Accessibility links

სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა მესაკუთრისთვის


საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლს უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ კანონიერ მესაკუთრეს სახელმწიფომ ქონება შესაძლოა ისე ჩამოართვას, რომ მას გასაჩივრების შანსიც არ დაუტოვოს. სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ ადამიანს.

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ვთქვათ, ვინმეს ათხოვეთ ავტომანქანა, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა; ამ შემთხვევაში მას თქვენი ავტომანქანა ჩამოერთმევა, როგორც დანაშაულის საგანი ან იარაღი. მოვლენათა ამგვარ განვითარებას, სადაც რეალური მესაკუთრე ზარალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს. ამ ნორმის თანახმად, ”დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას”.

ჩვენი მთავარი მიზანია ამ შემთხვევაში, რომ პროცედურული გარანტიები ჰქონდეს მესაკუთრეს. აი, ეს არის მთავარი. სასამართლო პროცესზე უნდა ხდებოდეს მისი ინტერესების წარმოსახვა. მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თქვას: მე არანაირი ბრალი არ მიმიძღოდა...
18 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ”ან კანონიერ მფლობელობაში”. ამით სახელმწიფოს დარჩება უფლება, რომ ქონება მხოლოდ რეალურ მესაკუთრეს ჩამოართვას. როგორც ევროკავშირის პროექტის - ”სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის” - უფროსი სამართლებრივი ექსპერტი გიორგი ბურჯანაძე განმარტავს ჩვენთან საუბრისას, კანონის მოქმედი ჩანაწერი მესაკუთრეს არ უტოვებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ის შეძლებდა საერთო სასამართლოებში თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას:

”ჩვენი მთავარი მიზანია ამ შემთხვევაში, რომ პროცედურული გარანტიები ჰქონდეს მესაკუთრეს. აი, ეს არის მთავარი. სასამართლო პროცესზე უნდა ხდებოდეს მისი ინტერესების წარმოსახვა. მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თქვას: მე არანაირი ბრალი არ მიმიძღოდა... როცა ავტომანქანა ვათხოვე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის დანაშაულს ჩაიდენდა“...

ასეთი შემთხვევები ძალიან იყო მომრავლებული, როდესაც, მაგალითად, ტაქსისტის კლიენტი გადაზიდავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ვთქვათ, ამ დროს მას დააკავებდა პოლიცია. მაგრამ მძღოლისთვის ხდებოდა ამ შემთხვევაში ავტომანქანის ჩამორთმევა...
გიორგი ბურჯანაძეც აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას და სახალხო დამცველის 18 თებერვლის განცხადებაც გვამცნობს, რომ სარჩელი კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით არის შედგენილი. კონსტიტუციის ამ მოთხოვნის თანახმად, ”ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის სადავო მუხლი მართლაც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, კანონიერი მესაკუთრეები აბსოლუტურად დაუცველნი რჩებიან - სამართლებრივი ბერკეტების გარეშე:

”ასეთი შემთხვევები ძალიან იყო მომრავლებული, როდესაც, მაგალითად, ტაქსისტის კლიენტი გადაზიდავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ვთქვათ, ამ დროს მას დააკავებდა პოლიცია. მაგრამ მძღოლისთვის ხდებოდა ამ შემთხვევაში ავტომანქანის ჩამორთმევა, რადგანაც ეს ავტომანქანა იყო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული. ასეთი შემთხვევები ძალიან იყო გახშირებული, როდესაც კეთილსინდისიერი მესაკუთრე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენასთან, კარგავდა თავის საკუთრებას”.

და თუკი კვლავ სახალხო დამცველის 18 თებერვლის განცხადებას დავუბრუნდებით, ომბუდსმენის აზრით, ”მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი არ შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ამკრძალავ პირდაპირ დებულებას, მთლიანი ინსტიტუტი (არამესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა) არაკონსტიტუციურია, რადგან მესაკუთრეს არ უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურული გარანტიებით - სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი საკუთრების უფლება”.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაინახავს კავშირს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილსა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილს შორის, ომბუდსმენის სარჩელის საფუძველზე, დაიწყება საკითხის არსებითი განხილვა. სასამართლოს ამისათვის 9-თვიანი ვადა აქვს, გაგრძელების პერსპექტივით.
XS
SM
MD
LG