Accessibility links

logo-print

ენერგოვაუჩერების სიაში გამორჩენილი ბენეფიციარების გამო პასუხისმგებლობა რწმუნებულებს ეკისრებათ


გორი

გორი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური ორი სოფლის რწმუნებულის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას იწყებს. ტყვიავის და მერეთის რწმუნებულებმა ზამთრის დახმარების პროგრამის მიმდინარეობისას მათ ტერიტორიულ ორგანოებში ბენეფიციართა სიები არასრულყოფილად შეადგინეს. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლებს ზამთრის სეზონზე 200 ლარიანი ენერგოვაუჩერები გადაეცათ. ამ ვაუჩერით კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს როგორც შეშის შეძენა, ისე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეეძლოთ. მერეთის და ტყვიავის ტერიტორიულ ერთეულებში კი 46-მა ოჯახმა ამ დახმარებით ვერ ისარგებლა. გორის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ რწმუნებულებმა არსებული ხარვეზები თვითონვე აღმოაჩინეს და მოხსენებითი ბარათი დაწერეს. გოგიაშვილის თქმით, ამ რწმუნებულების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება უკვე დაიწყო და მათ, მინიმუმ, საყვედურს გამოუცხადებენ.

ეს საკითხი გორის საკრებულოს სხდომაზეც გავიდა. საკრებულომ არსებული ხარვეზი ბიუჯეტში ცვლილების შეტანით გამოასწორა. რწმუნებულების უყურადღებობა ადგილობრივ ბიუჯეტს 10 ათასი ლარი დაუჯდა. ცენტრალური ბიუჯეტის დონეზე გამორჩენილი ოჯახების დახმარება უკვე შეუძლებელი იყო, რადგან პროგრამა დასასრულს უახლოვდება. ამიტომ შესაბამისი ფინანსური რესურსები ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიძებნა. ამ ფაქტის გამო უკმაყოფილებას არ მალავს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და, მისი აზრით, შესაძლოა გამგეობამ,რწმუნებულთა პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

მერეთის და ტყვიავის რწმუნებულები შეცდომას აღიარებენ. იაგო ბაიაძე და თამაზ დალაქიშვილი ხელს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტებისკენ იშვერენ.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისიის გასული წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კონფლიქტის ზონის სოფლებს ცენტრალური ხელისუფლება ენერგოვაუჩერებით უნდა დახმარებოდა, რადგან ამ სოფლების მოსახლეობას ტყეში გასვლის და შეშის დამზადების შესაძლებლობა არა აქვს. სოფლების მიმდებარე ტყეები რუსეთის მესაზღვრეების მიერ არის ოკუპირებული. ზამთრის დახმარების პროგრამით 9500-მდე ოჯახმა ისარგებლა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიებში გამორჩენილი ბენეფიციარების დასახმარებლად 10 ათასი ლარი უკვე გამოიყო და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებნი მალე შეძლებენ ამ პროგრამით ისარგებლონ.
XS
SM
MD
LG