Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების სიმრავლე არ შეინიშნება


გალი
გალი
აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ჩასული მგზავრებისთვის ვიზის მიღების პროცედურის გამარტივების მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ტურისტები არ შეუნიშნავთ. გალიდან ჩამოსულმა ელზა ბასარიამ რადიო თავისუფლებას ზუგდიდში უთხრა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები თუ საერთოდ ესტუმრნენ აფხაზეთს, ძირითადად, ალბათ, სოხუმში ჩავიდოდნენ, თუმცა, მისი ცნობით, ტურისტები მოქალაქეებს არც სოხუმში შეუნიშნავთ.

რესპონდენტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა უცხოელი მოგზაურები დღეს ოკუპირებული რეგიონით დაინტერესდნენ:

„ჩვენ ძლივს დავდივართ და ტურისტი როგორ ივლის? არ შემხვედრია. ჩვენც წყლით გადმოვდივართ - ხან ისე, ხან ასე - და ტურისტს ეგ რად უნდა? ტურისტისთვის რა პირობებია იქ? მე არ მგონია, იქ რამე კარგი იყოს“.

ელზას ეთანხმება ასევე ოკუპირებული გალიდან ჩამოსული ნორა ზარანდია. მისი თქმით, რეგიონი ტურისტებისთვის საინტერესო მხოლოდ წლების წინ იყო:

რამდენმა გადაკვეთა და როგორ, ასევე იყო თუ არა მიმართვიანობა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. ეს ოლიმპიადას უკავშირდება, რომ იქ ჩამოსული ტურისტები აფხაზეთში გადმოვიდნენ და ე.წ. ვიზის გამარტივების პროცედურებით მოიზიდონ ისინი...
ნინო კვარაცხელი
„ნორმალური ცხოვრება როცა იყო, რიწა, ეშერა... მაშინ კი, რაღაც ზღაპრული იყო. ახლა ჩვენ ვერ დავდივართ ნორმალურად“.

ისარგებლეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შეთავაზებული გამარტივებული ვიზით, ცნობილი არ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის.

„რამდენმა გადაკვეთა და როგორ, ასევე იყო თუ არა მიმართვიანობა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. ეს ოლიმპიადას უკავშირდება, რომ იქ ჩამოსული ტურისტები აფხაზეთში გადმოვიდნენ და ე.წ. ვიზის გამარტივების პროცედურებით მოიზიდონ ისინი და უფრო პიარაქცია გაუკეთონ აფხაზეთს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას უწყების საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ.

სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ჩასული მგზავრებისთვის ვიზის მიღების პროცედურის გამარტივების თაობაზე განცხადება დე ფაქტო მთავრობამ 10 თებერვალს გააკეთა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ცნობით, ტურისტებს ვიზის მიღება ფსოუს საზღვარზევე შეუძლიათ, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ბიურო 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს.
ამ განცხადების პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც პროვოკაციული ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული.

სამინისტრო მოუწოდებს ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დელეგაციების წევრებს და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტისგან და აღნიშნავს, რომ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
XS
SM
MD
LG