Accessibility links

logo-print
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს “ნამქერის” მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის, ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს “ნამქერი” გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს “ნამქერის” დისკვალიფიკაცია. ამით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი არსებითად დაირღვა.

19 თებერვალს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის – რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის - მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ადიგენის ყოფილ გამგებელს, მის მოადგილესა და კიდევ ერთ თანამშრომელს პროკურატურა სოფელ ბოლაჯურში გარე განათებისთვის ამორტიზებული ბოძების გამოყენებასა და დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ახალციხელები ბოლო პერიოდში თანამდებობის პირთა დაკავებებს არაერთგვაროვნად აფასებენ.

28 იანვარს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე - შპს „ადიგენი 2009“-ის დირექტორი ზაზა გიგოლაშვილი და საქმის გამომძიებელი გიორგი გვარამაძე - დაკითხა. 28 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ზურაბ ჩილინგარაშვილიც ესწრებოდნენ. ხელისუფლება ცდილობს ადიგენის გამგეობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დანიშნოს, აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ბრალმდებელი მხარის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება შეტანილი საჩივარი, რადგან ადიგენის ყოფილი გამგებელი უკანონოდ დააკავეს, – აცხადებს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

ეჭვმიტანილი სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ მას არაერთხელ შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება იმ პირობით, რომ თანამდებობას დატოვებდა. იმედი აქვს, რომ, უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობაზე მუშაობას ისევ გააგრძელებს.

ბრალდების მხარის განმარტებით, 19 თებერვლის სასამართლო პროცესზე დაახლოებით ათამდე მოწმე დაიკითხება. სიმონ პარუნაშვილსა და მის ყოფილ თანამშრომლებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.
XS
SM
MD
LG