Accessibility links

logo-print

ქუთაისის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ ცნო


ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ ცნო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. მან პროკურატურის მიერ ერთი წლის წინ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს დაასრულა განაჩენის გამოცხადებით. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა.
შარშან საქართველოს პროკურატურამ მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ბრალად დასდო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამის გამოყენება “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო მიზნებისთვის. პროკურატურა, ასობით მოწმეზე დაყრდნობით, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო პროგრამით ფიქტიურად იყო დასაქმებული 22 ათასამდე მოქალაქე და თითოეულ მათგანს 240 ლარი ერიცხებოდა არა უმუშევართა აღრიცხვისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციისთვისა და შემდგომში არჩევნებში ხმის მისაცემად. პროკურატურის განცხადებით, ამ ქმედების შედეგად, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო 5 მილიონ 200 ათასი ლარით დააზარალეს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალი შარშან მაისში წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხმების მითვისება-გაფლანგვაში. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ბრალს თავიდანვე კატეგორიულად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

დღევანდელ დასკვნით სხდომაზე მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაცვლად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ზურაბ ჭიაბერაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მას პროკურატურა კიდევ ერთ ეპიზოდში ედავებოდა - კერძოდ, იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მან, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა სოფელ კვარიათში, ზღვის პირას მდებარე, “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ძვირად ღირებული აგარაკი. სისხლის სამართლის საქმის როგორც ამ, ისე ფიქტიური დასაქმების ეპიზოდებზე მოსამართლემ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. ნათია ბარბაქაძემ განაჩენის გამოცხადებისას ჩამოთვალა კონკრეტული მუხლები და მათთვის გათვალისწინებული სამიდან ათ წლამდე სასჯელები, რომელთა ნაწილი ამნისტირებულია. საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ნაკლებად მკაცრი სასჯელი უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილს 5 წლიანი სასჯელის ათვლა დაკავების მომენტიდან, ანუ 2013 წლის 21 მაისიდან, უნდა დაეწყოს.

ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელისუფლებო ზეწოლის შედეგად მიიჩნევს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანად გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც დაცვისა და ბრალდების მხარეები აცხადებენ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG