Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გეგმავს საქართველო ცენტრალურ აფრიკაში


ქართული მხარე განიხილავს ევროკავშირის წინადადებას, მისი ეგიდით ჩაერთოს სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. კერძოდ, საუბარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაზე, სადაც ისლამისტებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებამ უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რას ეყრდნობა ევროკავშირის წინადადება, რას მოელიან თბილისისგან, რა შეფასებები კეთდება და აქვს თუ არა საქართველოს სხვა არჩევანი?

თბილისს ჯერ ისევ არ გაუხმაურებია კონკრეტული პასუხი ევროკავშირის შეთავაზებაზე. თუმცა, თუკი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას სიტყვებით ვიმსჯელებთ, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არც არსებობს:

”ევროკავშირმა მიმართა საქართველოს - საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი, საბრძოლო გამოცდილება. და ჩვენ, ქართული მხარე, ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში”.

ევროკავშირის მისიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველო არის მომხმარებელი ევროპული უსაფრთხოების და ევროკავშირი გვეხმარება ჩვენ საერთაშორისო სამონიტორო მისიის განხორციელებაში...
დავით ზალკალიანი
წინადადების განხილვის სტადია, რაზეც თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს, თავის თავში არ მოიცავს უარის თქმის შესაძლებლობას, რადგანაც 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების გარდა, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აღნიშნა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საპასუხო სამშვიდობო ნაბიჯები მოეთხოვება:

”ევროკავშირის მისიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველო არის მომხმარებელი ევროპული უსაფრთხოების და ევროკავშირი გვეხმარება ჩვენ საერთაშორისო სამონიტორო მისიის განხორციელებაში. ეს ორმხრივი პროცესია და ითვალისწინებს ასევე საქართველოს ჩართულობას, ანუ ჩვენ არა მარტო მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც ვხდებით ამ ხელშეკრულებით”.

თბილისის გარდა, ევროკავშირისგან სამშვიდობო მისიაში ჩართვის ანალოგიური შეთავაზება მიიღო ანკარამაც, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ასევე ფიქრობს, როგორ მოიქცეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ანუ თავის ყოფილ კოლონიაში, სამშვიდობო მისიის განხორციელება 1600 ჯარისკაცით დაიწყო საფრანგეთმა 2013 წლის დეკემბერში. 2014 წლის იანვარში კი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ფრანგებს სხვებიც შეუერთდებიან და ევროკავშირის ჯარი დედაქალაქ ბანგუის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებით 400 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს საფრანგეთი, 55 ჯარისკაცს გაგზავნის ესტონეთი, ხოლო, მაგალითად, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მისიის ლოგისტიკური დახმარებით შემოიფარგლებიან.

ერთია, პოლიტიკური თვალსაზრისით, და მეორეა, რომ ეს არ გადაიზარდოს ვიღაცის საამებელ ქმედებად, როგორც ეს, სამწუხაროდ, უკვე მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მოხდა გაზრდა 1600 კაცამდე ჩვენი კონტინგენტისა ISAF-ის მისიაში. მაშინაც ვამბობდი, დღესაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ეს იყო და არის აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება...
ირაკლი ალადაშვილი
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სამხედროს გაგზავნას ვარაუდობს საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ევროკავშირი მოქმედებს იმ მიზნით, რომ არ დაუშვას სამოქალაქო ომის გაჩაღება. თუმცა ინტერნეტპორტალი ”ევრაზიანეტი”, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა წყაროს და, მათ შორის, სააგენტო ”ფრანს პრესის” ინფორმაციასაც ეყრდნობა, იტყობინება, რომ ევროპელი დიპლომატები საქართველოსგან 100-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას მოელიან.

ანალიტიკოსების იმ ნაწილს, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების წინ პატარა საქართველოს მეტი სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენას ურჩევდა, ირაკლი ალადაშვილიც ეკუთვნის. როგორც ჩვენთან საუბრისას სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, პოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართვა მეტად მომგებიანია საქართველოსთვის, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა:

”ერთია, პოლიტიკური თვალსაზრისით, და მეორეა, რომ ეს არ გადაიზარდოს ვიღაცის საამებელ ქმედებად, როგორც ეს, სამწუხაროდ, უკვე მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მოხდა გაზრდა 1600 კაცამდე ჩვენი კონტინგენტისა ISAF-ის მისიაში. მაშინაც ვამბობდი, დღესაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ეს იყო და არის აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება. და, ამის ფონზე, ჩვენ რომ კიდევ ევროკაშირის ოპერაციაში გავგზავნოთ ასობით ჯარისკაცი ან ათასზე ავიდეთ, ამას არანაირი გამართლება არ ექნება”.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე, საქართველო განიხილავდა ევროკავშირის ეგიდით კიდევ ერთ სამშვიდობო მისიაში ჩართვის საკითხს. გასული წლის მიწურულს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში - მალიში - მოქმედ სამშვიდობო მისიაში ჩართვისთვის.

”ჩვენ ეს ოპერაციები გვაინტერესებს ორი რამის გამო: პირველი - ვართ თანაბარი მონაწილე საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების და, ამასთანავე, ვიღებთ განუზომლად დიდ საბრძოლო გამოცდილებას, რომელიც უნდა მოხმარდეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვას”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ირაკლი ალასანიას თქმით, საერთაშორისო ოპერაციებში ქართული ქვედანაყოფის მონაწილეობა არასოდეს მოხდება ”ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG