Accessibility links

შოტლანდია: რას მოიტანს ასე „ნანატრი“ დამოუკიდებლობა?


შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ელექს სალმონდი

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ელექს სალმონდი

შოტლანდია წელს, 18 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმს მართავს. ამ დღეს შეიძლება ისტორია უკან დაბრუნდეს და შოტლანდიამ, ამჯერად უკვე ხალხის ნების შესაბამისად, აირჩიოს მომავალი - გახდეს ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ კვლავაც ბრიტანეთის ნაწილად დარჩეს. საქმე ისაა, რომ, სამართლებრივად, შოტლანდიის პარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, შოტლანდიის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღოს. ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, მიეღწიათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნისათვის, გადაწყდა, ბრიტანეთის პრემიერი და შოტლანდიის პრემიერი მორიგებულიყვნენ. 2012 წელს ასეც მოხდა: დევიდ კამერონმა და ელექს სალმონდმა რეფერენდუმის თაობაზე შეთანხმება გააფორმეს. თუ ოთხი მილიონი შოტლანდიელი დადებითად უპასუხებს შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებლი ქვეყანა, 2016 წელს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკილებლად გამოცხადდება. ფიქრობენ, რომ ამას ბრიტანეთისთვის შეიძლება დიდი ძვრები მოჰყვეს, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, და არამხოლოდ ამ სფეროში. ბრიტანეთის ფინანსთა უწყებების გამგებლებს მიაჩნიათ, რომ თუ დამოუკიდებელ შოტლანდიას სურს შეინარჩუნოს ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, როგორც ფულის ერთეული, მაშინ მისი ბიუჯეტი ლონდონში უნდა დამტკიცდეს.

შოტლანდიის პირველი მინისტრი, როგორც იქ უწოდებენ, ანუ პრემიერ-მინისტრი ელექს სალმონდი თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობის მომხრეა. როცა მან აბერდინში სიტყვა წარმოთქვა ბრიტანეთისგან შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე, გააკრიტიკა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნიც, რომელმაც განაცხადა, დამოუკიდებელი შოტლანდიის ფულის ერთეული გირვანქა სტერლინგი ვერ იქნებაო:

„არავინ, ვინც შოტლანდიის ისტორია ოდნავ მაინც იცის და შოტლანდიელების ხასიათს იცნობს, არ იტყოდა ისეთ რამეს, რაც გასულ კვირაში ფინანსთა მინისტრმა თქვა. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ არ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი ერთობლივად შექმნილ ქონებაზე, შეურაცხმყოფელიც არის და დამამცირებელიც. თუ გვეტყვიან, რომ არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია, შოტლანდიელებისგან უეჭველად გამოიწვევს პასუხს. ეს იქნება გადაჭრილი პასუხი და მოწინააღმდეგეთა კამპანიისთვის უსიამოვნო. ეს პასუხი იქნება: „დიახ, შეგვიძლია“, - თქვა სალმონდმა.

სამას შვიდი წელი გავიდა მას მერე, რაც 1707 წელს ორი სამეფო, ინგლისი და შოტლანდია, გაერთიანდა. ეს იყო იურიდიული აქტი, აღიარებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ. გაერთიანების აქტის შედეგად, შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა და, ასე ვთქვათ, ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში - ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატებში - შოტლანდიელებს, შესაბამისად, 45 და 16 წარმომადგენლის მივლინების უფლება მიენიჭათ. შეთანხმებით, შოტლანდიის ეკლესია დარჩა დამოუკიდებელი, სამოქალაქო სამართალსაც შოტლანდიური სისტემის მიხედვით უნდა ეარსება. სამასი წლის წინ შეუერთდა შოტლანდია აგრეთვე ბრიტანულ საბაჟო კავშირს და სავალუტო გაერთიანებას. ორმა სამეფომ გააერთიანა დროშაც. ინგლისურ „გიორგის ჯვრისა“და „ანდრიას ჯვრის“ დროშების შერწყმის შედეგად წარმოიშვა ბრიტანეთის ახლანდელი დროშა. მას მერე შოტლანდია ბრიტანეთის ნაწილია, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს თვითმყოფადობა. ამას შოტლანდიელები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს თავიანთი სახელმწიფო სიმბოლიკით, რაც კვლავაც ერთობ ძალიან ცოცხალია. წმინდა ანდრიას ორდენი, ნარშავის რაინდული ორდენი, ოფიციალურად ასე იწოდება: ყველაზე ძველი და ყველაზე კეთილშობილი ორდენი ნარშავისა. და არამარტო ეს. შოტლანდიური ჰერალდიკა ერთობ მდიდარია, ისევე როგორც მრავალფეროვანია ამ ნიშნების, გერბებისა და სიმბოლოების უკან მდგომი გაერთიანებები, ორდენები და დიდი და პატარა მასონური ლოჟები, რომელთა მიერ საკუთრივ კონტინენტზე უამრავი „ფილიალი“ ფუძნდებოდა. აი, მთელი ეს სამყარო ახლა, უკვე 21-ე საუკუნეში, მოქალაქეებს გამოკითხავს, სურთ თუ არა გამოეყონ სამსაუკუნოვანი კავშირის შემდეგ ბრიტანეთს. რეფერენდუმს არ ეხება, მაგრამ შოტლანდიაში არიან ძალები, რომლებიც, ამავე დროს, გამოყოფის, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ევროკავშირში შესვლას ესწრაფვიან. სხვათა შორის, შოტლანდია უფრო „ევროპულად“ ითვლება, ვიდრე ინგლისი. თუმცა ამას სხვაგვარად უყურებენ ევროკავშირის ლიდერები. მაგალითად, ევროკომისარი ჟოზე მანუელ ბაროზუ შოტლანდიას კოსოვოს ადარებს და ამბობს, ორივე სხვა, უკვე არსებული სახელმწიფოსგან გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი ქვეყანა იქნება და მათი ევროკავშირში გაწევრიანება სადავო გახდება, ყველა წევრი არ მიემხრობაო. მან მაგალითად დაასახელა ესპანეთი, რომელმაც კოსოვო სწორედ ამ მიზეზით არ აღიარა. საპასუხოდ ელექს სალმონდმა შემდეგი განაცხადა:

„გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრები იღებენ, მაგრამ შოტლანდიის დემოკრატიული ნების არაღიარება მთელი ევროკავშირის იმ იდეალის უარყოფა იქნებოდა, რომელიც გაწევრიანების სურვილის დემოკრატიულ გამოხატვას გულისხმობს. შოტლანდიისთვის ხელის შეშლა უფრო დიდი და საფუძვლიანი გამოწვევა იქნება ევროპის მთლიანობისთვის, ვიდრე ბრიტანეთის გამოსვლის საფრთხე. ამიტომ, ცხადია, არც ერთ წევრ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ ხელს შეუშლის შოტლანდიის წევრობას“.

დღემდე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჯერჯერობით დამოუკიდებლობის მომხრეთა წილი ნახევარზე ნაკლები რჩება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG