. განცხადების თანახმად, მიმდინარე აქციების მონაწილეებმა დააკმაყოფილეს მათი თანამებრძოლების გათავისუფლების პირობები და დაცალეს სამთავრობო შენობები, რომლებიც კვირების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ ამნისტია შეეხება მათ, ვინც მასობრივ აქციებზე 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2014 წლის 2 თებერვლამდე დააკავეს, კანონის დარღვევის გამო. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობიდან დემონსტრანტები კვირას დილით გამოვიდნენ, თუმცა ანტისამთავრობო აქციები ქალაქში გაგრძელდა. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა არ გაეფორმებინა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან და ამის ნაცვლად რუსეთთან გაეღრმავებინა ურთიერთობა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი, მიესალმა დემონსტრანტების ნაბიჯებს და გენერალური პროკურორის განცხადებას და თქვა, რომ ეს მოვლენები შესაძლოა უკრაინის „კრიზისიდან გამოსვლას“ მოასწავებდეს.
XS
SM
MD
LG