Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა


„საქართველოს ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თბილისში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომლის ორგანიზტორები არიან საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა, სინამდვილეში ეს არ ხდებოდა და მთავრობა უხეშად ერეოდა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიღო. „მათ თავი მოსწონდათ ციფრებით, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ზრდას გამოხატავდა, რეალურად კი ეკონომიკური ზრდა არ აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე” - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ოჯახს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ამოცანად დაასახელა შექმნა ბიზნესის წარმოების ისეთი გარემოსი, სადაც ყველა მეწარმე ერთნაირ წესებს დაემორჩილება. გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია ინკლუზიური ზრდის მიღწევა. "ამისათვის კი საჭიროა მრავალი რეფორმის განხორციელება და აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ვისარგებლოთ საერთაშორისო გამოცდილებით, რათა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებული რეფორმები და ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური გავხადოთ“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG