Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება თუ თვითაფეთქება?


აფეთქება თუ თვითაფეთქება? ორი დღეა ცხინვალში ეს კითხვა ისმის და არ წყდება დისკუსია ადგილობრივ საზოგადოებაში. კვირას, დაახლოებით დილის 7 საათზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის ეზოში აფეთქება მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. კვირასვე ლეონიდ თიბილოვმა უშიშროების საბჭო შეკრიბა და სამართალდამცავებს ამ საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოსთხოვა. პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. სამართალდამცავების კვალიფიკაციით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას. თუმცა ცხინვალში ამ საქმის თაობაზე სკეპტიკოსები ჭარბობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს იყო თვითაფეთქება, წინასწარ დადგმული სცენა ყურადღების მისაქცევად.

ამ დღეებში ჩვენი რადიოს ჟურნალისტმა ცხინვალის ქუჩებში ამ თემაზე არაერთი მოსაზრება მოისმინა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩოჩიევის ეზოში ხელყუმბარის ამფეთქებლის ძებნა უშედეგო იქნება, რადგან იგი თავად ჩოჩიევის ბრძანებას ასრულებდა. ცხინვალელები გასულ წლებში მომხდარ არაერთ ანალოგიურ შემთხვევას იხსენებენ, როცა თითქოს პოლიტიკურ პირზე თავდასხმა ხდებოდა, მაგრამ საქმეები გაუხსნელი რჩებოდა. მაგალითად, 2008 წლის თებერვალში მმართველი პარტიის ლიდერის ზურაბ კოკოევის მანქანა დაიწვა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა მანქანაში ცეცხლმოკიდებული ბენზინიანი ბოთლი შეაგდეს. იმდროინდელი ვერსიით, ეს ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად იყო გამიზნული. თუმცა ცხინვალელების ნაწილისთვის ეს ვერსია დაუჯერებელი აღმოჩნდა და მას საკუთარი ვერსია დაუპირისპირეს. მათი აზრით, კოკოევი ძველი „ნივის“ მარკის მანქანით დაიღალა და ამ გზით გადაწყვიტა ახალი სამსახურებრივი ავტომობილის მიღება. 2011 წლის დეკემბერში იმდროინდელი გენერალური პროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის ბინას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. მაშინაც არავინ დაშავებულა, არც საქმე გახსნილა, პროკურორს კი მეტსახელად ცხინვალელებმა პიროტექნიკოსი უწოდეს. 2012 წლის სექტემბერში ასევე დაუჯერებლად მიიჩნია საზოგადოების ნაწილმა დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ გასეევზე თავდასხმა. სახელმწიფო მოხელეებზე ამ თავდასხმებს ბორის ჩოჩიევზე თავდასხმაც მიემატა, მაგრამ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ამასაც სპექტაკლის ნაწილად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ცხინვალელი მოქალაქე, ანონიმურობის გარანტიით, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ჩოჩიევის პიარის ნაწილია:

„ნდობა იკარგება. ყოველ ჯერზე გეჩვენება, რომ ეს მორიგი პიარია ჩინოვნიკისა, რომელსაც სურს ვიღაცას დაანახვოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავს ესხმიან, რადგან მუშაობს და ვიღაცის წინააღმდეგაც კი წავიდა. მაგრამ ამის არავის სჯერა, რადგან, მიზანი რომ მართლაც ეს იყოს, შეასრულებდნენ“.

ცხინვალელ ბლოგერს ალან ფარასტაევსაც ეჭვი შეაქვს ადგილობრივ მოხელეებზე თავდასხმების სერიოზულობაში. მისი აზრით, ეს ხმამაღალი და სკანდალური ისტორიების ერთგვარი მოდაა:

„ალბათ, თავის ხალხს სათანადოდ ვერ აფასებენ. ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა არა აქვთ და ფიქრობენ, რომ რაღაც შთაბეჭდილებას მოახდენენ მასებზე, რომელთა შესაძლებლობებზეც რატომღაც შეზღუდული წარმოდგენა აქვთ. სინამდვილეში, ხალხი უკვე პოლიტიკურად განათლებულია და მასთან ასეთი ფოკუსები არ გადის“.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამ ამბის ორ ვერსიას ავითარებს. მისი აზრით, ცხინვალში ადგილობრივ მოსახლეობაში იმდენი იარაღია თავმოყრილი, რომ გამორიცხული არ არის რომელიმე უკმაყოფილო ადამიანს ეს ნაბიჯი მართლაც გადაედგა. მეორე ვერსიით კი, თიბილოვის ხელისუფლების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ უკვე თვითაფეთქებებით ცდილობენ მტრის ხატის შექმნას და საარჩევნო პიარის დაწყებას.

რაც შეეხება თვითონ ბორის ჩოჩიევს, იგი დიდი ხანია მაღალ თანამდებობებზე მუშაობს. ედვარდ კოკოითის პრეზიდენტობის დროს ჯერ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი - პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში. სხვათა შორის, კომისიის თანათავმჯდომარეობის დროს მისი მოადგილე ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იყო. თიბილოვის გამარჯვების შემდეგ ჩოჩიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დე ფაქტო რესპუბლიკის ფაქტობრივი მმართველიც გახდა. იგი ცხინვალში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა, თუმცა, ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, ბოლო დროს, მთავრობის დათხოვნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩიევი თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კრემლში უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება. თიბილოვი ერთგულ მეგობარს გვერდიდან არ იშორებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩოჩიევს ბევრი მტერი ჰყავდეს, მაგრამ ადგილობრივი ანალიტიკოსები მაინც ფიქრობენ, რომ ამ დადგმული აფეთქებით ჩოჩიევმა კრემლის ყურადღების მიქცევა განიზრახა.
XS
SM
MD
LG