Accessibility links

„’ბიომეტრიული ოცნება’, ანუ როგორ აპირებს ხელისუფლება მამუკა კაციტაძის ბებიის ქალიშვილობის დროინდელი ფოტოს გაციფრულებას“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული მონაცემებით აღარ ჩატარდება, თუმცა შემოდის ალტერნატიული მოდელი, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებში ბევრ კითხვას აჩენს. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება იუსტიციის სამინისტროს ბაზაში არსებული ფოტოსურათების ბიომეტრიულ პარამეტრებში გადაყვანა და, ამ მასალაზე დაყრდნობით, არჩევნებისთვის სურათებიანი სამაგიდო სიების დაბეჭდვა. „რეზონანსში“ ვკითხულობთ, რომ პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ამგვარ სიებს გაყალბების საწინააღმდეგო უტყუარ საშუალებად მიიჩნევენ, ოპოზიციისთვის კი გადაწყვეტილება გაუგებარია. ახლა საუბარია არა ბიომეტრიული სიის შექმნაზე, არამედ არსებული სურათების ბაზით ამომრჩევლის შეფასებაზე, ამბობს მიხეილ მაჭავარიანი. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე კი ფიქრობს, რომ საქმე კურიოზამდე მივიდა. შესაბამისად, იგი სვამს კითხვას, ბებიაჩემის ქალიშვილობისდროინდელი სურათი რომ დევს საპასპორტოში, ის როგორ უნდა გააციფრულო, მით უმეტეს, რომ არ ექნება ელექტრონული ხელმოწერა და, კიდევ უფრო უარესი, არ ექნება თითის ანაბეჭდიო.

„ბათუმელები“ კი ცდილობს გაიგოს, რატომ გადააყენეს თანამდებობიდან აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია. შს სამინისტროში ვალერი თელიას გადაყენების ფაქტს არ ადასტურებენ და, ამდენად, არც იმაზე აკეთებენ განმარტებას, უკავშირდება თუ არა ვალერი თელიას გადაყენება ბიძინა ივანიშვილის 8 თებერვლის კომენტარს. სტატიის თანახმად, 8 თებერვალს, მწერალ დავით მაღრაძესთან ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა ვალერი თელია ახსენა და აღნიშნა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიციაში მუშაობის პერიოდში მცირე გადაცდომები იყო, მაგრამ მთავარი ტენდენციააო. „იყო პატარა იქ, რაღაც თელიაზე თუ ვიღაცაზე ბათუმში“, - განაცხადა 8 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა, 16 თებერვალს კი, ვინაიდან თელიას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო იმის დაზუსტება, აჭარის პოლიციის უფროსი რეზერვში გაუშვეს თუ სხვა სამსახურში გადაიყვანეს.

„პუტინთან მოლაპარაკებაზე ღარიბაშვილი უნდა წავიდეს“ - ეს კი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მოსაზრებაა, რომელსაც გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ რუსეთის პირველ პირს გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსი უნდა შეხვდეს, გიორგი მარგველაშვილი კი ამგვარი არ არის. „დიპლომატიაში ცნობილია, ამბობს სოსო ცინცაძე, რომ როდესაც სხვადასხვა წონითი კატეგორიის პირები ხვდებიან ერთმანეთს მოლაპარაკებაზე, ეს მხოლოდ აჭიანურებს პროცესს. მომლაპარაკებლებს ამ დროს ფინალში გასვლა უჭირთ. პუტინი რასაც დილით იტყვის, ის შუადღისას შეუძლია საქმედ აქციოს, მაგრამ ეს შეუძლია მარგველაშვილს? - კითხულობს სოსო ცინცაძე.

გაზეთ „ვერსიის“ ერთ-ერთი რესპონდენტი კი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის, ყოფილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანია. მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ივანიშვილის საინვესტიციო ფონდიდან პატარკაციშვილის ოჯახის წევრები მალევე გამოვიდნენ, მათი გადაწყვეტილება კი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდებოდა. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ყველაფრის უკან ოჯახის მრჩეველი გია ხუხაშვილი დგას, კულუარული ინფორმაციით კი, პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე, არაპირდაპირი ფორმით პოლიტიკურ პროცესში ჩასართველად ემზადება. ვალერი გელბახიანი გაზეთ „ვერსიას“ ეუბნება იმასაც, რომ იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს.
XS
SM
MD
LG