Accessibility links

logo-print
რუსეთში გამოსული გაზეთების დიდმა ნაწილმა ყურადღება დაუთმო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას. „საქართველოს პოლიციის რეფორმატორმა ხუთწლიანი პატიმრობა მიიღო“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ამომრჩევლის მოსყიდვაში, სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში.

„ესაა პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დაშლაა“, უთქვამს რუსული გამოცემისათვის ვანო მერაბიშვილის ადვოკატს. „ვედომოსტი“ მკითხველს ასევე შეახსენებს, რომ შარშან საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ ვენდეტაზე უარის თქმისკენ მოუწოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ. დაპატიმრებების დაწყებისას შერჩევითი სამართლის ნეგატიური ასპექტები შეახსენეს ოფიციალურ თბილისს ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ევროპელმა დიპლომატებმა, თუმცა, როგორც „ვედომოსტის“ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მკვლევარმა დმიტრი სუშენცოვმა განუცხადა, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი დევნა ნეგატიურ ასახვას არ პოვებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება. კარნეგის ცენტრის მკვლევარი ანდრეი მალაშენკო კი დარწმუნებულია, რომ ასეთ საქმეებში ყოველთვის არსებითია პოლიტიკური შემადგენელი, თანაც, ახალი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს თავისი ძალა, ასე რომ, მალაშენკოს ვარაუდით, დაკავებები კიდევ იქნება, მით უფრო, რომ ევროკავშირი გაგებით ეკიდება მსგავს სასამართლო პროცესებს.

გაზეთი „იზვესტია“ კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმებზე წერს. რუსული გამოცემის ცნობით, ოფიციალურ თბილისს ევროკავშირი აფრიკულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. ლაპარაკია ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში ქართველი ქვეითების, მესანგრეებისა და სამხედრო ექიმების შესაძლო გაგზავნის შესახებ. შეთავაზების მიღების შემთხვევაში, საქართველოსათვის აფრიკული მისია იქნება სადებიუტო ევროკავშირთან სამხედრო ურთიერთობის სფეროში. 2013 წელს საქართველომ ასევე მიიღო შეთავაზება, შეერთებოდა ევროკავშირის სამხედრო მისიას მალიში, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა.

რუსულმა გამოცემამ კომენტარი სთხოვა საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს ვლადიმერ იმნაძეს, რომელიც ადრე საქართველოს გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. იმნაძის თქმით, აფრიკაში სამხედროების გაგზავნა საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს, თუმცა გასათვალისწინებელია ნეგატიური მომენტებიც: „ჩვენი სამხედროების მივლინების საკითხი უნდა გადაწყდეს საფუძვლიანი ანალიზის შედეგად. ქართველ სამხედროებს აქვთ ერაყსა და ავღანეთში ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ აფრიკა მაინც სულ სხვაა. რადიკალურად განსხვავებული პირობები და ამოცანებია. გარდა ამისა, ჯარის მშენებლობისას არ შეიძლება აქცენტის გაკეთება მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე“.

„იზვესტიის“ ცნობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1600 ფრანგი ჯარისკაცი და რამდენიმე ათასი აფრიკელი მშვიდობისდამცველია განთავსებული. საფრანგეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის კონტინგენტის შემადგენლობა 500 სამხედროთი განისაზღვრება.

„კმარა გავლენის სფეროებზე მსჯელობა“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კეტრინ ეშტონი წერილს, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილის პასუხად გაზეთ „კომერსანტში“ დაიბეჭდა. ეშტონი კრიტიკულად აფასებს სერგეი ლავროვის აზრს, რომლის თანახმადაც, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა გარკვეულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. წერილის მიხედვით, ევროკავშირი გაგებით ეკიდება რუსეთის სურვილს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს საბაჟო კავშირს, თუმცა იმასაც შენიშნავს, რომ პატივი უნდა სცენ ამა თუ იმ ქვეყნის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და რომ ქვეყნები არჩევანს ნებაყოფლობით უნდა აკეთებდნენ:

„ისტორია და გამოცდილება გვასწავლის, რომ გარედან ზეწოლა მიუღებელი და გაუმართლებელია. მას არ მოჰყვება გრძელვადიანი გადაწყვეტილება. სამიტის მსვლელობისას ამაზე გავამახვილეთ ყურადღება საქართველოსა და მოლდავეთთან ურთიერთობის კონტექსტში. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა ამის თვალსაჩინო დადასტურებაა. უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისი დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის მანძილზე“.
XS
SM
MD
LG