Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხანძრეთა შიმშილობის მე-7 დღე და პროფკავშირის როლი


მეშვიდე დღეა თბილისში 20 მეხანძრე-მაშველი შიმშილობს მოთხოვნით, გადადგეს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. მოშიმშილეები თემურ გიორგაძეს ზეწოლასა და არასამსახურებრივი დავალებების მიცემაში ადანაშაულებენ. მათ მხარს უჭერს გაერთიანებული პროფკავშირი. სწორედ ამ ორგანიზაციას ადანაშაულებს, თავის მხრივ, თემურ გიორგაძე მეხანძრეთა მართვაში. რას პასუხობს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგაძის ბრალდებებს?
საბურთალოს ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის წინ, ტროტუარზე, ლითონის კასრში დანთებულ ცეცხლზე მოშიმშილე მეხანძრეები ხელებს ითბობენ. რამდენიმე ტომარა შეშაც სამი კარვის სიახლოვეს უწყვიათ. შიმშილობის მეშვიდე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ერთი მაშველი გამოაკლდათ. მან შიმშილობის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით სახლში წაიყვანეს, გვეუბნება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მეხანძრე-მაშველი გიორგი დიასამიძე და შიმშილობის დაწყების მიზეზებსაც გვიხსნის:

„დარიცხულ პრემიებს მეხანძრე-მაშველებს უკან სძალავდნენ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი მისი (თემურ გიორგაძის) დისშვილი ლევან ჩხიკვაძეა, რომელსაც ღიად ადებენ ხელს ჩვენთან ერთად მყოფი მოშიმშილე ადამიანები, რომელთაც ეყოთ გამბედაობა და ვაჟკაცობა და თქვეს მის დანაშაულებრივ ქმედებებზე“.

გიორგი დიასამიძის სიტყვებით, კვარტალში ერთხელ გამოწერილი პრემიის უკან დაბრუნების მოთხოვნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის მიერ ჩადენილ დანაშაულთაგან მხოლოდ ერთია. გიორგი დიასამიძის თქმით, გიორგაძე თანამშრომლებს აიძულებდა მისი პირადი საქმეები ეკეთებინათ, მაგალითად, იყენებდა მათ აგარაკისა და თემქაზე მდებარე სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის.

მაშველი ბესიკ გოგრიჭიანი, რომელიც თავის 18 კოლეგასთან ერთად შიმშილობს, ამბობს, რომ რამდენიმე ხნის წინ მათ სამსახურის უფროსთან, თემურ გიორგაძესთან, საქმის გარკვევა სცადეს, აუხსნეს, რა პროლემები ჰქონდათ, მაგრამ საქმის მოგვარების ნაცვლად გიორგაძემ მათი დევნა დაიწყო:
„იმის მაგივრად, რომ მოეგვარებინა, ადგა და დევნა დაგვიწყო, იგივე პროფკავშირული ნიშნით. კაბინეტებში იბარებდა ხალხს და ეუბნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ პროფკავშირში გაწევრიანდები, ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნება და გაგიშვებთ სამსახურიდანო“.

ამ ბიჭებს ჩავყვებით კუბოს ფიცრამდე და შენ პრობლემებს კი არ შეგიქმნით - უბრალოდ, სარკე გექნება, ჩაიხედავ ამ სარკეში და დაინახავ შენს ხალხს რა აწუხებსო. წარმოუდგენელია, თუ ადამიანმა თვითონ არ გამოავლინა ნება და პროფკავშირი არ შექმნა, რომ შენ მიერ შექმნილმა პროფკავშირმა სარკეში ჩაგახედოს-მეთქი...
ირაკლი პეტრიაშვილი
ბესიკ გოგრიჭიანის მიერ ნახსენები პროფკავშირის თემა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებსა და თემურ გიორგაძეს შორის დაწყებული უთანხმოების, შეიძლება ითქვას, საკვანძო საკითხია. მოშიმშილეების თქმით, ერთი წლის წინ, როცა მათ დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა გადაწყვიტეს, თემურ გიორგაძისგან წინააღმდეგობას წააწყდნენ. თანახმად გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისა, რომელსაც თემურ გიორგაძე, თავის მხრივ, მაშველთა მართვასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს, როცა ასზე მეტმა თანამშრომელმა პროფკავშირის შექმნა მოინდომა, გიორგაძე მას, პეტრიაშვილს, დაჰპირდა, რომ მთელ კოლექტივს, ანუ 1200 ადამიანს, გააწევრიანებდა პროფკავშირში, თუკი მას გიორგაძის სასურველი პირი უხელმძღვანელებდა. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, ამ გარიგებაზე ვერ დავთანხმდებოდიო და თემურ გიორგაძესთან მაშინდელ საუბარს იხსენებს:

„ამ ბიჭებს ჩავყვებით კუბოს ფიცრამდე და შენ პრობლემებს კი არ შეგიქმნით - უბრალოდ, სარკე გექნება, ჩაიხედავ ამ სარკეში და დაინახავ შენს ხალხს რა აწუხებსო. წარმოუდგენელია, თუ ადამიანმა თვითონ არ გამოავლინა ნება და პროფკავშირი არ შექმნა, რომ შენ მიერ შექმნილმა პროფკავშირმა სარკეში ჩაგახედოს-მეთქი. მე მეგონა, რომ ტელევიზორიდან რასაც ვუყურებდი, ასე ვთქვათ, გულწრფელი ადამიანია და ჰქონდა რაღაც გადაცდომები და ამ გადაცდომებს რაღაცნაირად გამოასწორებდა ამ ბიჭების მეშვეობით, რეალური პროფკავშირების მეშვეობით“.

როგორ უნდა მიუტანოს მეხანძრეს ვინმემ ფული, რომ მე ამომიტანოს მერე? ჩემ დისშვილზე ამბობენ, რომ მე ვავალებდი და მოჰქონთა ჩემთან თურმე. ნუ, ახლა, იმდენად აბსურდი და სისულელეა, რომ ამაზე პასუხის გაცემაც არ მინდა ხოლმე...
თემურ გიორგაძე
გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამის შემდეგ თემურ გიორგაძემ პროფკავშირში გაწევრიანებულ თანამშრომლებზე ზეწოლა დაიწყო.

თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მოშიმშილე მეხანძრეების მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და მოუწოდებს მათ საკითხი სასამართლოს გზით გადაწყვიტონ.

„როგორ უნდა მიუტანოს მეხანძრეს ვინმემ ფული, რომ მე ამომიტანოს მერე? ჩემ დისშვილზე ამბობენ, რომ მე ვავალებდი და მოჰქონთა ჩემთან თურმე. ნუ, ახლა, იმდენად აბსურდი და სისულელეა, რომ ამაზე პასუხის გაცემაც არ მინდა ხოლმე, მაგრამ რადგან იწყება საუბარი ... „ატკატებიო“... რას ჰქვია „ატკატები“? მაგას დამადასტურებელი მტკიცებულებები სჭირდება და მაგ ცილისწამების გულისთვის აგონ პასუხი მერე. აბა, ერთი დაამტკიცონ, რას ჰქვია „ატკატები“... ახლა დგას განაწყენებული ერთი-ორი ადამიანი და იძახის, მე მაქვს მიტანილიო და, პირიქით, მაგათ კოლეჯის და ქირის ფულის გადასახდელად პრემიებს აძლევდნენ...სასამართლო აგერ არის, შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და იქ სასამართლო იმსჯელებს და რა პრობლემაა?“

მოშიმშილე მეხანძრეები, თავის მხრივ, თემურ გიორგაძის გადადგომამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი თქმით, საკითხით საგამოძიებო ორგანოებიც დაინტერესდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG